ინგლისის პრემიერლიგის 36-ე ტურში „ლივერპულმა“ ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა, გიორგი მამარდაშვილი კი დაბრუნდა.
„ევერტონთან“ მიღებული ტრავმიდან ქართველი მეკარე გამოჯანმრთელდა და დღეს 90 წუთი ითამაშა. ვთქვათ, რომ მან ორი სეივი მიითვალა, მაგრამ კარი მშრალად ვერ შეინახა.
არნე სლოტის გუნდი ძალიან სწრაფად, მეექვსე წუთზე დაწინაურდა რაიან გრავენბერხის ეფექტური გოლით, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 35-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა მამარდაშვილის კარში გოლი ჯარიმიდან გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში კოულ პალმერმაც შეაგდო, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. საბოლოოდ, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 მატჩი აქვს ჩატარებული: პრემიერლიგაში - 9, ჩემპიონთა ლიგაზე - 7, ასოციაციის თასზე 2 და ინგლისის ლიგის თასზე - 1. ქართველ მეკარეს 3-ჯერ აქვს კარი მშრალად შენახული.
„ლივერპული“ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა და პრაქტიკულად განაღდებული აქვს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა, მომდევნო ტურში კი 15 მაისს, "ასტონ ვილას" სტუმრად შეხვდება.
"ჩელსის" 6-მატჩანი წაგებების სერია, როგორც იქნა შეწყდა, მაგრამ მოუგებელი სერია გრძელდება, რომელიც სათავეს 4 მარტიდან იღებს. შედეგად, 49 ქულით მეცხრე ადგილზეა და დიდი შანსია, ევროზონაში ვერ მოხვდეს. ლონდონელები მომდევნო ტურში 19 მაისს, "ტოტენჰემს" უმასპინძლებენ.





