საქართველოს 7-ქალა და 7-კაცა ნაკრებებმა, რომლებიც რაგბი ევროპის ტურნირებისთვის ემზადებიან, საფრანგეთში მაღალი დონის მოსამზადებელი, საერთაშორისო ტურნირი ითამაშეს.
აგენოში გამართულ თამაშებში, შედეგზე მნიშვნელოვანი იყო ხარისხი და იმ შეცდომების დაფიქსირება, რომელთა გამოსასწორებლად მწვრთნელებს მცირე დრო რჩებათ.
7-კაცამ აგენოში ექვსი თამაში ჩაატარა და მათგან სამი მოიგო. მთავარი მწვრთნელის რანგში გიორგი ნოზაძის სადებიუტო მატჩში, ბიჭებმა ჩინეთი 19:17 დაამარცხეს. იტალიას 17:26 ჩამორჩნენ, ‘პაციფიკ ტოა’-ს კი 19:7 მოუგეს და ფლეი ოფში ახალ ზელანდიას შეხვდნენ.
თასის 1/4-ფინალში ზელანდიელებს ოთხის წილ ერთი ლელო გავუტანეთ -5:26; მე-5 ადგილის ნახევარფინალში იტალიასთან რევანშის შანსი გვქონდა, მაგრამ მიზნამდე 1 ქულა დაგვაკლდა - 19:20; მე-7 ადგილისთვის კი ფრანგულ ‘რასინგ 92’-ს შევერკინეთ და 31:12 დავამარცხეთ.
გოგონებს აგენოში რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიო სერიებში მონაწილე გუნდებთან მოუწიათ შერკინება და დიდი გამოცდილება შეიძინეს. გიორგი მაისურაძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში დათმეს - დანიასთან 0:24, R10 Selects-თან 10:35 და პოლონეთთან 0:47.
მე-5 ადგილის ნახევარფინალში მათი მეტოქე კანადა იყო, რომელმაც დიდი სხვაობით, 62:0 გაიმარჯვა და დასკვნით შეხვედრაში ისევ დანია შეგვხვდა. ჩვენმა 7-ქალამ ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო, მეტოქე 15:10 დაამარცხა და ოფიციალურ ტურნირზე გამარჯვებული მიდის!
7-ქალა ხორვატიაში, მაკარსკაში გაემგზავრება და 5-7 ივნისს რაგბი ევროპის ალაფაზე ითამაშებს.
საქართველოს 7-კაცა ჰაგუენაუს მოსამზადებელ ტურნირზე
ზურა ძნელაძე, გაგა ქევხიშვილი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი, მატის მოდებაძე, იაგო ხაბულიანი, ლუკა ალიბეგაშვილი, ოთარ მეტრეველი, კლავდიუს ხუციშვილი, ლაშა ბარბაქაძე, საბა არჩვაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ნიკოლოზ ნოქარაშვილი, ლაშა კაკაურიძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნოზაძე
საქართველოს 7-ქალა ჰაგუენაუს მოსამზადებელ ტურნირზე
ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, კირა დანელია, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე
RUGBY.GE







