ფეხბურთი

23:12 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაია წაგებული წავიდა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში პირველად მოხდა, რომ მწვრთნელმა თანამდებობის დატოვების შესახებ მატჩამდე განაცხადა. თემურ ქეცბაიამ მუშაობის მეხუთე წელს თქვა, რომ პოლონეთთან შეხვედრაში დაფიქისრებული ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მუშაობას არ გააგრძელებდა. მან ისურვა, რომ ბოლო მატჩში ფეხბურთელებს საჩუქარი გაეკეთებინათ და პოლონეთი დაემარცხებინათ. თუმცა, კარის გაჯახუნება არ გამოვიდა და ქეცბაია წაგებული წავიდა.

1997 წლის 11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს 1998 წლის შესარჩევ ციკლში პოლონელებს თბილისში 3:0 მოუგეს, ხოლო 17 წლის მერე პოლონელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს.

ეროვნულ გუნდს შესარჩევ ციკლში მომდევნო თამაში 2015 წლის 29 მარტს მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან აქვს და იქამდე ფეხბურთის ფედერაციას ახალი მწვრთნელის მოძებნა მოუწევს. არჩევანი დიდი ნამდვილად არაა, საზღვარგარეთ მომუშავე სპეციალისტებიდან - შოთა არველაძე და კახა ცხადაძე, ხოლო საქართველოში გია გეგუჩაძე. ცხადაძემ ქართულ-პოლონურ დაპირისპირებას თვალი “დინამო არენადან” ადევნა.

მატჩამდე “დინამოს” ფან-კლუბმა “გლადიატორებმა” სტადიონის შესასვლელთან თავისი რეპერტუარი სრულად შეასრულეს “პუტინ ხუ...ოს” ჩათვლით. პოლონელი ფანების ნაწილს თეთრი და შავი ფაფახები დაეხურათ, ხოლო სტადიონზე შესვლამდე არაყი მინერალური წყლის ბოთლებში გადაასხეს, რომ ტრიბუნებზე უპრობლემოდ შეეტანათ. პოლონელმა ფანებმა ერთი სექტორი შეავსეს და თავისი ქვეყნის ჰიმნს ანთებული მაშხალებით შეხვდნენ.

ქეცბაიამ ირლანდიასთან და შოტლანდიასთან მატჩებთან შედარებით ტაქტიკა შეცვალა და გუნდი სამი ცენტრალური მცველით აღარ ათამაშა. დაცვის ცენტრში აკაკი ხუბუტია და სოლომონ კვერკველია იდგნენ, მარჯვენა ფლანგზე უჩა ლობჟანიძე, მარცხენაზე გია გრიგალავა. ნახევარდაცვის ცენტრში გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და მურთაზ დაუშვილი მოქმედებდნენ. მარჯვენა ფლანგიდან მათ მხარს სანდრო კობახიძე უბამდა, ხოლო მარცხნიდან - ჯანო ანანიძე. თავდასხმაში ლევან მჭედლიძე თამაშობდა, რომელმაც მიმდინარე შესარჩევში პირველი მატჩი ჩაატარა. ნიკა გელაშვილი, რომელი თამაშამდე ორი დღით ადრე დაშავდა, ტრიბუნაზე იჯდა და ყავარჯენი ეჭირა.

პირველად კარში ქართველებმა დაარტყეს - საჯარიმოს ფარგლებს გარედან კანკავამ ცაციათი ბურთი არაზუსტად გაგზავნა. პოლონელებმა საშუალო მანძილიდან არკადიუშ მილიკის დარტყმით უპასუხეს და გიორგი ლორიამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.

მე-17 წუთზე, მეტოქის საჯარიმოში შესულმა გჟეგოჟ კრუშოვიაკმა მარცხენა ფეხით ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა, ხოლო მარჯვენა მახვილი კუთხიდან კამილ გროსიცკის დარტყმული გვერდითმა ძელმა “მოიგერია”.

ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ლობჟანიძის მიერ მარჯვნენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი პოლონელმა მცველმა ცუდად “ამოიტანა” და კანკავამ კარგი პოზიციიდან შეუჩერებლად უზუსტოდ “გაისროლა”.

2 წუთში ლობჟანიძე ისევ ჩაერთო შეტევაში და კვლავ სახიფათოდ ჩააწოდა, მაგრამ პოლონელებმა დაცვაში საიმედოდ ითამაშეს. მალევე, შორი მანძილიდან კობახიძეს მიზანმა უმტყუნა.

ამ 2 ეპიზოდის შუაში, გროსიცკიმ კვირკველიას ორთაბრძოლა მოუგო, ბურთი ქართველების საჯარიმოში მკერდზე მიიღო და სახიფათოდ დაარტყა - მასპინძლები გოლის გაშვებისგან ნახტომში გიორგი ლორიამ იხსნა.

პოლონელების მორიგი შეტევის დროს, ლუკაშ პიშჩეკმა ცრუ მოძრაობით გრიგალავა ჩამოიცილა, მაგრამ საჯარიმოს ფარგლებს გარედან ცაციათი შორეულ კუთხეს ააცილა.

პირველი ტაიმის დასრულებამე 10 წუთით ადრე, ანანიძემ შორიდან საჯარიმო დარტყმა გააცუდა. ამას თითქმის იმავე მანძილიდან მჭედლიძის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა.

შესვენებამდე ხუთი წუთი რჩებოდა, როცა ანანიძის შესრულებული ჯარიმის შემდეგ გრიგალავამ თავი წაჰკრა ბურთს, რომელიც მეტოქის ფეხიდან ისევ დაუბრუნდა და პასი კობახიძეს მისცა, ხოლო ამ უკანასკნელმა კარის ახლოდან დარტყმით ანგარიშის გახსნის შანსი ვერ გამოიყენა.

პოლონელებმა მასპინძლებს ძალიან მწვავე შეტევით უპასუხეს და მარცხნიდან არტურ იედრჟეიჩიკის გადაცემის მერე, სტუმართა შორის ყველაზე სახიფათო გროსიცკიმ ქართველების საჯარიმოში ბურთი მიიღო და ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იხეირა.

მეორე ტაიმი მცირე ხნის დაწყებული იყო, რომ მარცხნიდან კშიშტოფ მაჩინსკის პასის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმოში ბურთი მკერდით გაისწორა და შემოტრიალებით დაარტყა - ლორიას “წყალობით” პოლონელები მხოლოდ კუთხურს გამორჩნენ. “სტანდარტულის” შესრულების მერე, ცენტრალურმა მცველმა ლუკაში შუკალამ მასპინძელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, კამილ გლიკმა კი, ასევე თავით პოლონელები დააწინაურა - 1:0.

მალე შეცვლაზე შესული თორნიკე ოქრიაშვილის წამოწყებული კომბინაცია ძლიერი დარტყმით კანკავამ დაასრულა და ბურთმა გვერდით ძელს ჩაუქროლა. პოლონელებმა მეორე გოლიც სტანდარტულიდან გაიტანეს, როდესაც საჯარიმოს შესრულების მერე, კამილ გლიკმა მეტოქის საჯარიმოში ქართველ ოპონენტს თავით დაასწრო და გჟეგოჟ კრუშოვიაკმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაზარდა - 2:0.

მალე კრუშოვიაკს მხარი კარგად აუბა მილამ, რომელმაც საჯარიმოს ფარგლებს გარედან ულამაზესი დარტყმით გაიტანა - 3:0.

სტუმრებს ჩვენი კარის დალაშქვრა კიდევ შეეძლოთ, როდესაც კონტრშეტევის დროს ქართველების საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ლევანდოვსკიმ არ დაარტყა და საგოლე პასს მაცეი რიბუსს აძლევდა, მაგრამ მასპინძელთა მცველმა ბურთი ჩაჭრა.

მატჩის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე, არკადიუშ მილიკთან ორთაბრძოლის დროს, კვირკველიას თავიდან ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მატჩის ბოლო წუთზე ლევანდოვსკიმ ერთი შეხედვით გადასული ბურთი შეინარჩუნა, მარცხენა ფლანგიდან მოწინააღდეგის საჯარიმოში შევიდა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა - ბურთი ხუბუტიას ფეხიდან მილიკს მიუვიდა, რომელმაც აუღელვებლად საბოლოო წერტილი დასვა - 4:0.

დღემდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საშინაო მატჩებში ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი განცდილი არ ჰქონდა...

საქართველო – პოლონეთი 0:4 (0:0)

14 ნოემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენა”.

საქართველო: ლორია, ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, კაშია, გრიგალავა, ხუბუტია, კანკავა (კ), დაუშვილი, ანანიძე (ოქრიაშვილი, 59), კობახიძე (ძალამიძე, 88), მჭედლიძე (ჭანტურია, 68).

მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

პოლონეთი: შჩესნი, იედრჟეიჩიკი, შუკალა, მილიკი, კრუშოვიაკი, ლევანდოვსკი (კ), გროსიცკი (რიბუსი, 69), გლიკი, მაჩინსკი (იედლოვიეცი, 65), მილა (ლინეტი, 87), პიშჩეკი.

მთავარი მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

გოლები: 0:1 გლიკი (51), 0:2 კრუშოვიაკი (71), 0:3 მილა (73), 0:4 მილიკი (90+2)

გაფრთხილება ლობჟანიძე (56), იედრჟეიჩიკი (79), იედლოვიეცი (83), ლინეტი (90+1)

მთავარი მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

1.

პოლონეთი

4

3

1

0

15:2

10

2.

ირლანდია

3

2

1

0

10:2

7

3.

გერმანია

3

1

1

1

3:4

4

4.

შოტლანდია

3

1

1

1

4:4

4

5.

საქართველო

4

1

0

3

4:7

3

6.

გიბრალტარი

3

0

0

3

0:17

0

0.116579