საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთაფრიკული მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი დღე უმედლოდ ჩაამთავრა. საქმეში გია გუგავას 15-კაციანი შემადგენლობის ბოლო 4 წევრი ჩაერთო და შედარებით შედეგიანად ლევან მატიაშვილმა (+100 კგ) იჭიდავა.
ევროპის მოქმედი ვერცხლის პრიზიორი ტურნირში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო და ეგვიპტელი მაისარა ელნაგარი იპონით ჩამოიცილა, მერე კი, რუს ანტონ კრივობიკოვთან დასანანი მარცხი იწვნია. შეხვედრის ბედი ერთმა იუკომ გადაწყვიტა, რომელიც კრივობოკოვმა შეხვედრის ბოლოს, მატიაშვილის გაპასიურების ხარჯზე მოიპოვა. რეპეშაჟის ნახევარფინალში, ქართველისა და გერმანელი სვენ ჰაინლის დაპირისპირება ოქროს დროში გადავიდა, სადაც მომგებიანი გდება ჰაინლიმ შეასრულა და ლევან მატიაშვილი ჩემპიონატის მე-7 ადგილს დააჯერა.
მძიმე წონაში, საქართველოს სახელით უშანგი კოკაურმაც იჭიდავა, მაგრამ წლევანდელი ევროპირველობის მსგავსად, შეჯიბრებას ამჯერადაც საწყისი ეტაპიდან გამოეთიშა, ოღონდ თუ მაშინ მისი მძლეველი – ავსტრიელი დანიელ ალერშტორფერი ევროპის მომავალი ჩემპიონი აღმოჩნდა, ამჯერად ფრანგმა ნაბილ ზალაგმა ჩემპიონატზე მხოლოდ ქართველის ძლევა შეძლო.
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იაპონიის ჰიმნით დაგვირგვინდა. მძიმეწონოსანი ტაკეში ოჯიტანი მეხუთე აღმოჩნდა თავის გუნდში, ვინც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ძიუდოს ფუძემდებელი ქვეყნის ნაკრებმა გოგონათა შორის კიდევ უფრო გვარიანი უპირატესობით იმარჯვა. თუ ვაჟები 8 წონიდან სამში დარჩნენ ოქროს გარეშე, გოგონებმა შვიდ წონაში იჩემპიონეს და მხოლოდ ერთი ჩააგდეს.
100 კილოგრამი ის წონითი კატეგორია იყო, რომელშიც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ ევროპირველობაზე ნაჭიდავები შემადგენლობა მთლიანად შეცვალა - გიორგი ცნობილაძე და ელგუჯა ბიბილაშვილი გურამ თუშიშვილითა და დავით მერაბიშვილით ჩაანაცვლა. განსაკუთრებით საინტერესო ახალგაზრდულ გუნდში თუშიშვილის გამოჩენა იყო. ამ ბიჭმა მიმდინარე სეზონში ჭაბუკებში იჭიდავა და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა. უფროსებთან ჭიდილში კი თანატოლ ბექა ღვინიაშვილისგან (81 კგ) განსხვავებით, არაფერი გამოუვიდა. ამაში მნიშვნელოვანწილად უიღბლო წილისყრამაც შეუშალა ხელი – პირველსავე წრეში წლევანდელი ახალგაზრდული ევროპირველობის ჩემპიონთან, იტალიელ დომენიკო დი გუიდასთან დამარცხდა. ამ უკანასკნელის გამჩერებელი ფინალამდე არავინ გამოჩნდა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი გახდა.
დავით მერაბიშვილიც ერთადერთხელ გავიდა ტატამზე – პირველსავე წრეში ეგვიპტელ მუჰამედ აბდელრაჰმანთან ვაზარით დამარცხდა.
3 ბრინჯაოს მედლის მომპოვებელმა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 62 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. პირველზე, რა თქმა უნდა, იაპონია გავიდა. ამ ქვეყნის გოგონათა და ვაჟთა ნაკრებების წარმატება ორმაგად დასაფასებელია, რადგან კონკურენტთაგან განსხვავებით, კეიპთაუნში ორივე სქესში მხოლოდ თითო შემადგენლობით ჩავიდნენ, მაშინ, როცა მათმა უმთავრესმა კონკურენტებმა ორ-ორი გუნდით იჭიდავეს. ვაჟთა გუნდურში მე-2 პოზიცია რუსეთს ერგო და ვფიქრობთ, წარმატების ფორმულა ამ შემთხვევაშიც იოლი გამოსათვლელია - ასაკობრივ ტურნირებში დაწესებული ასაკობრივი ცენზი რომ უფრო მკაცრად კონტროლდებოდეს, რუსეთს და არა მარტო მათ, განსხვავებული შემადგენლობების დაყენება მოუწევდათ.
ძიუდო
მსოფლიოს ჩემპიონატი. ახალგაზრდები
კეიპთაუნი
3-6 ნოემბერი
ვაჟები
55 კგ
1 სახავატ გაჯიევი (რუსეთი)
2 სერიკტაი ზაკეტაიევი (ყაზახეთი)
3 გიორგი მესაბლიშვილი (საქართველო)
3 გერტ მაესი (ბელგია)
60 კგ
1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)
2 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)
3 ალან კუვაბარა (ბრაზილია)
3 იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი)
66 კგ
1 შო ტატეიამა (იაპონია)
2 მაგომედ ახმაროვი (რუსეთი)
3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3 დონგკიო ლი (სამხრეთ კორეა)
73 კგ
1 შოჰეი ონო (იაპონია)
2 აზიზ კალკამანული (ყაზახეთი)
3 ჰაე იო იუნგი (სამხრეთ კორეა)
3 ვლადიმირ ზოლოევი (რუსეთი)
7 მიხეილ ჩოხელი (საქართველო)
81 კგ
1 გოკი მარუიამა (იაპონია)
2 ალბერტ კოსტოევი (რუსეთი)
3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)
3 ხავამბაი ხოვდალი (ყაზახეთი)
90 კგ
1 კაზბეკ ზანკიშიევი (რუსეთი)
2 ჰუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)
3 ბენ ფლეჩერი (ბრიტანეთი)
3 სტანისლავ რეტინსკი (უკრაინა)
100 კგ
1 ხოსე არმენტეროსი (კუბა)
2 დომენიკო დი გუიდა (იტალია)
3 ტაკუმი ასანუმა (იაპონია)
3 ალხან ძარმოტოვი (რუსეთი)
+100 კგ
1 ტაკეში ოჟიტანი (იაპონია)
2 გუამ ჩო (სამხრეთ კორეა)
3 სვენ ჰაინლე (გერმანია)
3 ანტონ კრივობოკოვი (რუსეთი)
7 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
გუნდური ჩათვლა. ვაჟები
| 1 | იაპონია | 5 | 0 | 1 | 1 | 0 |
| 2 | რუსეთი | 2 | 3 | 3 | 2 | 1 |
| 3 | კუბა | 1 | 0 | 0 | 0 | 0 |
| 4 | სამხრეთ კორეა | 0 | 2 | 2 | 1 | 0 |
| 5 | ყაზახეთი | 0 | 2 | 2 | 1 | 0 |
| 6 | იტალია | 0 | 1 | 0 | 0 | 0 |
| 7 | საქართველო | 0 | 0 | 3 | 0 | 2 |
| 8 | ბრიტანეთი | 0 | 0 | 1 | 1 | 0 |
| 8 | გერმანია | 0 | 0 | 1 | 1 | 0 |
| 10 | ბელგია | 0 | 0 | 1 | 0 | 2 |
| 10 | უკრაინა | 0 | 0 | 1 | 0 | 2 |
ოთარ მაღლაკელიძე







