ფეხბურთი

20:27 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მერანმა” “სიონს” შანსი არ დაუტოვა

მარტვილის “მერანმა” ამჯერადაც სამტრედიაში გამართა საშინაო შეხვედრა ბოლნისის “სიონის” წინააღმდეგ. როგორც კლუბის ხელმძღვანელობასთან გავარკვიეთ, მარტვილის სტადიონი სავარაუდოდ 2 კვირაში იქნება მწყობრში და ალბათ ერთი ტურის შემდეგ “მერანი” საკუთარ არენაზე ითამაშებს.

წინა ტურში მარტვილელები თბილისის “დინამოს” ესტუმრნენ და ტოლ-სწორად ეთამაშნენ ქართული ფეხბურთის ფლანგმანს, ქულაც დამსახურებულად მოიპოვა “მერანმა”. რაც შეეხება ბოლნისის “სიონს”, გუნდმა ბოლო ორი შეხვედრა წააგო და დღევანდელ შეხვედრაში ბოლნისელთა გეგმაში გამარჯვება თუ არა, ქულის აღებაც არ იყო ურიგო, თუმცა...

მატჩი საინტერესოდ დაიწყო და პირველივე წუთზე მიეცათ ნომინალურ მასპინძლებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი, ხიფათი “სიონის” მცველების შეცდომას მოჰყვა, რითაც კარგად ისარგებლა დათა ციცხვაიამ და ზედ საჯარიმოს ხაზზე ხელით რომ არ დაეჭირა ინწკირველს თავდამსხმელი, ალბათ ანგარიშსაც გახსნიდა. მთავარმა მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმა დანიშნა, ინწკირველმა კი წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დროზე ადრე დატოვა. საჯარიმო დარტყმა კიკნაველიძემ შეასრულა, მართალია ბურთი წავიდა კარის მიმართულებით, მაგრამ საბოლოოდ ერთ-ერთ მცველს მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები კაცნაკლულები იყვნენ და რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა “მერანს”, ბოლნისელების სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ პირველ ნახევარში ეს დანაკლისი გუნდს ბევრად არც დასტყობია და თანაბარი თამაში იყო.

მე-9 წუთზე ფლანგზე შულაიას გარღვევას და კარგ ჩაწოდებას დათა ციცხვაია გამოეხმაურა თავური დარტყმით, მაგრამ სტუმართა მცველებმა შესძლეს ბურთის გამოტანა საჯარიმოდან. ციცხვაიას თავურს სტუმრებმა განუგრავას შორეული დარტყმულით უპასუხეს, მართალია დარტყმა უძლიერესი იყო, მაგრამ არაზუსტი.

34-ე წუთზე კი ულამაზესი გოლი გავიდა “სიონის” კარში. სტუმრების საჯარიმოს მისადგომებთან პაპუნა ფონიავამ მიიღო ბურთი და დიდხანს არ უფიქრია ისე ყუმბარისებური დარტყმით გაუშვა მირზა მერლანის კარის მიმართულებით, მეკარემ ბურთის მოიგერიება კი სცადა, მაგრამ უშედეგოდ 1:0.

იგივე ფონიავას 38-ე წუთზე შეეძლო ანალოგიური გოლი გაეტანა, ზუსტად იმ დისტანციდან უძლიერესი დარტყმით, თუმცა ამჯერად უშეცდომოდ ითამაშა მერლანმა და მუშტებით კუთხურზე მოიგერია ბურთი.

მეორე ტაიმში მწვრთნელებმა გარკვეული კორექტივები შეიტანეს თავიანთი გუნდების შემადგენლობაში, “სიონის” გასაძლიერებლად უგულავა და სირაძე შემოვიდნენ მოედანზე, “მერანის” მხრიდან კი ჯღამაიამ წყაროზია შეცვალა.

სირაძის და უგულავას შემოსვლამ უფრო გამოაცოცხლა “სიონი” და უფრო გააზრებული გახდა მათი შეტევები, თუმცა სტუმრების შეტევებს საბოლოო დაგვირგვინება აკლდა, ერთ-ერთ ეპიზოდში სწორედ უგულავამ ითამაშა ინდივიდუალურად კარგად, მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და კარისკენაც დაარტყა, მაგრამ, საკმაოდ სუსტად.

ცალკე უნდა ითქვას აკაკი შულაიაზე, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი “დინამოსთანაც” გამორჩეული იყო სისწრაფით და ტექნიკური თამაშით და დღევანდელ შეხვედრაშიც ბევრჯერ დაიმსახურა მაყურებელთა ოვაცია, ჯერ 51-ე წუთზე ითამაშა შულაიამ კარგად, როცა კიკნაველიძეს ამარაგებდა საგოლე პასით, 58-ე წუთზე კი მის წამოწყებულ კომბინაციას მორიგი გოლი მოჰყვა “სიონის” კარში, შულაიამ ფლანგზე მიიღო ბურთი ერთი მცველი ჩამოიტოვა და მელიავას გაუკეთა პასი, მელიავამ გეგეჭკორი მოძებნა, ამ უკანასკნელის ჩაწოდებას კი დათა ციცხვაია გამოეხმაურა თავური დარტყმით და ანგარიში 2:0 გახადა. დასანანია, რომ საგოლე პასის ავტორმა ლევან გეგეჭკორმა სერიოზული ტრავმა მიიღო მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე და შესაცვლელი გახდა.

გაშვებული მეორე გოლის შემდეგ ბოლნისელებს იმედი გადაეწურათ და აფციაურის შორეულ დარტყმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც მამალაძემ ნახტომში მოიგერია, ღირებული არაფერი შეუქმნიათ. მასპინძლებს კი კიდევ შეეძლოთ ანგარიშის გაზრდა, როცა ერთ-ერთი კონტრიერიშის დროს შულაია აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, თუმცა შულაიამ უფრო უკეთეს პოზიციაში მყოფ ფონიავასთვის გადაწყვიტა პასის გაკეთება, ფონიავას დარტყმული ბურთი კი მცირედით აცდა მერლანის კარს.

საბოლოოდ მატჩი 2:0 დასრულდა და “მერანმა” სასურველი 3 ქულა მოიპოვა საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან.

შალვა ღონღაძე: “გამარჯვებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ თამაშის ხარისხით არა, პირველ ტაიმში ისე ვერ ვითამაშეთ როგორ გვსურდა, თუმცა მეორე ტაიმში სისწრაფესაც მოვუმატეთ, ცვლილებებმაც გაამართლა და ღირსეულად გავიმარჯვეთ.”

ლადო ბურდული: “ 28-ე წამზე რომ ფეხბურთელს გაგიძევებენ რა უნდა თქვა, იგივე მომენტი იყო მატჩის ბოლო წუთებზე, როცა ჩვენმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ დაარღვია თამაშის წესი და ყვითელი ბარათით შემოიფარგლა სილაგავა. ეს რას ნიშნავს, დამინდო მსაჯმა თავისი აზრით? თუ კვარაცხელია არ იყო გასაგდები, მაშინ არც ინწკირველი უნდა გაეძევებინა. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი მაინც თანაბრად ვეთამაშეთ მოწინააღმდეგეს. “მერანს” წარმატებებს ვუსურვებ.”

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)

სამტრედია. ”ე. მანჯგალაძე”. 18 ოქტომბერი. 15:00.

“მერანი”: მამალაძე, ლომაშვილი, მელიავა, შულაია (წულაია 85) ორბელაძე, კიკნაველიძე, ბოლქვაძე, წყაროზია (ჯღამაია 46), ციცხვაია, გეგეჭკორი (წურწუმია 62), ფონიავა.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ობასი

“სიონი”: მერლანი, სვანიძე, ინწკირველი, ლიმა ლოპესი, იმედაშვილი (ფოფხაძე 66), კვარაცხელია, ცხადაია, განუგრავა, ლობჯანიძე (სირაძე 46), აფციაური, ჭიკაიძე (უგულავა 46).

მთავარი მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლები: ფონიავა (34), ციცხვაია (58)

გაფრთხილება: წყაროზია (30), იმედაშვილი (51), ბოლქვაძე (72), ორბელაძე (80) კვარაცხელლია (89)

გაძევება: ინწკირველი (1)

მთავარი მსაჯი: ლაშა სილაგავა

18 ოქტომბერი

მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (34), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (62)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩისკო (37)

1.

დინამო თბილისი

9

6

2

1

15:6

20

2.

სამტრედია

9

5

2

2

11:7

17

3.

დილა გორი

8

4

2

2

12:4

14

4.

სპარტაკი ცხინვალი

8

4

2

2

7:7

14

5.

ტორპედო ქუთაისი

8

3

4

1

8:5

13

6.

მეტალურგი რუსთავი

9

3

4

2

11:9

13

7.

ჩიხურა საჩხერე

8

4

1

3

9:8

13

8.

მერანი მარტვილი

9

3

2

4

8:8

11

9.

ვიტ ჯორჯია თბილისი

9

3

1

5

9:9

10

10.

დინამო ბათუმი

8

3

1

4

8:10

10

11.

გურია ლანჩხუთი

8

2

4

2

7:13

10

12.

ზესტაფონი

8

2

3

3

16:11

9

13.

კოლხეთი ფოთი

8

2

2

4

7:11

8

14.

სიონი ბოლნისი

9

2

2

5

9:15

8

15.

შუქურა ქობულეთი

8

1

4

3

5:12

7

16.

ზუგდიდი

8

0

4

4

4:11

4

მეგოლეები:

5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063443