საქართველოს 7-კაცამ 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო, თუმცა 1/4-ფინალი ერთი გარდასახვით დათმო და დასკვნით დღეს მე-5-მე-8 ადგილებისთვის იბრძოლებს.
გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, პირველ დღეს ბელგიის 14:12 და იტალიის 26:19 დამარცხების შემდეგ, მეორე დღეს ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ლიეტუვას ვძლიეთ. პირველი ტაიმის მიწურულს ნიკოლოზ ნოქარაშვილი მბოჭავს ამოუხტა და ლელო გაიტანა. ეს მატჩის ერთადერთი ლელო აღმოჩნდა და 5:0 გამარჯვების შემდეგ, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ.
1/4-ფინალში ნაცნობ იტალიას შევხვდით, პირველსავე წუთზე მეტოქეს ბურთი ავართვით, გაგა ქევხიშვილი ორ მბოჭავს გაექცა და ანგარიში გახსნა. ქევხიშვილმა ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ მეორე ლელოც გაიტანა, ტაიმის ბოლოს კი შერკინებიდან მატიას მოდებაძემ შეუტია და მესამე ლელო გაიტანა, რომელსაც ზუსტი გარდასახვაც მოყვა და ტაიმი 17:0 მოვიგეთ.
სამწუხაროდ, მეორე ტაიმში სამი ლელო მივიღეთ, საიდანაც ორს ზუსტი გარდასახვა მოყვა და იტალიამ 19:17 გაიმარჯვა. შედეგად, მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადავინაცვლეთ, რომელშიც 12:36 საათზე ესპანეთს შევხვდებით. მეორე ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთი პორტუგალიას შეხვდება.
თასის ნახევარფინალში ბელგია, გერმანია, საფრანგეთი და იტალია გავიდნენ.
საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ჰამბურგში
ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ბექა სამსიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, დავით კვრიკაშვილი, ლაშა ბარბაქაძე, მატის მოდებაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, სოსო მათიაშვილი (კაპ.), ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე, საბა არჩვაძე.
RUGBY.GE







