საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური “გენკის” ნახევარმცველი, თორნიკე ოქრიაშვილი პოლონეთთან განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ ჟურნალისტებთან წარსდგა და აღნიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
თორნიკეს თქმით, პოლონეთს ჩვენზე ბევრად მაღალი კლასი აქვს, რაც შედეგშიც აისახა.
“პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. ბიჭები მოედანზე გამოვიდნენ და მშვენივრად ითამაშეს. მეორე ნახევარზე სათქმელი არაფერია.
ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც გავანიავეთ. პოლონელებს 5-6 მომენტი ჰქონდათ და 4 გაიტანეს. მეტოქე ორი მომენტიდან ერთს იტანდა, ხოლო ჩვენ 10 მომენტიდან ერთს ვერ ვიტანთ. პოლონელებს ჩვენზე ბევრად მაღალი კლასი აქვთ.
სამწუხაროა ასეთი წაგება. 0:4-ს არ ვიმსახურებდით და ჩვენც შეგვეძლო. არაგუნდურ ფეხბურთს ვთამაშობთ და შესაძლოა ამიტომაც გვაქვს ასეთი შედეგი.
რაც არ უნდა მწვრთნელი შეიცვალოს და ვინც არ უნდა მოვიდეს, ასე თუ ვითამაშებთ, მაინც წავაგებთ. ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც ამ ყველაფერს შეცვლის”, - აღნიშნა თორნიკემ.
საუბრის ბოლოს ჟურნალისტებმა “გენკში” შექმნილ მდგომარეობაზეც ვკითხეთ ოქრიაშვილს.
“გენკში” სიტუაცია დალაგდა. ჩვეულებრივად მთავარ გუნდში ვარ”, - დაასრულა საუბარი ქართველმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და თამაშში 59-ე წუთზე ჩაერთო.