მას შემდეგ, რაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი თემურ ქეცბაიამ დატოვა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცი გიორგი დევდარიანი ქეცბაიას ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრება.
"მსოფლიო სპორტი" გიორგის დაუკავშირდა და საქართველოს ნაკრების თამაშზე, ქეცბაიას გადაწყვეტილებასა და ეროვნულ ნაკრებში მის შესაძლო დანიშვნაზე ესაუბრა.
გიორგი დევდარიანი: ახლა მწვრთნელები პრო-ლიცენზიის სემინარზე ვართ შეკრებილები და ყველა ერთ აზრზე ვართ. ჩვენდა სამწუხაროდ, მწვრთნელი საქართველოში ყოველთვის “დაბალი ღობეა”. უშეცდომო არავინაა და ჩვენ მწვრთნელებიც ვუშვებთ გარკვეულ შეცდომებს. პოლონეთთან თამაშიდან გამომდინარე ვიძახი, რომ მთელი პასუხისმგებლობის მწვრთნელზე გადაბრალება, არამგონია სწორი იყოს. პირველი ტაიმი ქართველებმა ნორმალურად ჩაატარეს, გვქონდა მომენტებიც და ვერ ვიტყოდით, რომ საბოლოოდ ასეთი შედეგი დაფიქსირდებოდა. გუნდის წარუმატებლობა კი მწვრთნელზე გადატყდა. პასუხისმგებლობა ზოგჯერ ფეხბურთელებმაც უნდა იგრძნონ. მოთამაშეების 99%-მა, რომლებმაც უცხოეთში გააღწიეს, პირიქით რეგრესი განიცადეს. სადღაც წავიკითხე, რომ 17 და 19-წლამდე ჩვენ ფეხბურთელებს ვწურავთ და შემდეგ მათ განვითარების შანსი არ აქვთ. ტალანტების მხრივ, ჩვენ ნაკრებს უფრო კარგად უნდა ეთამაშა, მაგრამ არაა პროფესიონალური მიდგომა ფეხბურთის მიმართ. მოედნაზე ვნახეთ 7-8 ფეხბურთელი, რომელთაც სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ, პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, მეორე 45 წუთში ძალა აღარ ჰქონდათ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.
- ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან თემურ ქეცბაია გადადგა, როგორ ფიქრობთ, რამდენად ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო?
- მისი გადაწყვეტილება აბსოლიტურად ლოგიკურად მიმაჩნია. მის ადგილზე მეც მსგავსად მოვიქცეოდი, შეიძლება ცოტა უფრო ადრე. ეს კაცი არ დაიკარგება, კარიერას წარმატებულად გააგრძელებს, საკითხავი კი ისაა, ჩვენ რა გვეშველება.
- გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთ კანდიდატად თქვენც მოგიხსენიებთ, ფედერაციის მხრიდან დანტერესების შემთხვევაში დათანხმდებით თუ არა ასეთ შემოთავაზებას?
- პირველ ყოვლისა დიდი მადლობა მინდა მოვახსენო იმ გულშემატკივრებს, რომლებმაც მთავარი მწვთნელობის ერთ-ერთ კანდიდატურად მიმიჩნიეს. თუმცა, რომ მკითხონ, ქართულ ფეხბურთს ჩემი მუშაობა იქ წაადგება, სადაც ახლა ვარ. ვთვლი, რომ გია გეგუჩაძე იმსახურებს მთავარი მწვრთნელის პოსტს. იმსახურებს და მას დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი, მივიღებდი მისგან ცოდნას, ჩემ კონტაქტებსაც და ცოდნასაც გამოვიყენებდი და პასუხისმგებლობას არ გავექცეოდი.