ერთი თვე დარჩა 2014 წლის ნოემბრის ტესტ სერიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე – 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად, ბორჯღალოსნები ირლანდიის ეროვნულ ნაკრებს ეთამაშებიან. მატჩი დუბლინში, ავივა სთედიუმზე გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 6 ერის ჩემპიონი გუნდი, ევროპის ერთა თასის გამარჯვებულ ნაკრებს შეხვდება.
აღნიშნული ინსტორიული ტესტ-მატჩისადმი საქართველოში უდიდესი ინტერესია და რაგბის ის ქართველი ქომაგი, ვინც მატჩზე დასწრებას ვერ შესძლებს, შეხვედრის ხილვას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის პირდაპირი ეთერით შეძლებს. შეგახსენებთ, რომ ირლანდია-საქართველოს ტესტი 16 ნოემბერს, თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.
ირლანდიაში გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ბორჯღალოსნები თბილისში 2015 წლის მსოფლიო თასზე ჩ ჯგუფის მოწინააღმდეგეს – ტონგას უმასპინძლებენ. გუნდები ერთმანეთს ბოლოს თბილისში 1999 წლის 28 მარტს მსოფლიო თასის რეპეშაჟში შეხვდნენ. ბორჯღალოსნებმა ერთი ქულის სხვაობით 28:27 მოიგეს, მაგრამ ტონგასთან სტუმრად 37:6 წაგების გამო, მსოფლიო თასზე გასვლა ვერ მოახერხეს.
დუბლინიდან დაბრუნების შემდეგ კი, 23 ნოემბერს საქართველოს ნაკრები შინ იაპონიას მიიღებს. ქართულ-იაპონური ტესტი ბოლოს 2012 წლის 17 ნოემბერს, მესხის სტადიონზე გაიმართა. იმ შეხვედრაში ამომავალი მზის ქვეყნის ნაკრებმა ბოლო წუთზე გატანილი არეკნის წყალობით ქართველებს 25:22 სძლია.
ირლანდიის ტესტამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ბორჯღალოსნებს ურთულესი მატჩი ელით ღირსეულ და ძლიერ მოწინააღმდეგესთან. მან ასევე დასძინა შემდეგი:
„მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ გავაუმჯობესეთ ჩვენი თამაში და შარშანდელ საშემოდგომო სერიაში სამოას დამარცხებით დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოს 10 საუკეთესოს შორის მყოფთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში.
ჩვენ უნდა გავაასმაგოთ სათამაშო დისციპლინა, გამოვავლინოთ ჩვენი ძლიერი და აგრესიული ხასიათი და თავდაუზოგავი დაცვა ვითამაშოთ. ავივაზე, ირლანდიასთან, 6 ერის ჩემპიონთან თამაში ჩვენთვის დიდ პატივსა და უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს“.