ფეხბურთი

21:34 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გოლები: ანანიძე, ჯანელიძე, ჯანაშია, გოგინაშვილი

სომხეთის ჩემიონატის მეათე ტურში "ულისესმა 7:1 გაანადგურა "განძასარი", ერთი გოლი კი ქართველმა ზამირ ჯანაშიამ გაიტანა. "ულისესში" სამი ქართველია – ჯანაშია, ზურაბ ხურციძე და გიორგი ხუბუა. აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანმა ამ მატჩში გაფრთხილება მიიღო.

"ულისესი" პირველ ადგილზეა და თანაც, 11-ქულიანი ჰანდიკაპით.

აზერბაიჯანში ქართველი მწვრთნელების დაპირისპირება შედგა: კახა ცხადაძის "ინტერმა" შინ 0:0 ითამაშა გიორგი ჩიხრაძის "სიმურგთან". "ინტერის" სასტარტოში იყვნენ ლაშა სალუქვაძე, ალეკო ამისულაშვილი და ბაჩანა ცხადაძე. მათგან მხოლოდ სალუქვაძემ ითამაშა შეუცვლელად, ამისულაშვილი პირველივე ტაიმში შეცვალეს ტრავმის გამო, ხოლო ბაჩანა ცხადაძე მეორე ნახევარში დაასვენეს. გიორგი ლომაია კი სათადარიგო გახლდათ.

"ინტერი" ლიდერია, ხოლო "სიმურგი" მეშვიდე პოზიციაზეა.

აზერბაიჯანშივე, არაზი-აზალი 2:2 დასრულდა და არაზ-იდან ერთი გოლი დავით ჯანელიძემ გაიტანა: 44-ე წუთზე 1:1 გახადა ანგარიში. ეს ის ჯანელიძეა, რომელმაც პირველ ტურში "ნეფთჩისთან" დუბლი შეასრულა. აზალ-ში შეუცვლელად ითამაშა ლაშა კასრაძემ. არაზი ბოლო, მეათე ადგილზეა, აზალი კი მერვეზე.

ქართული გოლი გავიდა მოლდოვაშიც, სადაც "საქსანმა" შინ 1:1 ითამაშა "კოსტულენთან". "საქსანი" აგებდა და 84-ე წუთზე ირაკლი გოგინაშვილმა გაათანაბრა. გოგინაშვილი, როგორც იცით, 20 წლის ნახევარმცველია და რუსთავის "მეტალურგიდან" გადავიდა მოლდოვურ კლუბში, სადაც სეზონში მესამე ბურთი მიითვალა. "საქსანი" მეოთხე საფეხურზეა.

მოსკოვის "სპარტაკის" დუბლებში გაიტანა ჯანო ანანიძემ. "სპარტაკი" "ურალის" დუბლებთან აგებდა, მაგრამ ჯანომ 79-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, ბოლო წუთებში კი მოსკოველებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს და 3:1 იმარჯვეს.

ამ საღამოს კიდევ არის მატჩები ქართველ ლეგიონერთა მონაწილეობით და მათ შესახებაც დაიწერება.

0.13584