ფეხბურთი

10:45 | 31.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

AS მიქაუტაძეზე: "საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა"

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა AS-მა გიორგი მიქაუტაძის შესახებ მცირე წერილი გამოაქვეყნა სათაურით - საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.

გამოცემა „ვილიარეალში“ ქართველი ფორვარდის სადებიუტო სეზონს დადებითად აფასებს და წერს, რომ მომდევნო სეზონი მას გაცილებით უკეთესი ექნება:

„გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა (15 გოლი ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიში). სწორედ ამიტომ, „ვილიარეალი“ მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის, რადგან ცოტა ხნის წინ დასრულებული სეზონი, ძირითადად, მისი ადაპტაციის წელი იყო.

30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეძენილმა მიქაუტაძემ სეზონი ისეთივე ეფექტის გარეშე დაიწყო, როგორიც თავდაპირველად მისმა მოსვლამ გამოიწვია. თუმცა, კვირების განმავლობაში, ქართველი თანაგუნდელებთან ადაპტირდა და გუნდს შეტევის მეტი ვარიანტი შესთავაზა. შესაბამისად, სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ წლევანდელმა მიქაუტაძემ აჩვენა, რისი გაკეთება შეუძლია.

თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო ლა ლიგაში 19 გოლში, საიდანაც 13 თავად გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა გააკეთა, რაც გუნდის მიერ ლა ლიგაში გოლების საერთო რაოდენობის თითქმის მეოთხედს უტოლდება. 13 გოლი ლიგაში (და ორი კოპა დელ რეისა და ჩემპიონთა ლიგაზე) მას „ვილიარეალის“ საუკეთესო ბომბარდირად აქცევს. და, ეს მან პენალტებისა და საჯარიმო დარტყმების შესრულების გარეშე მოახერხა“, - წერს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით (ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა) 42 შეხვედრაში 15 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა. ჟორჟი "ვილიარეალის" სეზონის ბომბარდირი გახდა. გარდა, ამისა, 1 გოლი ლიგა 1-შიც გაიტანა, რადგან სეზონი საფრანგეთის ჩემპიონატში, კერძოდ, "ლიონში" დაიწყო.

„ვილიარეალმა“ სეზონი 72 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა, მხოლოდ „ბარსელონას“ და „რეალს“ ჩამორჩა, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087392