ოთხშაბათს „კრისტალ პალასმა“ კონფერენს ლიგის ფინალში „რაიო ვალეკანო“ 1:0 დაამარცხა და მე-12 ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ევროპული ტურნირი მოიგო.
გამარჯვებულებს შორის არიან „არსენალი,“ „ასტონ ვილა,“ „ჩელსი,“ „ევერტონი,“ „იფსვიჩი,“ „ლივერპული,“ „მანჩესტერ სიტი,“ „მანჩესტერ იუნაიტედი,“ „ნოტინგემ ფორესტი,“ „ტოტენჰემი“ და „ვესტ ჰემი.“
„კრისტალ პალასი“ პირველად გავიდა ევროთასის ფინალში. ამ გამარჯვებით, ინგლისურმა გუნდმა 2026/27 წლების სეზონის ევროპა ლიგაზე მოიპოვა ადგილი.
მანამდე „ასტონ ვილამ“ ევროპა ლიგის ფინალში „ფრაიბურგი“ 3:0 დაამარცხა. „არსენალი“ ასევე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩი შაბათს, 30 მაისს გაიმართება ბუდაპეშტში და თბილისის დროით საღამოს 8:00 საათზე დაიწყება.







