ქუთაისის ‘არესმა’ თანაქალაქელ ‘აიას’ წინასწარ ფინალში 33:22 აჯობა და 25 აპრილს ბათუმში, “აჭარაბეთ არენაზე” crocobet დიდი 10-ის 2025/26 წლების სეზონის ფინალში ითამაშებს.
ამრიგად, ტიტულისთვის ის გუნდები იბრძოლებენ, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი პირველ-მეორე ადგილზე დაასრულეს და რომლებმაც 4 აპრილს შესარჩევ ფინალში შესანიშნავი თამაში შემოგვთავაზეს. მოქმედი ჩემპიონი ‘ბათუმი’ ტიტულის შენარჩუნებას და ჯამში მის მეექვსედ მოპოვებას ეცდება, ‘არესი’ კი ფინალში ისტორიაში პირველად იბრძოლებს და მედლებსაც პირველად დაეუფლება.
წინასწარი ფინალი, რომელშიც ერთმანეთს ორი ქუთაისური გუნდი ერკინებოდა, კარგი საყურებელი გამოდგა. დრამატულ შეხვედრაში 5-ჯერ შეიცვალა ლიდერი და გამარჯვებულის ვინაობა დასკვნით 10 წუთში გადაწყდა, როდესაც ‘არესის’ შეცვლაზე შესულმა კვაჭმა შოთა ხელაძემ ორი ლელო გაიტანა. ნამატჩევს ის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
შეხვედრის საწყის 25 წუთში სათამაშო უპირატესობას ‘აია’ ფლობდა, თუმცა გიორგი ბაბუნაშვილის ერთ ჯარიმას, ‘არესის’ მგეზავმა და crocobet დიდი 10-ის საუკეთესო მექულე სანდრო ფურცხვანიძემ ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. ‘აიამ’ ლიდერობა 23-ე წუთზე მოიპოვა, როდესაც გიორგი სინაურიძის ოფლოუდის შემდეგ ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა და იქ მას საბა ერემეიშვილი დახვდა, რომლის გამჩერებელიც აღარავინ იყო. გარდასახვა მიზანს ასცდა.
ტაიმის ბოლოს ინიციატივას უკვე ‘არესი’ დაეუფლა და 30-ე წუთზე ლიდერობა დაიბრუნა. ნომინალური მასპინძლების სწრაფი შეტევის შემდეგ, სოლომონი რაუნგემ მიხეილ ბაბუნაშვილს 5-მეტრიანთან ოფლოუდი გაუხერხა და მასაც ლელოს გატანა აღარ გაჭირვებია. 35-ე წუთზე ‘აიას’ 5-მეტრიანში გიორგი თავაძემ არსენ მაჩალაძეს ზურგსუკან იდეალური გადაცემა გაუხერხა და ‘არესის’ კაპიტნის ლელო ფურცხვანიძემ გარდასახა - 18:6. ამ ეპიზოდში ბურთში ხელის განზრახ ჩარტყმისთვის ყვითელი ბარათით ‘აიას’ ცენტრი გიორგი ფრუიძეც დაისაჯა.
მაგრამ ‘არესმა’ 10-წუთიანი რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა. 52-ე წუთზე ფურცხვანიძემ ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა, მაგრამ თამაშის განახლებისთანავე ყვითელი ბარათი ზურა ძნელაძემ მიიღო და ‘აიამ’ რიცხობრივი უპირატესობით იქვე ისარგებლა - მოლისა და ძალისმიერი შეტევის შემდეგ, ლელო ოთია გიორგაძემ გაიტანა და ბაბუნაშვილმა გარდასახა.
56-ე წუთზე ‘არესმა’ სინბინით მეორე ცენტრი, დავით კვირიკაშვილიც დაკარგა და ‘აიამ’ 13-კაციან მეტოქეს კიდევ ერთი ლელო გაუტანა. 5-მეტრიანთან ჯარიმის გათამაშების შემდეგ, გიორგაძემ შეტრიალებული გადაცემა მიიღო და თავისი მეორე ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილმა გარდასახვით ‘აია’ 22:21 დააწინაურა.
შემადგენლობის შევსების შემდეგ, ‘არესმა’ მოახერხა სათამაშო ინიციატივის დაბრუნება და 72-ე წუთზე ლიდერობა დაიბრუნა. ‘აიამ’ საკუთარ 22-ში მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვა, რასაც ‘არესის’ 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლს შოთა ხელაძის პირველი ლელო მოყვა, რომელიც მოლს დროულად მოწყდა. ფურცხვანიძემ გარდასახა. ორიოდე წუთში ცენტრის სიახლოვეს დერეფანში უხეიროდ აგდებული დერეფნის შემდეგ, ოვალს ხელაძე დაეუფლა, ის ფეხით გადაიკიდა, მაღალ სისწრაფეში მიყვა, ბოლო მცველს გვერდი აუარა და ლამაზი ინდივიდუალური ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 33:22.
RUGBY.GE







