ფეხბურთი

15:36 | 21.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

E ჯგუფი

ცსკა-სიტი

პირველი 2 ტურის შემდეგ, ცსკა და “მანჩესტერ სიტი” რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ. მოსკოველები უქულოდ არიან, ხოლო მანჩესტერელებმა მხოლოდ 1 ქულის მოგროვება მოახერხეს. ეს ნიშნავს, რომ დღევანდელ მატჩი ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, განსაკუთრებით, სტუმრებზე ითქმის, რომლებიც 1/8-ფინალის საგზურისთვის ბრძოლას აპირებენ.

ცსკა და “სიტი”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ერთმანეთს გასულ სეზონშიც შეხვდნენ. ინგლისელებმა ორივე თამაში მოიგეს – სტუმრად 2:1 და შინ 5:2. ერთი წლის წინათ, “ქალაქელებს” მოსკოვში სერხიო აგუეროს დუბლმა მოაგებინა. არგენტინელი თავდამსხმელი ახლაც ბრწყინვალე ფორმაშია.

მე-2 ტურის მატჩში “ბაიერნთან” საკუთარ კედლებში წაგების შემდეგ, ცსკა-მ ერთადერთი თამაში ჩაატარა. მოსკოველებმა, რუსეთის პრემიერლიგაში, “რუბინი” 6:0 გაანადგურეს.

“სიტიმ”, 3 კვირის წინათ “რომასთან” ქულების გაყოფის შემდეგ, ინგლისის პრემიერლიგის ორივე თამაში მოიგო. მანუელ პელეგრინის გუნდმა “ასტონ ვილას” 2:0, ხოლო “ტოტენჰემს”, აგუეროს პოკერის წყალობით, 4:1 სძლია.

ცსკა-ს შემადგენლობაში კვლავ დისკვალიფიცირებულები არიან ალან ძაგოევი და პონუს ვერნბლუმი. მოსკოველთა დანაკლისს ტრავმირებული ვიტინიო, ელმი და პანჩენკოც ემატებიან. მცირე ტრავმები აწუხებთ მარიო ფერნანდესსა და სეიდუ დუმბიას.

სტუმართა მხრიდან კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სამირ ნასრის, ელიაკიმ მანგალასა და ფრენკ ლემპარდის თამაში.

  • ცსკა-მ, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 6 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო, ხოლო უკასკნელი 3 წააგო;
  • “სიტის”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 4 თამაშში 3 წაგება და 1 ფრე აქვს;
  • სერხიო აგუერომ გოლი “სიტის” მაისურით გამართულ ბოლო 4 თამაშში გაიტანა. ამ 4 მატჩში მას 6 ბურთი დაუგროვდა.

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი, ნაბაბკინი, იგნაშევიჩი, ა. ბერეზუცკი, შჩენიკოვი, მილანოვი, ნატხო, ტოშიჩი, ერემენკო, მუსა, დუმბია.

სიტი (4-2-3-1): ჰარტი, საბალეტა, კომპანი, დემიკელისი, კოლაროვი, ტურე, ფერნანდინიო, ნავასი, სილვა, მილნერი, აგუერო.

მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი).

რომა-ბაიერნი

იტალიის დედაქალაქში დღის ცენტრალური დაპირისპირება გაიმართება. ჯგუფის უდანაკარგო ლიდერი, მიუნხენის “ბაიერნი”, ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ძალზე კარგად მოთამაშე “რომას” ეწვევა.

რომაულმა გუნდმა, პირველ ტურში ცსკა-ს განადგურების შემდეგ, მანჩესტერში ქულა აიღო და 1/8-ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. “ბაიერნმა” კი, ჯგუფის ორივე თამაში 1:0 მოიგო.

მე-2 ტურის შემდეგ, “რომამ” იტალიის ჩემპიონატში 2 თამაში გამართა. რუდი გარსიას შეგირდები ბოლო წლების იტალიის საუკეთესო გუნდთან, “იუვენტუსთან” სტუმრად 2:3 დამარცხდნენ, ხოლო გასულ უქმეებზე მათ “კიევო” 3:0 გაანადგურეს.

“ბაიერნმა”, ცსკა-ს დამარცხების შემდეგ, ბუნდესლიგაში გაილაღა. მიუნხენელებმა “ჰანოვერი” 4:0, ხოლო “ვერდერი” 6:0 გაანადგურეს.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 4 მატჩს ითვლის. “რომა” და “ბაიერნი” ერთმანეთს პირველად 1985 წელს, თასების მფლობელთა თასის გათამაშების 1/4-ფინალში შეხვდნენ. მიუნხენელებმა ორივე თამაში მოიგეს – შინ 2:0 და სტუმრად 2:1. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტპაზე, “ბაიერნმა” საკუთარ კედლებში კვლავ 2:0 მოიგო, მაგრამ იტალიაში 2:3 წააგო.

დღევანდელ დაპირისპირებას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. ტრავმირების გამო, მასპინძლებს კასტანი, ბორიელო, კეიტა და სტროოტმანი, ხოლო სტუმრებს ბადშტუბერი, შვაინშტაიგერი, მარტინესი, ტიაგო და რეინა არ ეყოლებათ.

  • “ბაიერნმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, 2002-03 წლებში, “რომაში” გამოდიოდა. მან, რომაული გუნდის მაისურით, 8 თამაში ჩაატარა. “რომაში” გვარდიოლას თანაგუნდელები ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი იყვნენ, რომლებიც “ჯალოროსიში” ახლაც თამაშობენ;
  • “ბაიერნის” ცენტრალური მცველი მეჰდი ბენატია, 2013-14 წლებში, “რომაში” თამაშობდა. მიუნხენში ის სწორედ რომიდან გადავიდა;
  • “რომას” ნახევარმცველი სეიდუ კეიტა, “ბარსელონაში” თამაშის დროს, პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო. მალელ შუახაზელს, გვარდიოლას გაწვრთნილი “ბარსელონას” მაისურით, “ბაიერნის” კარში გოლიც გაუტანია;
  • “რომამ”, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე გამართული ხუთივე საშინაო შეხვედრა მოიგო;
  • “ბაიერნს” 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მიუნხენელებმა ბოლო 8 თამაშში გოლი არ გაუშვეს, ხოლო უკანასკნელი 5 მათგანი მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, იანგა-მბივა, ასტორი, კოული, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ჟერვინიო, ტოტი, დესტრო.

ბაიერნი (4-3-3): ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, დანტე, ალაბა, ლამი, ალონსო, ჰოიბიერგი, რობენი, მიულერი, გიოტცე.

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

1. ბაიერნი 2 2 0 0 2:0 6
2. რომა 2 1 1 0 6:2 4
3. სიტი 2 0 1 1 1:2 1
4. ცსკა 2 0 0 2 1:6 0

F ჯგუფი

ბარსელონა-აიაქსი

მე-2 ტურში პსჟ-სთან წაგების შემდეგ, “ბარსელონამ” ჯგუფში მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. “აიაქსმა” კი, ორივე მატჩში 1:1 ითამაშა და ამსტერდამელები მე-3 პოზიციას იკავებენ.

დაპირისპირების ფავორიტად მასპინძელი გუნდი ითვლება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსას” 4 დღეში “ელ კლასიკო” ელის, არაა გამორიცხული, ლუის ენრიკეს გუნდის ლიდერებმა ძალები დაზოგონ.

წინა ტურში პარიზში წაგების შემდეგ, “ბარსამ” ლა ლიგაში 2 თამაში ჩაატარა და ორივე მათგანი მშრალად მოიგო. კატალონიურ კლუბს, პრიმერას პირველ 8 შეხვედრაში ჯერ გოლი არ გაუშვია, მაგრამ ლა ლიგაში, გუნდის კარს კლაუდიო ბრავო იცავს, “აიაქსთან” კი მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ითამაშებს, რომელმაც 2 თამაშში 3 გოლი გაუშვა.

“აიაქსმა”, აპოელ-თან ქულების გაყოფის შემდეგ, ერედივიზიონში 2 ფრე ითამაშა.

“ბარსა” და “აიაქსი” ერთმანეთს 2-ჯერ შეხვედრიან. ეს თამაშები გასული გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე შედგა. კატალონიელებმა საკუთარ კედლებში 4:0 გაიმარჯვეს, მაგრამ სტუმრად 1:2 წააგეს.

კატალონიელებს დისკვალიფიცირებული ლუის სუარესი არ ეყოლებათ. ჯერ არაა გადაწყვეტილი ტომას ვერმალენისა და დუგლასის საკითხი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ 3 ფეხბურთელის საამსეზონო ჯამური მონაგარი 1 თამაშია, მათი არყოფნა “ბარსელონასთვის” დიდი დანაკლისი არაა.

“აიაქსის” რიგებში, ტრავმის გამო, ფიშერი ვერ ითამაშებს. საეჭვოა ბოილესელენისა და სერეროს მოედანზე გამოჩენაც.

  • “ბარსელონამ”, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 28 საშინაო თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “აიაქსს”, ჩემპიონთა ლიგაზე, სტუმრად, 8 თამაშია არ მოუგია;
  • ჰოლანდიურმა კლუბმა, ესპანეთში ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 6 წააგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური, 1999-2003 წლებში, “ბარსელონაში” თამაშობდა. ის, ამ დროის განმავლობაში, კატალონიელთა ამჟამინდელი დამრიგებლის, ლუის ენრიკეს თანაგუნდელი იყო;
  • “ბარსელონას”, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 8 მატჩში გოლი არ გაუშვია, რაც ესპანეური ფეხბურთის რეკორდია;
  • ნეიმარმა, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 12 თამაშში 14 გოლი გაიტანა;
  • “აიაქსს”, ყველა ტურნირზე, 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ ამსტერდამელებმა ბოლო 3 თამაში ფრედ დაასრულეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ალვესი, მატიე, მასკერანო, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, ს. რობერტო, მუნირი, მესი, ნეიმარი.

აიაქსი (4-3-3): სილესენი, ვან რეინი, ველტმანი, მოიზანდერი, ვიერგევერი, კლაასენი, სერერო, ანდერსენი, გაცი, სიგთორსონი, შონე.

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია).

აპოელ-პსჟ

“პარი სენ ჟერმენს” ლიდერობის შენარჩუნების კარგი შანსი აქვს, მაგრამ ლორან ბლანის გუნდის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენების შედეგების გათვალისწინებით, მათი ვერმოგება გამორიცხული ნამდვილად არაა. პსჟ, მიმდინარე სეზონში, თამაშს არ აგებს, მაგრამ, ხშირად, ვერც იგებს.

აპოელ-ი და პსჟ ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდებიან. პირველი 2 შეხვედრა 1993 წელს, თასების მფლობელთა თასის პირველ ეტაპზე გაიმართა, როდესაც პსჟ-მ ორივე თამაში მოიგო, საერთო ჯამში 3:0.

აპოელ-მა, მე-2 ტურში “აიაქსთან” ქულების გაყოფის შემდეგ, კვიპროსის ჩემპიონატში ერთი თამაში ჩაატარა და მოიგო. პსჟ-მ კი, “ბარსასთან” 3 ქულის აღებას “მონაკოსთან” საშინაო ფრე და “ლანსთან” მოგება მოაყოლა.

გუნდებს, ტრავმების გამო, 3-3 ფეხბურთელი არ ეყოლებათ. მასპინძლები ალონეფტისს, კისასსა და პაპაცოღლუს, ხოლო სტუმრები ლავესის, მარკინიოსსა და იბრაჰიმოვიჩს მოისაკლისებენ. ჯერ კიდევ გაურკვეველია მთელი რიგი ფეხბურთელების ბედი. უცნობია, ითამაშებენ თუ არა დე ვინსენტი, მანდუკა, ვინიციუსი, კარლაო, სოტირიუ, რიიზე, მორაიში, დავიდ ლუისი, ტიაგუ სილვა და ბლეზ მატუიდი.

  • აპოელ-ს, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 4 საშინაო თამაშში (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით) წაგება არ აქვს;
  • პსჟ-მ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო, მაგრამ უკანასკნელი 4 მატჩიდან ფრანგებმა მხოლოდ 1 მოიგეს;
  • გუსტავო მანდუკამ, აპოელ-ის ბოლო 5 თამაშიდან, გოლი 4-ში გაიტანა;
  • პსჟ-ს, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 თამაშში წაგება არ აქვს, მაგრამ ლორან ბლანის შეგირდებმა მხოლოდ 6-ჯერ მოიგეს;
  • პარიზულმა კლუბმა, ბოლო 11 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 3 მოიგო.

სავარაუდო შემადგენლობები

აპოელ (4-4-2): პარდო, სერხიო, კარლაო, გილერმე, ანტონიადესი, გომეში, მორაიში, ვინიციუსი, ჯებური, მანდუკა, შერიდანი.

პსჟ (4-3-3): სირიგუ, ვან დერ ვილი, კამარა, სილვა, მაქსველი, ვერატი, კაბაიე, მატუიდი, მოურა, კავანი, პასტორე.

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგენი (რუმინეთი).

1. პსჟ 2 1 1 0 4:3 4
2. ბარსელონა 2 1 0 1 3:3 3
3. აიაქსი 2 0 2 0 2:2 2
4. აპოელ 2 0 1 1 1:2 1

G ჯგუფი

ჩელსი-მარიბორი

ინგლისის პრემიერლიგაში დამაჯერებლად გალიდერებული “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგაზე დიდად ვერ ბრწყინავს. ამას ისიც ემატება, რომ “მარიბორი, მიმდინარე გათამაშებაში, თამაშს არ აგებს. ამის მიუხედავად, დღევანდელი წყვილის გამოკვეთილი ფავორიტი მაინც ჟოზე მოურინიოს გუნდია.

“ჩელსის” ზედიზედ 5 თამაში აქვს მოგებული, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგის წინა ტურის შემდეგ გაიმართა. ლონდონელებმა, პრემიერლიგაში, “არსენალი” და “კრისტალ პალასი” დაამარცხეს.

“მარიბორმა”, გელზენკირხენიდან ქულის წამოღების შემდეგ, სლოვენიის ჩემპიონატში 3 თამაში ჩაატარა და 4 ქულა აიღო.

“მარიბორი” ლონდონს უდანაკარგოდ ეწვია, “ჩელსის” კი ტრავმირებული რამირესი, შიურლე, მიკელი და დიეგო კოსტა არ ეყოლება.

  • “ჩელსიმ”, ჩემპიონთა ლიგის წინა 11 გათამაშებაში, ჯგუფი 8-ჯერ მოიგო;
  • “მარიბორმა”, ევროტურნირებზე გამართული ბოლო 7 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 წააგო;
  • “ჩელსის”, მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ, თამაში არ წაუგია;
  • “მარიბორის” 18 წლის თავდამსხმელმა, ლუკა ზაჰოვიჩმა, რომელიც ზლატკო ზაჰოვიჩის შვილია, სლოვენიური გუნდის მაისურით მიმდაინრე სეზონში ჩატარებულ 13 თამაშში 9 გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, კეჰილი, ტერი, ლუისი, მატიჩი, ფაბრეგასი, ვილიანი, ოსკარი, აზარი, რემი.

მარიბორი (4-4-2): ჰანდანოვიჩი, სტოიანოვიჩი, არგუსი, რაიევიჩი, ვილერი, ვრსიჩი, ფილიპოვიჩი, მერტელი, სალალიჩი, ტავარესი, ზაჰოვიჩი.

მსაჯი: დანი მაკელიე (ჰოლანდია).

შალკე-სპორტინგი

“შალკემ” გათამაშება ლონდონში ქულის აღებით დაიწყო, რაც უდავოდ კარგი შედეგია, მაგრამ მე-2 ტურში, გელზენკირხენელებმა “მარიბორი” საკუთარ კედლებში ვერ დაამარცხეს, ეს კი წარუმატებლობად უნდა ჩავთვალოთ. რაც შეეხება “სპორტინგს” – ამ გუნდმა, იგივე მეტოქეებთან დაპირისპირებაში, მხოლოდ 1 ქულა აიღო.

“შალკემ”, “მარიბორთან” ქულების გაყოფის შემდეგ, ბუნდესლიგაში “ჰოფენჰაიმთან” წააგო, რასაც მთავარი მწვრთნელის გამოცვლა მოჰყვა. იენს კელერის ნაცვლად გუნდში მიწვეულმა რობერტო დი მატეომ გელზენკირხენელებს პირველი თამაში მოაგებინა. “შალკემ”, გასულ უქმეებზე, “ჰერტა” 2:0 დაამარცხა.

მე-2 ტურში “ჩელსისთან” წაგების შემდეგ, “სპორტინგმა” პორტუგალიაში ორივე თამაში მოიგო. მარკო სილვას შეგირდებმა ჩემპიონატში “პენაფიელი”, ხოლო თასზე “პორტუ” გასვლაზე დაამარცხეს.

მასპინძელ გუნდს ტრავმირებული კოლასინაცი, გიფერი, გორეცკა და ფარფანი არ ეყოლება. საეჭვოა სანტანასა და სამის თამაშიც.

  • “შალკეს” ახალი მთავარი მწვრთნელი რობერტო დი მატეო გელზენკირხენულ გუნდს, ჩემპიონთა ლიგაზე, პირველად უთავკაცებს;
  • “სპორტინგს”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ ბოლო 4 გასვლით შეხვედრაში მოგება არ აქვს. პორტუგალიელებმა, უკანასკნელი 3 მატჩში 1:1 ითამაშეს;
  • “შალკეს”, ჩემპიონთა ლიგაზე, 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე (4-2-3-1): ფერმანი, უჩიდა, აიანი, ჰიოვედესი, ფუხსი, აოგო, ნოიშტადტერი, ჩუპო-მოტინგი, ბოატენგი, დრაქსლერი, ჰუნტელაარი.

სპორტინგი (4-3-3): პატრისიუ, სოარეში, მაურიციო, სარი, ჯ. სილვა, მარიო, კარვალიო, ა. სილვა, კარილიო, სლიმანი, ნანი.

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი).

1. ჩელსი 2 1 1 0 2:1 4
2. შალკე 2 0 2 0 2:2 2
3. მარიბორი 2 0 2 0 2:2 2
4. სპორტინგი 2 0 1 1 1:2 1

H ჯგუფი

პორტუ-ბილბაო

ჯგუფის ლიდერი ძალზე ცუდ ფორმაში მყოფ “ბილბაოს” უმასპინძლებს. პორტუგალიელებმა, საწყის ორ ტურში, 4 ქულა დააგროვეს, ბასკებმა კი თავი მხოლოდ ერთ ქულას მოუყარეს.

გუნდების მდგომარეობა ერთმანეთისგან განსხვავებულია შიდა ჩემპიონატებშიც. “პორტუმ”, რომელმაც “შახტართან” ქულის აღების შემდეგ “ბრაგა” დაამარცხა, პორტუგალიის ჩემპიონატში მე-2 ადგილს იკავებს. თუმცა, გასულ შაბათს, ლოპეტეგის შეგირდები “სპორტინგთან” თასზე დამარცხდნენ.

“ბილბაომ”, ბატე-სთან წაგებას “რეალთან” 0:5 განადგურება და “სელტასთან” საშინაო მატჩში მხოლოდ ქულის აღება მოაყოლა. ბასკური გუნდი, რომელიც პრიმერადან არასდროს გავარდნილა, მე-17 ადგილზე იმყოფება.

გუნდების გზები აქამდე ერთადერთხელ, შორეულ 1956 წელს გადაიკვეთა. ჩემპიონთა თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბასკებმა ორივე თამაში მოიგეს, სტუმრად 2:1 და შინ 3:2.

“პორტუს”, ტრავმების გამო, ჰელტონი და კაზემირო დააკლდებიან. “ბილბაო”, იმავე მიზეზით, კიკე სოლას მოისაკლისებს.

  • გასული 2 სეზონის განმავლობაში, ესპანურმა გუნდებმა “პორტუ” ევროტურნირებს 3-ჯერ გამოთიშეს. 2013/14 წლების სეზონში, პორტუგალიელები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში “ატლეტიკომ” ჩატოვა, ხოლო მოგვიანებით, ევროპის ლიგიდან, “სევილიამ” გამოაგდო. 2012/13 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში, “პორტუმ” “მალაგასთან” წააგო;
  • “ბილბაომ”, პორტუგალიურ გუნდებთან გამართულ 8 მატჩში, კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხა;
  • “ბილბაოს”, ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 8 მატჩში მხოლოდ 5 ქულა აქვს, რაც კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი სტარტია;
  • “ბილბაოს”, ყველა ტურნირზე, 8-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. ბასკურმა გუნდმა, ბოლო 12 თამაშიდან ექვსში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუ (4-3-3): ფაბიანუ, დანილო, მაიკონი, ინდი, სანდრო, ერერა, ოლივერი, ბრაიმი, ტელიო, მარტინესი, კინტერო.

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ირაოლა, გურპეგი, ლაპორტე, ბალენსიაგა, რიკო, იტურასპე, სუსაეტა, მუნიაინი, გომესი, ადურისი.

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

ბატე-შახტარი

გათამაშების “პორტუსთან” განადგურებით დამწყებმა ბატე-მ, მე-2 ტურში, “ბილბაო” დაამარცხა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. დღეს, იერმაკოვიჩის გუნდი 2 ქულის მქონე “შახტარს” მასპინძლობს და მოგების შემთხვევაში პოზიციებს გაიმყარებს.

ბატე, ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის შემდეგ, შიდა ასპარეზზე კარგად გაისარჯა. ბორისოველებმა “სლუცკი” თასზე, ხოლო “შახტიორი” ჩემპიონატში დაამარცხეს.

“შახტარმა”, “პორტუსთან” ქულების გაყოფას, უკრაინის პრემიერლიგაში კიევის “დინამოსთან” მარცხი და “ვოლინთან” დამაჯერებელი მოგება მოაყოლა.

თამაშის ერთადერთი დანაკლისი სერგეი კრივცოვია, რომელიც სტუმრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.

  • “შახტარმა”, ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • ბატე-ს ნახევარმცველმა, ალექსანდრ კარნიცკიმ, ბოლო 5 თამაშში 6 გოლი გაიტანა;
  • ბატე-ს, საკუთარ კედლებში, 2013 წლის სექტემბრის შემდეგ არ წაუგია;
  • “შახტარს”, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურამდე, მიმდინარე სეზონში ჩატარებული რვავე თამაში მოგებული ჰქონდა. მას შემდეგ გამართული 6 მატჩიდან დონეცკელებმა მხოლოდ 2 მოიგეს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბატე (4-2-3-1): ჩერნიკი, კაგუში, ფილიპენკო, პოლიაკოვი, მლადენოვიჩი, ვოლოდკო, იაბლონსკი, გორდეიჩუკი, კარნიცკი, ვოლოდკო, სიგნევიჩი.

შახტარი (4-2-3-1): პიატოვი, სრნა, კუჩერი, რაკიცკი, აზევედო, სტეპანენკო, ფერნანდუ, კოსტა, ტეიშეირა, ტაისონი, ადრიანო.

მსაჯი: ივან ბებეკი (ხორვატია).

1. პორტუ 2 1 1 0 8:2 4
2. ბატე 2 1 0 1 2:7 3
3. შახტარი 2 0 2 0 2:2 2
4. ბილბაო 2 0 1 1 1:2 1

0.163455