ფეხბურთი

16:44 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზაურ ხაპოვი: ბავშვობიდან თბილისის “დინამო” მომწონდა
ქართული კლუბის ყაბარდოელ მეკარეს 50 წელი შეუსრუდა

ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრებისთვის კარგადაა ცნობილი ყაბარდოელი მეკარის ზაურ ხაპოვის გვარი. ნალჩიკში დაბადებულ და გაზრდილ ზაურ ხაპოვს რამდენიმე გუნდში მოუწია თამაში: 1981-82 წწ. ზაური ნალჩიკის “სპარტაკის” რიგებში თამაშობდა, შემდეგი ორი წელი იყო როსტოვის ასკ-ში, 1985-96 წწ. კვლავ იცავდა ნალჩიკის “სპარტაკის” კარს. 1987 წელს გადავიდა მოსკოვის “სპარტაკში”, 1988 წელს მოსკოველებმა იჯარით გაუშვეს იაროსლავლის “შინიკში”, საიდანაც ის მიიწვიეს თბილისის “დინამოში”. 1988-1989 წლებში თბილისის “დინამო” სსრკ ჩემპიონატში გამოდიოდა, გუნდის მთავარი მეკარე იყო სახელოვანი და გამოცდილი გოლკიპერი ოთარ გაბელია, ზაური კი გუნდის მეორე მეკარე გახლდათ. იმ დროს მას იშვიათად უწევდა ძირითად შემადგენლობაში გამოსვლა, თუმცა იმ მატჩებში, რომლებშიც ზაური იცავდა დინამოელთა რიგებს, სტაბილურა თამაშობდა. 1990 წელს, როცა დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი, ოთარ გაბელია გახდა ზუგდიდის “ოდიშის” მთავარი მწვრთნელი, თბილისის “დინამოში” (1990-91 წწ. “დინამოს” ერქვა “იბერია”) ძირიათადი მეკარე ზაურ ხაპოვი იყო, 1990 წელს ზაური გახდა საქართველოს ჩემპიონი. 1991-1999 წლებში ის იცავდა ვლადიკავკაზის “ალანიის” ღირსებას, 1995 წ. გახდა რუსეთის ჩემპიონი, 2000-2005 წწ. თამაშობდა მოსკოვის “ლოკომოტივში”. კარიერის დასრულების შემდგ მოსკოვში დაამთავრა მწვრთნელთა უმაღლესი სკოლა. ბოლო წლებში ნაყოფიერად მუშობს მეკარეთა მწვრთნელად - მოსკოვის “ლოკომოტივში”, “ამკარში”, ნალჩიკის “სპარტაკში”, 2012 წლიდან კი მახაჩკალის “ანჟის” მეკარეთა მწვრთნელია.

დღეს, 21 ოქტომბერს, ზაურს 50 წელი შეუსრულდა. ამ სტრიქონების ავტორი ტელეფონით დაუკავშირდა ზაურ ხაპოვს, მიულოცა იუბილე და სთხოვა გაეცა პასუხი რამდენიმე შეკითხვაზე.

-ზაურ! საქართველოდან გირეკავთ, გილოცავთ იუბილეს. საქართველოში ვეტერანებს, სპეციალისტებს და გულშემატკივრებს კარგად ახსოვს თქვენი თამაში.

-დიდი მადლობა (ქართულად მითხრა და მერე რუსულზე გადავიდა-თ.პ.). დიდი სითბოთი მოვიკითხავ ჩემს მეგობრებს საქართველოში - ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს, ყველას ვისაც ვახსოვარ. არასოდეს არ დამავიწდება ის დრო, როცა თბილისის “დინამოში” ვთამაშობდი. არ დამავიწყდება ის სითბო და მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც სუფევდა ჩემს მიმართ საქართველოში. შემდგომში, როცა უკვე რუსეთის გუნდებში გამოვდიოდი და ბოლო წლებში მწვრთნელად ვმუშაობ, ვაგრძელებ მეგობრობას ქართველ ფეხბურთელებთან. მსურს ყველა მოვიკითხო.

-როგორ აღმოჩნდით 1981 წელს ნალჩიკის სპარტაკის რიგებში - თქვენ ხომ იმ დროს 17 წლის იყავით. და რასაკვირველია, გვაინტერესებს როგორ ჩაირიცხეთ 1988 წელს თბილისის “დინამოში”?

-ნალჩიკელი ვარ, იქ დავიწყე თამაში და გზა დიდ ფეხბურთში. 1981 წელს ნალჩიკის “სპარტაკის” იმდროინდელმა მწვრთნელმა ალექსანდრე აფშევმა მომიწვია გუნდში დიახ, ეს ის აფშევია, რომელიც 1964 წელს თბილისის “დინამოში” თამაშობდა და გახდა სსრკ-ის ჩემპიონი. 1970-80 წლებში ის ნალჩიკში მუშაობდა მწვრთნელად, 1980-82 წლებში იყო ადგილობრივი “სპარტაკის” მწვრთნელი. ალექსანდრე აფშევმა მომიწვია გუნდში და 17 წლის ბიჭს შანსი მომცა. ჩემი ბიოგრაფიის შემდეგი ეტაპები კარგად გეცოდინებათ. . . 1987 წელს მოსკოვის “სპარტაკში” აღმოვჩნდი, რომლის მთავარი მეკარე იყო ლეგენდარული გოლკიპერი რინატ დასაევი. რასაკვირველია, კონკურენციას ვერ გავუწევდი დასაევს, მე კი თამაში მინდოდა და 1988 წელს იჯარით გამიშვეს იაროსლავლის “შინიკში”, რომლის რიგებში წამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ ჩემით დაინტერესდა თბილისის “დინამოს” იმ დროინდელი მთავარი მწვრთენელი, ლეგენდარული ფეხბურთელი დავით ყიფიანი. გამოჩენილი ფორვარდი ვლადიმერ გუცაევი იმ დროს გუნდის მენეჯერი იყო. ბატონი ვოვა ჩამოვიდა იაროსლავლში, ნახა ჩემი თამაში, მატჩის შემდეგ გამესაუბრა და მკითხა: “გინდა თამაში თბილისის “დინამოში”? ,დავით ყიფიანს უნდა გუნდში შენი მოწვევა”. ვუპასუხე, რასაც ვფიქრობდი: ბავშვობიდან მომწონს თბილისის დინამოელთა თამაში და რასაკვირველია მინდა, თუმცა ვეკუთვნი მოსკოვის “სპარტაკს” და ჩემი გადასვლის საკითხი მოსკოველებს უნდა შეუთანხმოთ. გუცაევმა მითხრა რომ საორგანიზაციო საკითხებს თბილისის “დინამო” მოაგვარებს მოსკოვის “სპარტაკთან”. ცოტა ხნის შემდეგ“შინიკი”, რომელიც იმ პერიოდში სსრკ-ს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოდიოდა, ჩავიდა სომხეთში, როგორც მახსოვს აბოვიანის “კოტაიკთან” სათამაშოდ. ამ მატჩის შემდეგ ვლადიმერ გუცაევმა თბილისში მანქანით ჩამომიყვანა და შემახვედრა დავით ყიფიანთან. ასე ჩავირიცხე თბილისის “დინამოში”.

-დინამოელთა მეკარე იმ დროს იყო გამოცდილი და სახელოვანი გოლკიპერი ოთარ გაბელია, არ გეშინოდათ, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მოგიწევდათ?

- დინამოელებმა და მათ შორის ოთარ გაბელიამ ძალიან თბილად და შეიძლება ითქვას, განსაკუთრებულად თბილად მომიღეს. ბატონმა ოთარმა ძალიან ბევრი მასწავლა როგორც მეკარეს და მისი მადლობელი ვარ. რაც შეეხება ჯანსაღ კონკურენციას, ეს ყველა გუნდში ჩვეულებრივი ამბავია. ვიცოდი, რომ საჭირო იყო მუშაობა და შესაფერისი მომენტის ცდა, ვიცოდი, რომ ჩემი ძირითად შემადგენლობაში თამაშის დროც მოვიდოდა.

-საკავშირო ჩემპიონატში თქვენ რამდენიმეჯერ ითამაშეთ თბილისის “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში, 1990 წელს კი იყავით თბილისის “იბერიის” მთავარი მეკარე და გახდით საქართველოს ჩემპიონი. 1991 წელს კი დატოვეთ გუნდი და გადახვედით ვლადიკავკაზის “სპარტაკში” (შემდგომში – “სპარტაკ-ალანია” და “ალანია”-რედ.)...

- მესმის თქვენი კითხვა. ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებს, ძალიან მინდოდა ევროტურნირებში მონაწილეობა. რადგან იმ პერიოდში (1990-1991 წლებში) ქართული კლუბები არ დაუშვეს ევროტურნირებზე, დავთანხმდი ვლადიკავკაზელთა წინადადებას და გადავედი მათ გუნდში. თბილისიდან ძალიან მეგობრულად გამაცილეს. დინამოელები რომ დაეშვათ ევროტურნირებზე, საქართველოდან არ წავიდოდი, მაგრამ პროფესიული კუთხით სიტუაცია მოითხოვდა ამ ნაბიჯის გადადგმას. შემდგომშიც არ გამიწყვეტია თბილი და ადამიანური ურთიერთობა დინამოელებთან, ბევრ მათგანს ვხედავ სხვადასხვა ქვეყნებში ყოფნის დროს, მათ ტელეფონით ვეკონტაქტები... 20 წელზე მეტია არ ვყოფილვარ თბილისში, ძალიან მომენატრა საქართველო, როცა მექნება დრო და შესაფერისი მომენტი, ვეცდები ჩამოვიდე, მოვინახულო თანაგუნდელები, ვეტერანები, გულშემატკივრები, ვნახო შეცვლილი და განახლებული თბილისი. დიდი მადლობა რომ დამირეკეთ და მომილოცეთ, მოკითხვა ყველას, ვისაც ახსოვს ზაურ ხაპოვი.

თენგიზ პაჭკორია, სპეციალურად worldsport.ge-თვის

0.196443