ფეხბურთი

16:30 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

შოთა არველაძე: “ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი დანიშვნა გამორიცხულია”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვაკანტურია. პოლონეთთან წაგებული (0:4) შეხვედრა თემურ ქეცბაიასთვის “ჯვაროსანთა” თავკაცის პოსტზე ბოლო აღმოჩნდა.

თუ ვინ შეცვლის მას, ჯერჯერობით უცნობია. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, თუმცა გარკვეული არაფერია.

ნაკრების ირგვლივ არსებული მდგომარეობის შესაფასებლად “მსოფლიო სპორტი” “ქასიმფაშას” ქართველ თავკაცს შოთა არველაძეს თურქეთში დაუკავშირდა.

- საინტერესოა ეროვნულ ნაკრებში თემურ ქეცბაიას 5-წლიანი მოღვაწეობის თქვენეული შეფასება.

- რა ანალიზი უნდა გავუკეთო იმ შედეგს, რაც არის. მიმდინარე შესარჩევ ტურნირში 4 თამაში ვითამაშეთ, აქედან 3 წავაგეთ. მთლიანობაში შეფასებას რაც შეეხება, თუ პირდაპირი პასუხი გაინტერესებთ – ნაკრებში მთავარი შედეგია, ამიტომაც ქეცბაიას შედეგები უარყოფითია, თუმცა ეს თემურის შრომისუნარიანობას არ წონის, უბრალოდ ხანდახან სწორ ფორმას უბრალოდ ვერ პოულობდა. ის ჩამოვიდა სახელმწიფო პროგრამით - ამას უნდა მოჰყოლოდა ინვესტიცია ბავშვთა ფეხბურთში, სტადიონი ბათუმში და კიდევ ბევრი რამ, თუმცა არაფერი შესრულებულა, გარდა ქეცბაიას მწვრთნელობისა. ამიტომ არ მიკვირს, როცა ქეცბაია კი არ იშველიებს, უბრალოდ ჟურნალისტებს ანალიზს სთხოვს.

5 წლის განმავლობაში ერთხელ ვნახე, რომ ნამდვილი ცენტრფორვარდით ითამაშა გუნდმა, პოლონეთთან მჭედლიძეს ვგულისხმობ, სანამ შეეძლო მოედანზე იყო. პოლონეთი სულაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი, ჩემი აზრით, იმ ბულგარეთს არ ჩამოუვარდება ჩვენ რომ მოვუგეთ 1995 წელს. უბრალოდ ბიჭებს ჯანი არ ეყოთ. მთლიანობაში, ნაკრებს ჰქონდა პოტენციალი უფრო შემტევი ფეხბურთი ეთამაშა, მაგ: საყრდენად კობახიძის დაყენება და ა.შ. მაგრამ ზოგს თავის შეხედულება აქვს, ზოგს თავისი. კაპელოს “რეალში” შედეგი ჰქონდა, თუმცა სათამაშო სტილის გამო მაინც გაუშვეს. მე მაგალითად მირჩევნია 2:4 წავაგო ან 2:5. დაცვითი იყო გუშინდელი ფეხბურთი, მაგრამ მაინც 4 გოლი გავუშვით. სკოლაში ზოგი იზეპირებს, ზოგი იქვე გაკვეთილზე იღებს ცოდნას და 4-იანს უწერენ, ასეა ფეხბურთშიც, ზოგი ვარჯიშზე მაქსიმუმს აჩვენებს, მაგრამ თამაშზე ეს არ გამოდის. ძალიან მინდოდა, რომ ქეცბაიას ნაკრებში წარმატებისთვის მიეღწია და ცუდია, რომ ასე დამთავრდა მისი მუშაობა, თუმცა მან დიდი გამოცდილებაც მიიღო.

-რამდენიმე წლის წინ იყო საუბარი ეროვნული ნაკრების თავკაცად თქვენი შესაძლო დანიშვნის თაობაზე. ახლა რამდენად რეალურია ეს ყველაფერი?

-ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჩემი დანიშვნა გამორიცხულია.

-რამდენიმე ქართველ სპეციალისტთან ერთად ბოლო დღეებში აქტიურად სახელდება კახა ცხადაძის კანდიდატურაც. რას ფიქრობთ ამის შესახებ?

-ყველა გაანალიზებული და მოფიქრებული გადაწყვეტილება იქნება სწორი. ასე იყო ქეცბაიას დანიშვნის შემთხვევაშიც, უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვი, არ შესრულდა ყველა ის გეგმა, რაც დასახული იყო. ამას სჭირდება ფეხბურთის განვითარების პროგრამა. დღეს, რუმენიგე ამბობდა, მადლობელი ვარ იმ სახელმწიფო პროგრამების, რომლებმაც მოგვცა საშუალება უცხოელი სპეციალისტები ჩამოგვეყვანაო... კიდევ ვიმეორებ, ყველა დაფიქრებული გადაწყვეტილება იქნება სწორი.

0.124252