ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” მორიგი წინასასეზონი მატჩი გამართა და მარცხი განიცადა. მილუოკელები კლივლენდის “ქუიქენ ლოანს არენაზე” ლებრონ ჯეიმსის “კავალიერსთან” 100:106 დამარცხდნენ, “მეფე ლებრონს” კი გადაღლილობის გამო არ უთამაშია.
სასიხარულოა, რომ “ბაქსის” მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ქართველი ცენტრი ისევ სასტარტო ხუთეულში დააყენა და ზაზაც იმ ოთხ კალათბურთელს შორის მოხვდა, რომელთაც მოედანზე ყოფნის დროსაც, “ბაქსმა” მეტოქეზე მეტი ქულა ჩააგდო.
ფაჩულიამ მოედანზე 24 წუთი გაატარა და 12 ქულა, 5 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 9-დან 4 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
საინტერესოა, რომ მილუოკელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა უწია, საუკეთესო კი გასულ დრაფტზე მე-2 ნომრად აყვანილი მსუბუქი ფორვარდი ჯაბარი პარკერი გახლდათ, რომელმაც 28 წუთში 18 ქულა დააგროვა.
ჯეიმსის და კაირი ირვინგის არყოფნაში, კლივლენდელთა ლიდერობა საკუთარ თავზე კევინ ლავმა აიღო, ვისი მონაგარიც 25 ქულა იყო, დიონ ვეიტერსმა 23 ქულა ჩააგდო, “კავალიერსის” ბრაზილიელმა ცენტრმა ანდერსონ ვარეჟაომ კი, რომელთან პაექრობაც ფაჩულიას ხშირად უწევდა, 23 წუთში მხოლოდ 6 ქულა მიითვალა.
“ბაქსს” წინასასეზონო პერიოდში 4 მატჩში მე-3 მარცხი მოუგროვდა, მომდევნო თამაში კი მინესოტაში “ტიმბერვულვზთან” ელის. ეს მატჩი 18 ოქტომბრის დილას შედგება.