ბრიტანელმა ენდი მარეიმ ავსტრიაში Vienna Open-ის ტურნირი მოიგო. 27 წლის ბრიტანელმა ფინალში ესპანელი დავიდ ფერერი დაამარცხა (5:7, 6:2, 7:5).
პირველ სეტში, 6:5-ზე ესპანელის სასარგებლოდ, ბრიტანელმა თავის მოწოდება წააგო და ფერერი სეტებში დაწინაურდა. მეორე სეტში მარეიმ ორი ბრეიკი შეასრულა, ისე რომ თავისი არც ერთი ჩაწოდება დაკარგა – სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
მესამე საჩემპიონო სეტში 5:5-ზე, გადამწყვეტ მომენტში ენდიმ მოახერხა ესპანელის ჩაწოდების აღება, შემდეგ თავის მოწოდებაც მოიგო და ბრიტანელმა კარიერაში პირველად Vienna Open-ში გაიმარჯვა.
ენდიმ 9 ეისი ჩააწოდა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო ფერერმა 1 ეისი ჩააწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ენდი მარეიმ თავის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე სურათი ატვირთა, მარეი თავის გუნდთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავდა. ენდიმ სურათს სათაურიც გაუკეთა - “მე და ჩემი ბიჭები ფინალის შემდეგ. ბედნიერი ვარ დღევანდელი გამარჯვებით. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შემდეგი გაჩერება ვალენსიაში”.
Vienna Open-ის ტურნირის საპრიზო ფონდი 650000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. ენდის, ამ გამარჯვებით, რეიტინგში 250 ქულა მოემატება.