ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა ლუკა მოდრიჩმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში პორტუგალიასთან 1:2 განცდილი მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და VAR-ი გააკრიტიკა. მისი თქმით, მას შერჩევით იყენებენ.
„შეგვიძლია თამაში ორ ნაწილად გავყოთ. პირველ ტაიმში ჩვენს საუკეთესო დონეზე არ ვითამაშეთ, საკმაოდ უკან ვიდექით, მაგრამ მეორე ტაიმში ფენომენალური თამაში ვაჩვენეთ. ეს ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. შეგვეძლო, ყველაფერი უფრო ადრე დაგვესრულებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. შანსები გავანიავეთ, შემდეგ კი ისეთი რაღაცები მოხდა, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია.
თავიდანვე ვთქვი, როცა VAR-ი დაინერგა, რომ არ მომეწონა. ზოგიერთი რამისთვის სასარგებლოა, მაგრამ არასწორად ან შერჩევითად გამოიყენება. VAR-ი მხოლოდ მაშინ უნდა ჩაერიოს, თუ ეს 200%-ით აშკარა შეცდომაა. პორტუგალიის სიტუაციაში ჩვენ რომ ვყოფილიყავით VAR-ი არასდროს ჩაერეოდა.
რაც მოხდა, მოხდა. თამაშის შემდეგ ძნელია ისეთი რამის თქმა, რაც სწორი იქნება. არ მინდა ისეთი რამ ვთქვა, რაც არასწორად იქნება აღქმული. შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორ ვითამაშეთ მეორე ტაიმში. მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია", განაცხადა მოდრიჩმა.
პორტუგალიის ნაკრები მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება, აღნიშნული შეხვედრა 6 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.





