საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა და შ"ახტარში" ბრუნდება. ინფორმაცია გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა და რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა.
როგორც ირკვევა, "ჰამბურგმა" ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტი არ გამოისყიდა. ჯერჯერობით უცნობია დარჩება თუ არა გოჩოლეიშვილი უკრაინულ კლუბში.
"კლუბი მადლობას უხდის თავის ექვს იჯარით აყვანილ მოთამაშეს: ფაბიო ვიეირას, ლუკა ვუშკოვიჩის, გიორგი გოჩოლეიშვილის, ალბერტ გრიონბეკის, ფილიპ ოტელეს და დეიმიონ დაუნსის. ამჟამინდელი მდგომარეობით ისინი 1 ივლისიდან საკუთარ კლუბებს დაუბრუნდებიან.
სხვა ფეხბურთელებთან ერთად, "ჰამბურგში" ასევე დასრულდა გიორგი გოჩოლეიშვილის ერთწლიანი პერიოდიც. ქართველმა მარჯვენა მცველმა ჩვენი გუნდის მაისურით 27 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი "დონეცკის შახტარს" ეკუთვნის და ის უკრაინაში დაბრუნდება", - ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი "შახტარის" რიგებს 2023 წლიდან იცავს, თუმცა მან უკრაინულ კლუბში ფეხი ვერ მიკიდა და ამ დროის განმავლობაში ის ორჯერ იყო განათხოვრებული, ჯერ ის დანიურ "კოპენჰაგენში" გამოდიოდა 2024-25-ში, ხოლო 2025-26 წლების სეზონში "ჰამბურგის" ღირსებას იცავდა.





