იაპონიამ 2026 წლის მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ტურნირი მე-13 ადგილზე დაასრულა.
ქუთაისის “აია არენაზე” ესპანელებმა მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და რომ არა უდისციპლინობა, სავარაუდოდ, გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ. მაგრამ მათ ხუთი ყვითელი ბარათი მიიღეს, რის გამოც დიდი დრო მოედანზე კაცნაკლული გაატარეს, ორჯერ კი სულაც 13 კაცის ამარა დარჩნენ. საბა მახარაძემ ორჯერ დასაჯა ყვითელი ბარათით იაპონიაც, თუმცა მათი დანაკლისი მეტოქესთან შედარებით უმნიშვნელო იყო.
ესპანელები ლელოთი და ჯარიმით დაწინაურდნენ, პირველი ტაიმის შუაში კი პირველი ყვითელი ბარათი და საპასუხო ლელო მიიღეს. ორ წუთში ესპანეთი მეორე სინბინითაც დაისაჯა და მოედანზე 13 კაცით პირველად დარჩა, მაგრამ ჯარიმით 3 ქულის აღება თავად მოახერხა და მეორე ლელო 30-ე წუთსეღა გაუშვა. ამ დროს აზიელები გარდასახვით წინაც გავიდნენ, თუმცა მალევე ყვითელი ბარათით თავადაც დაისაჯნენ და ესპანეთი ტაიმის მიწურულს გატანილი გარდასახული ლელოს შემდეგ 18:12 დაწინაურდა.
მეორე ტაიმის საწყის 12 წუთში აზიელებმა ორი ლელოთი ლიდერობა დაიბრუნეს, რაზეც ტაიმის შუაში ესპანეთმა ლელოთი უპასუხა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, სხვაობა მხოლოდ მინიმუმამდე დაიყვანეს. 65-ე და 70-ე წუთებზე ესპანეთმა კიდევ ორი ყვითელი მიიღო და 13-კაციან მეტოქესთან იაპონელებმა ლელო გაიტანეს, მაგრამ ესპანეთმა ჯარიმით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა და თამაშში დარჩა. მაგრამ იაპონიამ 78-ე წუთზე თავისი მეექვსე ლელო გაიტანა, რითაც გამარჯვება გაიფორმა და ტურნირი მე-13 ადგილზე დაასრულა - 34:26.
მე-15 ადგილისთვის მატჩში, 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება იზეიმა აშშ-მ. ის “აია არენაზე” ურუგვაის შეხვდა და 33-ე წუთზე, სამი გაშვებული ლელოს შემდეგ 0:15 ჩამორჩა. მაგრამ მათ შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა, ტაიმის ბოლოს ერთი ლელო გაქვითეს, მეორეს დასაწყისში კი მეორე გაიტანეს და რადგან ორივე გარდასახვა ზუსტი იყო სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს.
აშშ 46-ე წუთზე გატანილი ჯარიმის შემდეგ დაწინაურდა, რის შემდეგაც უპირატესობა მეთოდურად გაიზარდა და საბოლოოდ 39:15 გაიმარჯვა.
RUGBY.GE







