27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლებს. 2017 წელს თბილისსა და ქუთაისში გამართულმა ჩემპიონატმა, დღემდე ჩატარებულ ტურნირებს შორის, მსოფლიო რაგბისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.
წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა 12-იდან 16-მდე გაიზარდა და შედეგად, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ქომაგს 20-20 უმაღლესი დონის თამაშის ხილვის შესაძლებლობა ექნება. ერთმანეთს შეერკინებიან მსოფლიო რაგბის 16 წამყვანი ქვეყნის 20-წლამდელთა ნაკრებები, რომლებიც დაკომპლექტებული არიან იმ ამომავალი ვარსკვლავებით, რომლებიც მომავალში არაერთ დაუვიწყარ წუთს გვაჩუქებენ - უკვე კაცთა რაგბში!
2008 წელს დაარსებულმა 20-წლამდელთა ჩემპიონატმა, ელიტურ რაგბს უკვე გამოუწრთო 500-ზე მეტი უმაღლესი დონის მორაგბე. მათგან რამდენიმე ათეული მოთამაშე, საკუთარი ჯადოქრობით სამუდამოდ იპყრობს ქომაგთა გულებს და კვირიდან კვირამდე ამყოფებს მათ მუდმივი მოლოდინის რეჟიმში, რათა კიდევ ერთხელ იხილონ თავიანთი კუმირის მორიგი გაელვება.
მომავალი ვარსკვლავების ახალი ტალღა, 16 ქვეყნის ჯამში 500-მდე მორაგბე, საერთაშორისო ასპარეზზე პირველად სწორედ ქართველი ქომაგის წინაშე, თბილისსა და ქუთაისში გაიბრწყინებს! არ გაუშვა ხელიდან ეს შესანიშნავი შესაძლებლობა!
ესპანეთი
ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებს. ის დ ჯგუფში საფრანგეთთან, ავსტრალიასთან და ფიჯისთან მოხვდა.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს ესპანეთი ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავს და 27 ივნისს, 20:30 საათზე ავსტრალიას; 2 ივლისს 13 საათზე საფრანგეთს; ხოლო 7 ივლისს 20:30 საათზე ფიჯის ეთამაშება, რის შემდეგაც, ჯგუფში დაკავებული ადგილის მიხედვით, შესაბამის ფლეი ოფში (ნახევარფინალი და ფინალი) გადაინაცვლებს.
ესპანეთმა მსოფლიო რაგბის ალაფაზე სულ ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ ფინალში გავიდა. 2016 წელს მან გადამწყვეტი შეხვედრა სამოასთან დამატებით დროში დათმო (32:38), ხოლო 2023 წელს ფინალში ურუგვაი 39:32 დაამარცხა და ელიტაში აღზევდა.
2024 წლის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, ესპანეთმა ფიჯის დამატებით დროში გატანილი ლელოთი 24:19 სძლია და მე-11 ადგილის დაკავებით, 12 გუნდს შორის ადგილი შეინარჩუნა. შარშან მან ხუთივე შეხვედრა დათმო და ბოლო (მე-12) ადგილზე გავიდა, თუმცა გუნდების რაოდენობის 16-მდე გაზრდის გამო, ჩემპიონატში თამაშის უფლება დაიტოვა.
მსოფლიო რაგბის ტურნირებზე ესპანეთის 20-წლამდელთა ნაკრებმა ყველაზე დიდი სხვაობით 2023 წელს ჰონკონგი დაამარცხა - 53:0, თავად კი 2025 წელს საფრანგეთთან 11:49 დამარცხდა.
ესპანეთში რაგბის თამაში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს, 1923 წელს კი რაგბის ფედერაცია დააარსეს და 1934 წლიდან რაგბი ევროპის წევრები გახდნენ. ნაკრები პირველად 1929 წელს შეიკრიბა და იტალიას 9:0 აჯობა. გუნდმა არსებობის განმავლობაში ერთადერთხელ, 1999 წელს ითამაშა მსოფლიო თასზე და 2027 წელს მსოფლიოს უმაღლეს ფორუმზე მეორედ წარსდგება. ყველაზე დიდი სხვაობით - 90:8, ესპანეთმა 1995 წელს ჩეხეთი დაამარცხა, თავად კი 2001 წელს ავსტრალიასთან დამარცხდა - 10:92.
მოცემული მომენტისთვის ესპანეთში 330-ზე მეტი სარაგბო კლუბი და 40 ათასამდე მორაგბეა რეგისტრირებული. „ლაიონსი“ (ეპანეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) მსოფლიო რეიტინგში 67.51 ქულით მე-17 პოზიციაზეა.
RUGBY.GE







