მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ერთი მასპინძელი, აშშ-ს ნაკრები ჩაერთო, რომელმაც პარაგვაის ნაკრები გაანადგურა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა.
მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა აჩვენა კლასი, მონდომება და მოტივაცია. მასპინძელთა შორის ბრწყინვადა კრისტიან პულიშიჩი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ტაიმი ითამაშა, შესანიშნავი იყო ვესტონ მაკკენი და მომაკვდინებელი ფლოარინ ბალოგუნი, ხოლო ჯოვანი რეინამ მიმდინარე მუნდიალის ყველაზე ლამაზი გოლი შეაგდო.
აშშ-მ პირველივე ტაიმში ყველაფერი გადაწყვიტა: ანგარიშიც სწრაფად გახსნა, მეშვიდე წუთზე დამიან ბობადილას ავტოგოლით ამერიკა დაწინაურდა. მალევე, ფოლარინ ბალოგუნმა გაიტანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, გოლი გაუქმდა.
თუმცა, „მონაკოს“ ფორვარდმა შესვენებამდე მაინც მოასწრო გოლების გატანა. მან 31-ე და 45-ე წუთებზე ორჯერ გაუტანა სამხრეთ ამერიკელებს და თამაშს ყველანაირი ინტრიგა მოუკლა - 3:0 პირველი ტაიმის შემდეგ.
მეორე ტაიმი მხოლოდ ფორმალობა იყო, რომელშიც გუნდებმა გოლები გაცვალეს. „ალბიროხამ“ მაურისიოს გოლით შეამცირა სხვაობა, მაგრამ სამბურთიანი სხვაობით მარცხს თავი მაინც ვერ დააღწია, რადგან კომპენსირებულ დროში ჯოვანი რეინამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 4:1. ამერიკის ნაკრებმა მუნდიალზე სამბურთიანი სხვაობით ლამის საუკუნის, 1930 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
აშშ-მ რიხით დაიწყო, ამბიციები ყველას დაანახა, ხოლო პარაგავის 16-წლიანი პაუზის შემდეგ მუნდიალზე დაბრუნება ძალიან ცუდი გამოუვიდა.
აშშ-ს ნაკრები მეორე ტურში 19 ივნისს, ავსტრალიას შეხვდება, ხოლო პარაგვაის მეტოქე 20 ივნისს, თურქეთი იქნება.
აშშ - პარაგვაი 4:1 (3:0)
ლოს ანჯელესი, „სოფი სთედიუმი“
აშშ (4-2-3-1): ფრეზი; ფრიმენი, რიჩარდსი, რიმი, რობინსონი; ადამსი, ტილმანი (რეინა 82); დესტი (ვეა 72), მაკკენი, პულიშიჩი (ბერჰალტერი 46); ბალოგუნი (პეპი 72)
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
პარაგვაი (4-4-2): ხილი; კასერესი (ველასკესი 79), გომესი (კაკუ 80), ალდერეტე, ალონსო; გომესი, კუბასი, ბობადილია (მაურისიო 46), ალმირონი (სოსა 79); სანაბრია (არსე 62), ენსისო
მწვრთნელი: გუსტავო ალფარო
გოლები: 1:0 ბობადილია (7, ა.გ), 2:0 ბალოგუნი (31), 3:0 ბალოგუნი (45), 3:1 მაურისიო (73), 4:1 რეინა (90)
გაფრთხილება: ადამსი (59) - კასერესი (10), ალმირონი (53), გომესი (79), არსე (88), ალონსო (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 9 (1) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 3:1 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: დანი მაკეილე (ნიდერლანდები)







