ფეხბურთი

16:37 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მერებაშვილი: “ასეთ დებიუტს ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი”

კრეტას ოფი-ს შემტევმა ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა ინტერნეტპორტალ შპორტ24.გრ-თან საუბარში განაცხადა, რომ ასეთ დებიუტს ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოიდგენდა.

1987 წლის შემდეგ, ოფი-მ ათენში “პანათინაიკოსი” პირველად დაამარცხა (2:1) და გადამწყვეტი გოლი სწორედ მერებაშვილმა გაიტანა, რომელსაც კრეტის გუნდში დებიუტი ჰქონდა.

“ვიცოდი, რომ “პანათინაკოსი” საბერძნეთში ერთ-ერთი წამყვანი გუნდია და მსურდა, რომ ბოლომდე დავხარჯულიყავი. დიდი ჟინით ვითამაშეთ და წარმატებას მივაღწიეთ. ვამაყობ, რომ ოფი-ს წევრი ვარ. ყველაზე თამამ ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ საბერძნეთში პირველივე მატჩში ასეთ გოლს გავიტანდი. მითუმეტეს, როდესაც თანაგუნდელებმა მითხრეს, რომ ოფი-ს ამდენი წელი ათენში “პანათინაიკოსთან” არ მოეგო”, – განაცხადა მერებაშვილმა.

28 წლის ქართველის თქმით, მატჩამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იტალიელმა ჯენარო გატუზომ მათ უთხრა, რომ ისე ეთამაშათ, თითქოს კარიერაში მოედანზე უკანასკნელად გადიოდნენ:

“მან გვითხრა ისე გვეთამაშა, თითქოს ბოლო მატჩს ვატარებდით. მისი თქმით, ცხოვრების საუკეთესო შეხვედრა უნდა ჩაგვეტარებინა, რომ შედეგისთვის მიგვეღწია. ჩვენთვის კარგი იქნებოდა თუ თამაშის სადავეებს ხელში ავიღებდით. დავრწმუნდით, რომ ეს შეგვეძლოა და თამაში მთელი სული და გული ჩავდეთ”.

მერებაშვილი ოფი-ს შინ დაბრუნებისას, აეროპორტ “ნიკოს კაზანდზაკისში” შეკრებილი გულშემატკივრების დახვედრამ გააოცა:

“განცვიფრებული ვიყავი. ასეთი გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გაიღო. ისინი განსაკუთრებული არიან. მათ მადლობას ვუხდი და ვპირდები, რომ ჩემი საუკეთესო თამაშის ჩვენებას გავაგრძელებ”.

“დინამოს” ექსნახევარმცველმა შპორტ24.გრ-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ ოფი-ს თავკაცს მისი აყვანა მეკარე გიორგი ლორიამ ურჩია:

“მან დამირეკა და მითხრა, რომ ოფი დაინტერესებულია. ამის შემდეგ, ბატონ გატუზოს ვესაუბრე. რა თქმა უნდა, გუნდში მისმა ყოფნამ ჩემს გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ოფი-ს ზოგიერთი თამაშის ვიდეოჩანაწერი ვნახე და გუნდში გადასვლა გადავწყვიტე. ამჟამად, ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ”.

0.151066