საქართველოს ეროვნული ლიგის მე-10 ტური დაიწყო, რომელშიც „სპაერი“ და „ტორპედო“ დაზავდნენ.
დირკ შუსტერის გუნდს კარგი სერია ჰქონდა, მაგრამ მეორე წრე კარგად ვერ დაიწყო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. „სპაერი“ მეექვსე წუთზე ლაშა კოხრეიძის გოლით დაწინაურდა და დიდი ხანი იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
თამაშის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ალეკო ბასილაძემ აღადგინა წონასწორობა და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ „ტორპედომ“ დებიუტანტი „სპაერი“ ვერც პირველ წრეში დაამარცხა, მაშინ, სულაც საკუთარ მოედანზე წააგო.
„ტორპედო“ 15 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „სპაერი“ 12 ქულით მეხუთე საფეხურს იკავებს და წინ „დინამო თბილისთან“ თამაში აქვს.
„სპაერი“ – „ტორპედო“ 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 კოხრეიძე (6), 1:1 ბასილაძე (75)





