“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი, რაფაელ ბენიტესი “ინტერთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და განაცხადა, რომ მის გუნდს ჯერ კიდევ შეუძლია სკუდეტოსთვის ბრძოლა.
“ჩვენ შეგვიძლია გასულ სეზონზე მეტი და უფრო მაღალ პოზიციაზე გასვლა. “ნაპოლის” სკუდეტოსთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეუძლია.
ჩემი გუნდის დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ გული მწყდება დაკარგულ ქულებზე. არ გაგვიმართლა, ორჯერ ვიგებდით და კომპენსირებულ დროში გავუშვით მეორე გოლი. პირველ ნახევარში ბევრი შანსი არ გვქონია, თუმცა მეორე ტაიმში უფრო მეტი მომენტი გვქონდა და მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით”, - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
საუბრის ბოლოს, ბენიტესმა “ნაპოლის” შემტევი, ხოსე მარია კალეხონი შეაქო, რომელმაც გუშინდელ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ესპანელი წელს ძალიან შედეგიანია და 6 გატანილი გოლით, კარლოს ტევესთან და კეისუკე ჰონდასთან ერთად იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია ჯერჯერობით.
“ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, რომლის კარგი ფორმაც ძალიან ადგება გუნდს. იმედი მაქვს, რომ ასე განაგრძობს და იტალიის ჩემპიონატის გარდა, სხვა ტურნირებზეც გამოიჩენს თავს”, - დაასრულა საუბარი “ინტერის” ყოფილმა თავკაცმა.