ახალგაზრდა ქართველი რეფერი საბა მახარაძე, მსოფლიო რაგბმა საქართველოში გასამართ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოედნის 12 მსაჯს შორის დაასახელა.
მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული რანგით მეორე (კაცთა მსოფლიო თასის შემდეგ) დონის ტურნირს საქართველო მასპინძლობს. 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, 7 სათამაშო დღეს, თბილისსა და ქუთაისში 20-20 შეხვედრა გაიმართება (ჯამში 40). სწორედ ამ თამაშებს მოემსახურება მსოფლიო რაგბის მიერ შერჩეული 12 რეფერი, რომელთაგან ერთი, 25 წლის საბა მახარაძეა!
ეს არის იმ განვითარების ლოგიკური შედეგი, რომელიც მახარაძემ ბოლო წლებში განიცადა. წელს მას უკვე ჰქონდა დებიუტი 20-წლამდელთა ექვს ერზე, ახლა კი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის დრო დადგა, საიდანაც სამსაჯო ელიტამდე ერთი ნაბიჯია.
„მსოფლიო რაგბის მიერ ჩემპიონატისთვის 12 მსაჯს შორის გამორჩევა, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ეტაპია ჩემს კარიერაში. ეს არის ტურნირი, სადაც როგორც მოთამაშეებს, ისე მსაჯებს, შეუძლიათ თავი გამოიჩინონ და ელიტარული რაგბისკენ გაიკვალონ გზა. ძალიან ბედნიერი ვარ. ვეცდები ჩემი ქვეყანა და ქართული სამსაჯო სკოლა კიდევ ერთხელ, საუკეთესოდ წარმოვაჩინო მსოფლიო დონეზე“ - ამბობს საბა მახარაძე და იხსენებს:
„2017 წელს, როდესაც საქართველოში პირველად ჩატარდა 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი, 16 წლის ვიყავი. რაგბით შეპყრობილს, მსაჯობა სულ რამდენიმე თვის დაწყებული მქონდა. ქუთაისში დავდიოდი თამაშებზე, დილის 11-დან საღამოს 7 საათამდე, ყველა თამაშს ვესწრებოდი. “მიხეილ მესხის“ სტადიონზე ფინალურ მატჩსაც ტრიბუნებიდან ვუყურე. მახსოვს ემოციები, როდესაც პირველად ვიხილე “ჰაკა” ჩემი თვალით და უმაღლესი ხარისხის თამაშები. აღფრთოვანებული ვიყავი ყველაფრით, მაგრამ ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ დღეს მეც მინდოდა ამ დღესასწაულის ნაწილი გავმხდარიყავი და კიდევ უფრო სასიხარულოა, როდესაც ჩემს მიზანს, ისევ საქართველოში გასამართ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მივაღწიე“.
„ამისთვის წლების შრომა, დიდი თავგანწირვა და ბევრ რამეზე უარის თქმა გიწევს. მუდმივად უნდა იზრუნო, რომ ყოველდღე შენი თავის უკეთესი ვერსია გახდე, შეცდომები გააანალიზო, მაგრამ რაგბის სიყვარული და ვნება მსაჯობის მიმართ, შეუფასებელია და მადლობელი ვარ, რომ ამ ყველაფრის შედეგებს ვხედავ“.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამი საერთაშორისო ტესტ-მატჩი მქონდა; რაგბი ევროპის 20-წლამდელთა ფინალური მატჩი ვიმსაჯე; ჩემპიონთა თასის ორ თამაშზე გვერდით მსაჯად ვიმუშავე; 20-წლამდელების 6 ერზე, სადაც ისტორიაში პირველად, სრულიად ქართული სამსაჯო გუნდით წარვსდექით, მოედნის მსაჯის რანგში ჩემი დებიუტი საფრანგეთი-იტალიის მატჩში შედგა. ყველა ამ თამაშმა დიდი გაკვეთილი და გამოცდილება შემძინა. ვეცდები, რომ გამოცდილებას მსოფლიოს ჩემპიონატზე თავი მოვუყარო და ჩემი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო“.
ის, რომ მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენს, მახარაძეს დამატებით ფუნქციას სძენს. მისი სურვილია, რომ მსოფლიო რაგბის სამსაჯო გუნდს უკეთ გააცნოს სამშობლო და ისინი საქართველოდან საუკეთესო მოგონებებით გაუშვას:
„კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მასპინძელ ქვეყანას წარმოადგენ. ასეთ ტურნირებზე აუცილებელია, რომ როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა, გამოამჟღავნო პიროვნული თვისებები და გუნდის პოზიტიური წევრი იყო. ასევე, ვცდილობ დავგეგმო ღონისძიებები, რომ თავისუფალ დროს, მსაჯებს და სტაფს უკეთ გავაცნო ჩვენი ქვეყანა და დატვირთულ ერთ თვიან ციკლში, განტვირთვის დროც გამოვძებნოთ“.
ჯერჯერობით უცნობია ჯგუფური ეტაპის რომელი თამაშები ერგება საბას, თუმცა მიზანი აქედანვე გამოკვეთილია - თავის საუკეთესოდ წარმოჩენით, ნახევარფინალურ და ფინალურ ეტაპზე, მაღალი ადგილებისთვის გასამართ შეხვედრებზე დანიშვნა:
„მოუთმენლად ველოდები კონკრეტულ თამაშებზე დანიშვნას. ჩემი მიზანია, რომ კიდევ უფრო გავიმყარო მსოფლიო რაგბის ნდობა და ფლეი ოფის ეტაპზე საუკეთესო დანიშვნები მივიღო“.
საბა მახარაძეს არ ავიწყდება იმ ხალხის ღვაწლი, რომელთა ჩართულობის გარეშე მისი პროგრესი ასეთი ხელშესახები ვერ იქნებოდა:
„ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს მენტორსა და მეგობარს, ნიკა ამაშუკელს. ასევე ჩემს მენეჯერს ლუკა კილასონიას, ფიზ-მომზადების მწვრთნელს ოლეგ კასოევს და მთლიანად საქართველოს რაგბის კავშირს. მადლობა მათ და იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია!“.
RUGBY.GE







