Corriere Dello Sport-ის ნომერში ხვიჩა კვარაცხელიაზე დავიდე პალიჯანოს სტატია გამოქვეყნდა. იტალიელი ჟურნალისტი კვარას სეზონზე და იმ ეფექტზე წერს, რომელიც მას პსჟ-ში აქვს.
პელიჯანო აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის მიუხედავად, თუ კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ძნელად წარმოსადგენია, რომ წლის ბოლოს ოქროს ბურთზე სამეულში ვერ მოხვდეს.
„სეზონში იყო მომენტი, როცა საფრანგეთში ბევრმა დაიწყო კითხვა: ნამდვილად არის თუ არა კვარაცხელია ეგოისტი, თუ უბრალოდ ჯიუტად ცდილობს გოლის გატანას მაშინაც კი, როცა უკეთეს პოზიციაში მყოფ თანაგუნდელს შეუძლია პასი მისცეს. პარიზში ამ თემაზე თითქმის ყოველთვის კამათობდნენ. თუმცა, რამდენიმე კვირაში ყველაფერი შეიცვალა. ოთხშაბათს, „ლანსთან“ მატჩში კვარამ გაიტანა გოლი, რომელმაც პსჟ გააჩემპიონა. გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც პარიზელთა დომინაცია ეჭვქვეშ დააყენა.
8 გოლი და 4 საგოლე პასი 27 მატჩში - სტატისტიკა, სეზონში, რომლის დასაწყისიდან ლიგა 1-ში ლუის ენრიკე ხშირად მიმართავდა როტაციას და კვარაცხელია თავიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მატჩების 52%-ში იყო. თუმცა, ეს პროცენტული მაჩვენებელი იზრდებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მატჩების 82% მან პირველივე წუთიდან ითამაშა, ტურნირზე, სადაც ის ნამდვილად იცვლებოდა. ევროპაში ქართველი გამანადგურებელი იყო: 15 მატჩი, 10 გოლი და 6 საგოლე პასი. სულ სეზონში? 19 გოლი და 10 საგოლე პასი ყველა ტურნირზე. აბსოლუტური ლიდერის სტატისტიკა, მაგრამ პირველ რიგში, ფეხბურთელის, რომელიც პსჟ-ს სისტემის ცენტრალური ნაწილი გახდა.
სეზონნახევარში უკვე ორჯერ მოიგო ლიგა 1, ერთხელ საფრანგეთის თასი და რაც მთავარია, გასულ სეზონში ისტორიული ჩემპიონთა ლიგა. და, უკეთესი შეიძლება ჯერ კიდევ წინაა: 30 მაისს, ბუდაპეშტში, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებსი შანსი „არსენალის“ წინააღმდეგ იქნება. ფინალი, რომელმაც შესაძლოა მისთვის ყველაფერი შეცვალოს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე წელს, როცა ბევრი ფეხბურთელი მწვერვალისკენ მიიწევს, ოქროს ბურთისთვის ბრძოლა გარდაუვლად გართულდება. მიუხედავად ამისა, მაინც რთულად წარმოსადგენია, რომ კვარა პოდიუმს მიღმა დარჩეს, როცა France Football ოქროს ბურთზე ფინალისტებს დაასახელებს. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ დატოვა, მან განსაკუთრებით უბურთოდ თამაშში მოუმატა. ახლა უფრო მეტად იცავს თავს, უფრო სტაბილურად. ლუის ენრიკემ ტაქტიკურადაც გარდაქმნა და უბურთოდ ისეთი დისციპლინით თამაშობს, რომელიც მანამდე არ ჰქონდა. კვარამ პარიზში მბაპეს 7 ნომერი აიღო და ფრანგი ფეხბურთელივით შედეგიანი არაა, მაგრამ ლუის ენრიკე მაინც დაარწმუნა, რომ შეტევის მარცხენა ფლანგი მის გარშემო აეწყო, რის გამოც ხშირად ბარკოლას სათადარიგო სკამზე ტოვებს, რომელიც ასევე დიდი ტალანტია, მაგრამ ძალიან არასტაბილური. დღეს პსჟ-ში ეჭვი არ არსებობს: კვარაცხელია პარიზელთა ახალი ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ყველა ტურნირის გათვალისწინებით 46 შეხვედრაში 19 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა.





