სხვა

14:14 | 10.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაკგრეგორი და ჰოლოუეი საბოლოო ანგარიშსწორებისთვის ბრუნდებიან
ნანატრი რევანში UFC-ში

ათწლეულის ყველაზე ნანატრი რევანში, მაკგრეგორი და ჰოლოუეი საბოლოო ანგარიშსწორებისთვის ბრუნდებიან. დიდი მოლოდინია მაქს ჰოლოუეისა და კონორ მაკგრეგორის განმეორებითი ბრძოლის წინ, რომელიც UFC 329-ზე გაიმართება. შერეული ორთაბრძოლების ორი ვარსკვლავი ერთმანეთს თბილისის დროით კვირას, 12 ივლისს, დილის 7:00 საათზე, ლას-ვეგასში დაუპირისპირდება.

ეს არის ბრძოლა, რომელსაც გულშემატკივრები ათ წელზე მეტია ელოდებიან. ისინი პირველად 2013 წელს შეხვდნენ, როდესაც მაკგრეგორმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

იმ პერიოდში არც ერთ მებრძოლს UFC-ის ჩემპიონის ტიტული ჯერ არ ჰქონდა მოპოვებული, თუმცა სწორედ ამ შეხვედრამ დაუდო საფუძველი ორივე მათგანის წარმატებულ კარიერას.

„ცხოვრობ, სწავლობ, ხომ ასეა? ყოველი მარცხი ჩვენთვის გაკვეთილია და ესეც სწორედ ასეთი გამოცდილება იყო. ამის შემდეგ ბევრ დიდ წარმატებას მივაღწიე. მანაც ბევრს მიაღწია და აი, 13 წლის შემდეგ ისევ აქ ვართ. აღფრთოვანებული ვარ", - განაცხადა ჰოლოვეიმ.

მაქს ჰოლოუეი კარიერაში პირველად იბრძოლებს 170 ფუნტში (დაახლოებით 77კგ). მთავარი ბრძოლისთვის მოსამზადებლად ჰოლოუეის ამჯერად მკაცრი წონის დაკლება არ დასჭირვებია. ახალ წონით კატეგორიასთან უკეთ შესაგუებლად მან სავარჯიშოდ ყოფილი UFC-ის ჩემპიონი ჯეკ დელა მადალენა მიიწვია.

„თავდაპირველად მხოლოდ ერთი კვირით უნდა გვევარჯიშა ერთად. იმდენად მოგვეწონა ეს პროცესი, რომ მეორე კვირაც დარჩა. მისი ჩამოყვანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. შესანიშნავად ვივარჯიშეთ და შაბათ საღამოს ვნახავთ შედეგს. ძალიან სახალისო იქნება".

ჰოლოუეი ბოლო წლებში UFC-ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მებრძოლია, მაშინ როდესაც მაკგრეგორს 2021 წლის შემდეგ აღარ უბრძოლია, მას შემდეგ, რაც ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო. თუმცა, მაქსისთვის ეს არაფერს ცვლის.

"კონორი ყველაფერს სწორად აკეთებს, ამიტომ ვემზადები იმ ყველაზე სახიფათო კონორ მაკგრეგორისთვის, რომელიც ოდესმე გვინახავს. სხვა ვერავინ დამარწმუნებს, რადგან როგორც კი მეტოქის დაუფასებლობას დაიწყებ, ყველაფერი ცუდად მთავრდება. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის ბრძოლაა, შესაძლებლობა მომეცა გავარკვიო, რა იყო სწორი და რა არასწორი. მოუთმენლად ველოდები ამ ბრძოლას", - თქვა ჰოლოვეიმ.

მიუხედავად ამ ბრძოლის გარშემო არსებული უდიდესი აჟიოტაჟისა და ინტერესისა, ჰოლოუეისთვის ეს, პირველ რიგში შესაძლებლობაა, UFC-ში კარიერის ერთ-ერთი პირველი მარცხისთვის შური იძიოს.

თავის პრესკონფერენციაზე მაკგრეგორმა სიტყვები ასე დაიწყო:

„ალილუია, მაკი დაბრუნდა.“

მაკგრეგორი ყოველთვის ცნობილი იყო ხმამაღალი განცხადებებით, თუმცა UFC 329-ის მედიის დღეზე შედარებით თავშეკავებული იყო და მეტოქესაც შეაქო.

„მაქსს ოქტაგონში ძალიან მდიდარი კარიერა აქვს, არაერთ ძლიერ მეტოქეს შეხვედრია, შესანიშნავი მეტოქეა, შესანიშნავი ღონისძიებაა, შესანიშნავი Fight Week-ია და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.“

მაკგრეგორმა ასევე უპასუხა იმ შეკითხვებს, რომლებიც მის ხანგრძლივ პაუზას უკავშირდებოდა.

„ხალხს თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს. ზოგიერთი კითხვა სრულიად სამართლიანია, დიდი პაუზა, ტრავმა, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, ვიცი, მაგრამ შაბათ საღამოს ოქტაგონში შევალ და კიდევ ერთხელ ყველას გავაჩუმებ.“

მაკგრეგორმა განაცხადა, რომ მადლიერია კარიერის ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობისთვის და ამ დროისთვის წონითი კატეგორიის შეცვლას არ გეგმავს ჰოლოუეისთან განმეორებითი ბრძოლის შემდეგ.

„ორიგინალი ორმაგი ჩემპიონი, ახლა კი მესამე ტიტულისკენ მივდივარ. შესანიშნავი ისტორია იქნებოდა", - განაცხადა მაკგრეგორმა.

კონორ მაკგრეგორს თავდაჯერებულობა არ აკლია. ყოფილმა ორი წონითი კატეგორიის ჩემპიონმა თავისი ყველაზე თამამი პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ შაბათს მაქს ჰოლოუეის მალევე დაამარცხებს.

"მაქსის განადგურება 10 წამშიც შემიძლია, ჩემს საბრძოლო კარიერაში სამ წამშიც მაქვს ნოკაუტით მოგება. დიდების დარბაზის არაერთი მებრძოლი, მათ შორის UFC-ის დიდების დარბაზის წევრები, ერთად აღებულიც კი ერთ წუთზე ნაკლებ დროში მყავს დამარცხებული. მაქსსაც იმ სიას მივამატებ."

მაკგრეგორმა, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ბრძოლა შესაძლოა პირველივე წამებში არ დასრულდეს.

"მაგრამ არ შეგეშალოთ. თუ ბრძოლა ღრმა წყლებში, ანუ ხანგრძლივ რაუნდებში გადავიდა, მაქსი ძალიან დიდ პრობლემებში აღმოჩნდება," - თქვა მან.

ამაზე ჰოლოუეიმ უპასუხა:

"პირველ ბრძოლაში რა მოხდა?"

მაკგრეგორმა პასუხი დაუყოვნებლივ გასცა:

"ეტლით გაგიყვანეს. სწორედ ეს მოხდა პირველად. შენი პატარა უკანალი ოქტაგონიდან ეტლით გავიყვანე."

ეს სიტყვიერი დაპირისპირება სრულად შეესაბამება წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ბრძოლის წინ შექმნილ ატმოსფეროს.

მაკგრეგორს 2021 წლის შემდეგ აღარ უბრძოლია, როდესაც დასტინ პორიესთან განმეორებით შეხვედრაში ფეხი მოიტეხა. მოგვიანებით UFC 303-ზე მაიკლ ჩენდლერთან ჩხუბიც ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა ტრავმის გამო ბრძოლა გაუქმდა. UFC 329 მისთვის ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური დაბრუნებაა.

ჰოლოვეიმ არაერთხელ აღნიშნა, რომ მაკგრეგორის სიტყვიერი შეტევები არ აღელვებს და მისთვის მთავარი მხოლოდ ისაა, რომ კონორი მართლაც გამოცხადდეს ბრძოლაზე.

ორივე მებრძოლი კვირა დილით ლას-ვეგასის T-Mobile Arena-ზე, საბოლოოდ გაარკვევს ურთიერთობას. მაკგრეგორი შეეცდება თავისი ხმამაღალი პროგნოზი რეალობად აქციოს, ხოლო ჰოლოუეი - შური იძიოს იმ მარცხისთვის, რომელიც მას უკვე ათ წელზე მეტია თან სდევს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163729