მცხეთაში "მცხეთა პარკზე" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩი თბილისის "ვიტ ჯორჯიასა" და "დინამოს" შორის გაიმართა. აღნიშნულ გუნდებს შორის დაპირისპირება საიუბილეო 50-ე გახლდათ და დინამოელებმა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გაზარდეს.
მატჩი "დინამოს" ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო და ისინი მეტოქის მოედანზე უფრო მეტ დროს ატარებდნენ. სახიფათო მომენტი კი პირველად ვიტელებმა კონტრშეტევაზე განახორციელეს - მე-13 წუთზე მათე კვირავია მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, მის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კი თოთაძეს აეჭრა და ავტოგოლთან ახლოს იყო. მალევე მარცხენა ფლანგზე აქტიურმა კვირავიამ კვლავ ჩააწოდა საჯარიმოში და ვანო კურდღელაშვილის დარტყმული ომარ მიგინეიშვილის კარს საკმაო მანძილით ასცდა.
"დინამო" შეტევას კვლავ განაგრძობდა და აქტიურობამ შედეგი 36-ე წუთზე გამოიღო - მეკარის საჯარიმოსთან ახლოს გიორგი ჩირგაძემ თავით ბურთი მარჯვენა ფლანგზე მყოფ ოთარ კაკაბაძეს დაუგდო, ამ უკანასკნელმა კარის მიმართულებით ჩააწოდა და საჯარიმოში მეორე სართულზე ყველას "დინამოს" კაპიტანმა ჩისკომ დაასწრო – 0:1. პირველ ტაიმში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა.
შესვენების შემდეგ, მოედანზე სიტუაცია ლოგიკურად განვითარდა. "ვიტ ჯორჯია" ბევრს უტევდა, ბურთს ფლობდა და ცდილობდა სახიფათო მომენტები შეექმნა. 61-ე წუთზე ელგუჯა ლობჯანიძემ საჯარიმოს ცენტრალურ ნაწილში ბურთი მიიღო, ვარდნაში კარისკენ გადაგზავნა და "დინამო" გაშვებული გოლისგან ძელმა იხსნა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბესიკ მურუსიძის მაგივრად შემოსულ ვალიკო გახარიას საკუთარი გუნდის წაგებისგან გადარჩენა შეეძლო - კვირავიამ მარცხენა ფლანგიდან მარჯვენა ფლანგზე მყოფი გვახარია მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ბურთი კარგად ვერ დაამუშავა, არა და ზუსტი დარტყმით ანგარიში გათანაბრდებოდა.
მატჩში იყო ბრძოლა, ვიტ ჯორჯიელებს შეეძლოთ რამდენჯერმე გაეტანათ, თუმცა იღბალი განვლილ საიუბილეო შეხვედრაში "დინამოს" მხარეს გახლდათ. რიგით 50-ე თბილისურ დერბიში "დინამომ" მე-18-ჯერ იმარჯვა. "ვიტ ჯორჯიას" აქტივში 14 მოგება გახლავთ, აქედან ვეტერინარებმა ერთი თამაში საქართველოს სუპერთასზე ფრედ 1:1 დაამთავრეს და "დინამოს" დამარცხება დამატებით დროში მოახერხეს - 2:1. 18 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
დღეს, "სამტრედიამ" რუსთავში "მეტალურგთან" ფრე 1:1 ითამაშა, შედეგად "დინამო" ცხრილის სათავეს 20 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას" თბილისელები 10 ქულით ჯერჯერობით მეათე ადგილზე იმყოფებიან. ვეტერინარების მომავალი მეტოქე ბოლნისის "სიონი" იქნება, ხოლო დინამოელები შინ ცხინვალის "სპარტაკს" დაუხვდებიან.
5 ოქტომბერი. მცხეთა. "მცხეთა პარკი".
ვიტ ჯორჯია (თბილისი) - დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)
ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, მურუსიძე (გახარია 81), დავლაშელიძე, მაისურაძე, ღიბრაძე, კურდღელაშვილი (კახაბრიშვილი 62), ლობჯანიძე (თათხაშვილი 84), კვირავია.
მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
დინამო: მიგინეიშვილი, კაკაბაძე, თოთაძე, ჭანტურია, მჭედლიშვილი, პარუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე (ცინცაძე 73), ძარია, ჩირგაძე (საბანაძე 84), ჩისკო (პაპუნაშვილი 58).
მთავარი მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გოლი: 0:1 ჩისკო (36)
გაფრთხილება: გიორგი კალანდია (59)
მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი
18 ოქტომბერი
მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (34), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (62)
მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (34), 2:0 დათა ციცხვაია (58)
გაძევება: ლექსო ინწკირველი (1)
1. | დინამო თბილისი | 9 | 6 | 2 | 1 | 15:6 | 20 | |
2. | სამტრედია | 9 | 5 | 2 | 2 | 11:7 | 17 | |
3. | დილა გორი | 8 | 4 | 2 | 2 | 12:4 | 14 | |
4. | სპარტაკი ცხინვალი | 8 | 4 | 2 | 2 | 7:7 | 14 | |
5. | ტორპედო ქუთაისი | 8 | 3 | 4 | 1 | 8:5 | 13 | |
6. | მეტალურგი რუსთავი | 9 | 3 | 4 | 2 | 11:9 | 13 | |
7. | ჩიხურა საჩხერე | 8 | 4 | 1 | 3 | 9:8 | 13 | |
8. | მერანი მარტვილი | 9 | 3 | 2 | 4 | 8:8 | 11 | |
9. | ვიტ ჯორჯია თბილისი | 9 | 3 | 1 | 5 | 9:9 | 10 | |
10. | დინამო ბათუმი | 8 | 3 | 1 | 4 | 8:10 | 10 | |
11. | გურია ლანჩხუთი | 8 | 2 | 4 | 2 | 7:13 | 10 | |
12. | ზესტაფონი | 8 | 2 | 3 | 3 | 16:11 | 9 | |
13. | კოლხეთი ფოთი | 8 | 2 | 2 | 4 | 7:11 | 8 | |
14. | სიონი ბოლნისი | 9 | 2 | 2 | 5 | 9:15 | 8 | |
15. | შუქურა ქობულეთი | 8 | 1 | 4 | 3 | 5:12 | 7 | |
16. | ზუგდიდი | 8 | 0 | 4 | 4 | 4:11 | 4 |
მეგოლეები:
5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.