საფეხბურთო აგენტი მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად აღარ მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მამუკა ჯუღელი აღარ არის ხვიჩას აგენტი. ეს გადაწყვეტილება ორივე მხარემ ერთად, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მივიღეთ. ხვიჩაც აქ იყო და ერთობლივად გადავწყვიტეთ, თანამშრომლობა დაგვესრულებინა. მამუკა ჯუღელს, როგორც აგენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ხვიჩას კარიერულ წინსვლაში. მამუკას მადლობა ვუთხარით ყველაფრისთვის, რაც წლების განმავლობაში გააკეთა ხვიჩასთვის, ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ და დავემშვიდობეთ.
ამ ეტაპზე, ხვიჩას აგენტი არ ჰყავს. შემოთავაზებები არის, ბევრს აქვს კვარაცხელიასთან თანამშრომლობის სურვილი და ცხადია, სწორედ ხვიჩა და მისი ოჯახის წევრები გადავწყვეტთ, ვისთან ერთად გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია და მამუკა ჯუღელი დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდნენ.
წყარო: "კვირის პალიტრა"





