ფეხბურთი

2:54 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

სასწაული ბელგიურად და სენეგალის 3-წუთიანი კოშმარი

ბელგიის ნაკრები განწირული ჩანდა, თითქოს, მსოფლიოს ჩემპიონატს ისე უფერულად უნდა დამშვიდობებოდა, როგორც ჯგუფური ეტაპი ჩაატარა, მაგრამ სამწუთიანი სასწაულით ყველაფერი შეიცვალა.

სენეგალის ნაკრებმა ბელგიას 85 წუთის განმავლობაში ძალიან აჯობა, მეტი რომ არ შეიძლება, მაგრამ მაინც დამარცხდა. პაპის ჩაოს გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა, საპირისპიროდ რუდი გარსიას ბელგია, რომელსაც არაფერი შეუქმნია დიდი ხანი, საგოლე მომენტიც კი არ ჰქონია.

25-ე წუთზე სენეგალის ნაკრები დაწინაურდა - ჰაბიბ დიარამ ძელიდან ასხლეტილ ბურთს დაამატა და ცარიელ კარში გაიტანა. პირველ ტაიმში სენეგალს კიდევ არაერთხელ შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ გამოიყენა შანსი. სამაგიეროდ, მეორე ტაიმის დაწყებამდე სენეგალის გოლი ერთი იყო, თანაც დიდებული გოლი, რომელიც ისმაილა სარმა გაიტანა. მან მე-4 გოლი შეაგდო და გაიმეორა როჟე მილას მიღწევა - ერთ მუნდიალზე აფრიკელ ფეხბურთელებში ყველაზე მეტი გოლი.

2:0 და უდიდესი სათამაშო უპირატესობა. ბელგიის ნაკრებს თამაში არ ჰქონდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ იური ტილემანსმა და ლეანდრო ტროსარმა მოედანზე იჩხუბეს. მოკლედ, ბელგია სახლში მიდიოდა - ყველანაირი ლოგიკით.

თუმცა, ფეხბურთი სწორედ იმიტომაა საინტერესო, რომ ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება, ერთ მომენტს, ერთ წამს შეუძლია ყველაფრის შეცვლა და ასე მოხდა სიეტლშიც.

86-ე წუთზე ბელგიის ნაკრებმა კარში პირველად დაარტყა მეორე ტაიმში და ეს დარტყმა გოლით დასრულდა. რომელუ ლუკაკუმ მცველს დაასწრო და სხვაობა შეამცირა. თამაში დაიძაბა, მაგრამ ბელგიას ცოტა დრო ჰქონდა. დრო, რომელიც მაინც ეყო გასათანაბრებლად: 89-ე წუთზე ტროსარის ჩაწოდების შემდეგ იური ტილემანსმა გაიტანა - ცოტა ხნის წინ ჩხუბობდნენ, ახლა გოლი შექმნეს.

2:2 და დამატებითი დრო დაინიშნა, რომელიც შედარებით მშვიდად მიმდინარეობდა, 120-ე წუთამდე, სანამ ტილემანსმა პენალტი არ მოიპოვა, რომელიც თავად გაიტანა და ბელგიის ნაკრებმა 3:2 მოიგო!

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ 2018 წლის მუნდიალის მერვედფინალი, როცა ბელგია იაპონიასთან 69-ე წუთამდე 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ ბოლოს 3 გოლი გაიტანა და მოიგო. ახლაც იგივე მოხდა, ოღონდ იმ სხვაობით, რომ 86-ე წუთამდე აგებდა და დამატებითი დრო დასჭირდა. ბელგია პირველია, ვინც 85-ე წუთზე 0:2 ჩამორჩენის მიუხედავად, თამაში მოიგო.

ბელგია მერვედფინალშია, სადაც აშშ-ს ან ბოსნიას შეხვდება. სენეგალის ნაკრებმა კი ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალოს - ასეთი მატჩის წაგება უბრალოდ არ შეიძლება.

ბელგია - სენეგალი 3:2 დ.დ (0:1)

გოლები: 0:1 დიარა (25), 0:2 სარი (51), 1:2 ლუკაკუ (86), 2:2 ტილემანსი (89), 3:2 ტილემანდი (120, პენ)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167518