ხვალ, უეფას სუპერთასის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც "პარი სენ-ჟერმენი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა ზალცბურგში გაიმართება და მას 34 წლის სომალელი მსაჯი ომარ არტანი განსჯის.
ეს ის არბიტრია, რომელსაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე უნდა ემსაჯა, თუმცა აშშ-მ მას სამუშაო ვიზა არ მისცა, რის გამოც სამშობლოში დაბრუნება მოუწია. ამ საკითხზე ომარ არტანიმ UEFA-ს ოფიციალურ გვერდთან საუბრისას კომენტარი გააკეთა.
"ეს ძალიან რთული პერიოდი იყო, ბევრი ადამიანი თანაგრძნობას გამოხატავს ჩემს მიმართ, რადგან როდესაც ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში შრომობს და რაღაცის გაკეთებას გეგმავს, შემდეგ კი ამის გაკეთება აღარ შეუძლია, ეს ძალიან რთულია. თუმცა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ნამდვილად ვაფასებ. ძალიან მადლიერი ვარ.
რაც შეეხება სუპერთასის მატჩს, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ უდიდესი მატჩის განსასჯელად დამნიშნეს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო UEFA-ს, ასევე CAF-ის პრეზიდენტს და მთლიანად CAF-ის გუნდს.
ჩემთვის შესანიშნავია, რომ CAF (აფრიკის ფეხბურთის კონფედერაცია) UEFA-სთან თანამშრომლობს. ეს უკანასკნელი კი მსაჯებისთვის მსოფლიოში საუკეთესო კონფედერაციაა. ევროპაში სტანდარტი შესანიშნავია და ფეხბურთიც, რომელსაც იქ თამაშობენ, ძალიან, ძალიან მაღალი დონისაა. ვფიქრობ, CAF-ის მსაჯებს UEFA-სგან ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ, ისევე როგორც UEFA-ს მსაჯებს შეუძლიათ ბევრი რამ ისწავლონ CAF-ისგან. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო თანამშრომლობაა", - განაცხადა ომარ არტანიმ.
"პარი სენ-ჟერმენისა" და "ასტონ ვილას" დაპირისპირება ხვალ, 12 აგვისტოს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.





