ფეხბურთი

16:03 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მე-9 ტური: მშვიდობა და სოლიდარობა

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-9 ტური დიდად გამორჩეული არ ყოფილა, თუმცა ცოტ-ცოტა საინტერესო ამბებიც მოხდა. აღსანიშნავია, რომ მატჩებმა მშვიდობიანად ჩაიარა და ინციდენტი არ მომხდარა. დაფიქსირდა სამი დუბლი და ორი ავტოგოლი. სამი შეხვედრა კი 2:2 დამთავრდა. დამყარდა ერთგვარი “რეკორდიც”: “მერანი” - “სიონის” მატჩში მსაჯმა ლაშა სილაგავამ ბოლნისელი ლექსო ინწკირველი 38-ე (!) წამზე გააძევა ბოლო იმედის ჯარიმისთვის.

ჩინებულად ასპარეზობს ცხინვალის “სპარტაკი.” გუნდი, რომელიც გასულ სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა (მართალია, საბოლოოდ არავინ გავარდნილა, მაგრამ სატურნირო მაჩვენებლებს ვგულისხმობთ), წლეულს ლიდერთა შორისაა და მათი ფეხბურელების თქმით, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებენ. ბოლო თვის განმავლობაში მხოლოდ ორი ქულა დაკარგეს. სამი თამაში მოიგეს და ამას საქართველოს თასზე “საბურთალოს” ძლევასაც თუ დავუმატებთ, მთლად შთამბეჭდავი სურათი გამოვა. კვირას ცხინვალელები 85-ე წუთამდე 0:1 აგებდნენ “ჩიხურასთან,” მაგრამ მათმა 23 წლის ნახევარმცველმა, ირაკლი ლექვთაძემ სასწაული მოახდინა, ერთი წუთის განმავლობაში ორჯერ გაუტანა ზემოიმერლებს და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა. აკი მწვრთნელმა კახი კაჭარავამაც ძალიან ემოციურად გამოხატა მატჩის შემდეგ სიხარული. ახლა სპარტაკელები 17 ქულით “სამტრედიასთან” მე-2-3 ადგილებს იყოფენ და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “დინამოს.” საინტერესოა, რომ მომავალ ტურში, 24 ოქტომბერს, ერთმანეთს სწორედ “დინამო” და”სპარტაკი” შეხვდებიან.

“დინამომ” უხერხული მეტოქე “ვიტ ჯორჯია” სტუმრად ჩისკოს გოლით დაამარცხა, თუმცა ახალგაზრდა თბილისელების თამაში აშკარად დასახვეწია. აკი თქვა კიდეც შემდეგ დინამოელთა დარიგებელმა, კახი გოგიჩაიშვილმა, ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა და ასეც გამოდგაო.

დრამატული გამოდგა შეხვედრა გორში, სადაც “დილა” “ზესტაფონს” მასპინძლობდა. თავიდან სტუმრები დვალის გოლით იგებდნენ, მაგრამ მერე გორელებმა იძალეს და წინ გავიდნენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მეორე წუთზე “დილას”კარში პენალტი დაინიშნა, ჯაბა დვალმა ზუსტად დაარტყა და 2:2. დვალმა დუბლი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში ირაკლი მოდებაძეს დაეწია, რომელმაც თავის მხრივ, ერთი გოლით გამოიჩინა თავი. ამდენივე გოლი მოუგროვდა კიდევ ერთი დუბლის ავტორს - ოთარ კვერნაძეს. ტურის გვიან მატჩში “ტორპედომ” - “გურიას” უმასპინძლა და მე-60 წუთამდე სწორედ კვერნაძის გოლებით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ჯერ ვალერი ბონდარენკომ შეაგდო საკუთარ კარში, შემდეგ კი ლანჩხუთელმა კობა შალამბერიძემ ზუსტად გარდასახა თერთმეტმეტრიანი.

ყველაზე აღსანიშნავი კი ამ მატჩში ქუთაისელი გულშემატკივრების ჟესტი იყო. მათ ტრიბუნაზე ტრაგიკულად გარდაცვლილი “გურიას” ფეხბურთელის, ნიკა კილაძის საპატივისაცემოდ ბანერი გამოაკრეს, რომელიც შემდეგ “გურიის” გულშემატკივრებს გადასცეს. მართლაც დასაფასებელი ამბავია. ასეთი სოლიდარობა არ სჯობს ჩხუბს და აყალ-მაყალს?

კვლავ დამარცხდა “ზუგდიდი,” რამაც გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ნესტორ მუმლაძის წასვლა გამოიწვია. კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ორშაბათიდან “ზუგდიდის” დამრიგებელი ბესიკ შეროზიაა.

18 ოქტომბერი

მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (34), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (62)

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (34), 2:0 დათა ციცხვაია (58)

გაძევება: ლექსო ინწკირველი (1)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (37)

19 ოქტომბერი

კოლხეთი (ფოთი) – შუქურა (ქობულეთი) 2:2 (2:2)

გოლები: 0:1 გიორგი ჩელებაძე (9), 1:1 დათა სიჭინავა (11), 2:1 ლევან კაკულია (13), 2:2 ლევან კუტალია (39)

დილა (გორი) – ზესტაფონი 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 ჯაბა დვალი (20), 1:1 გიორგი ხიდეშელი (60, საკუთარ კარში), 2:1 ირაკლი მოდებაძე (70), 2:2 ჯაბა დვალი (90+2, პენალტით)

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:1 (0:1)

გოლები: 0:1 გიორგი კორიფაძე (10), 1:1, 2:1 ირაკლი ლექვთაძე (85, 87)

დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 დიმიტრი ტატანაშვილი (45), 2:0 ვალერიან თევდორაძე (79, პენალტით)

ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი) 2:2 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 ოთარ კვერნაძე (34, 61), 2:1 ვალერი ბონდარენკო (62, საკუთარ კარში), 2:2 კობა შალამბერიძე (80, პენალტით)

1. დინამო (თბილისი) 9 6 2 1 15:6 20
2. სამტრედია 9 5 2 2 11:7 17
3. სპარტაკი 9 5 2 2 9:8 17
4. დილა 9 4 3 2 14:6 15
5. ტორპედო 9 3 5 1 10:7 14
6. მეტალურგი 9 3 4 2 11:9 13
7. ჩიხურა 9 4 1 4 10:10 13
8. დინამო (ბათუმი) 9 4 1 4 10:10 13
9. მერანი 9 3 2 4 8:8 11
10. გურია 9 2 5 2 9:15 11
11. ზესტაფონი 9 2 4 3 18:13 10
12. ვიტ-ჯორჯია 9 3 1 5 9:9 10
13. კოლხეთი 9 2 3 4 9:13 9
14. სიონი 9 2 2 5 9:15 8
15. შუქურა 9 1 5 3 7:14 8
16. ზუგდიდი 9 0 4 5 4:13 4

მე-10 ტური

24 ოქტომბერი: სიონი – ვიტ ჯორჯია, დინამო (თბ) – სპარტაკი

25 ოქტომბერი: სამტრედია – ზუგდიდი, გურია – დინამო (ბთ), შუქურა – დილა, მეტალურგი – კოლხეთი

26 ოქტომბერი: ჩიხურა – ტორპედო, ზესტაფონი - მერანი

მეგოლეები:

6 - ირაკლი მოდებაძე (დილა), ჯაბა დვალი (ზესტაფონი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი, გიორგი ჩელებაძე (შუქურა), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი), დათა სიჭინავა (კოლხეთი), კობა შალამბერიძე (გურია)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.151114