ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-9 ტურში ქართველმა მოჭადრაკე მერი არაბიძემ (2409) შავი ფიგურებით იტალიელ ტეა გუეჩის (2099) სძლია და მოწინავე ათეულში შეაღწია.
ახლა, არაბიძის აქტივში 6.0 ქულაა და იგი ლიდერ ალეკსანდრა გორიაჩკინას (რუსეთი, 2430) 1.5 ქულით ჩამორჩება. მე-2 ადგილზე ირანელი სარასადატ ხადემალშარიე (2366) გახლავთ 7.0 ქულით, მე-3 კი რუსი დარია პუსტოვოიტოვაა (2354) 6.5 ქულით.
13 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-10 ტურში არაბიძე თეთრებით ინდოელ რუტ პადმინის (2331) ეთამაშება.
ვაჟთა ტურნირში ირაკლი ბერაძემ (2318) თეთრი ფიგურებით ლატვიელ ტომს კანტანსი (2485) დაამარცხა და 6.0 ქულით მე-20 პოზიციაზე გადაინაცვლა. 7.0 ქულით ლიდერები იი ვეი (ჩინეთი, 2641), შანგლეი ლუ (ჩინეთი, 2533) და ვლადიმირ ფედოსეევი (რუსეთი, 2661) არიან. მომდევნო ტურში ქართველი მოჭადრაკე შავებით ინდოელ რაგურამ რაო პრასანას (2447) დაუპირისპირდება.