ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, გიბრალტარის ნაკრებთან პორტუგალიის ქალაქ ფარუში ჩასატარებელ მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცმა თემურ ქეცბაიამ განაცხადა, რომ მომავალი დაპირისპირება აუცილებლად მოსაგებია. პრესკონფერენციას მასთან ერთად ნაკრების დებიუტანტი, რიგის “სკონტოს” მცველი ლაშა დვალი ესწრებოდა.
თემურ ქეცბაია: “გიბრალტართან აუცილებლად მოსაგები თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის. სამწუხაროა, რომ უშუალო კონკურენტებთან ირლანდიასთან და შოტლანდიასთან ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მინიმალური სხვაობით დავმარცხდით. თქვენ შეკითხვას, რა სხვაობით შეიძლება საქართველოს ნაკრებმა მოიგოს, წინასწარ რთულია ვუპასუხო. ეს ყველაფერი თამაშის მიმდინარეობის დროს გამოჩნდება. ყველამ იცის, რომ ეს მატჩი წარმატებით უნდა დავასრულოთ და ამ შეხვედრიდან დაიწყოს მოგებები”.
ლაშა დვალი: “სამწვრთნელო შტაბს მინდა მადლობა გადავუხადო ნდობისთვის და ნაკრებში გამოძახებისთვის. ჩემი ასაკის ფეხბურთელებისთვის უდიდესი სტიმულია ეროვნულ გუნდში მოხვედრა. სამწუხაროდ, ორი თამაში წაგებული გვაქვს. გიბრალტართან კი აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ამას მთელი გუნდი და ყველა გულშემატკივარი ელოდება”.
გიბრალტარისა და საქართველოს დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” შემოგთავაზებთ.