ბათუმის ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის შესარჩევ ფინალში ქუთაისის ‘არესი’ დაძაბულ და სანახაობრივ მატჩში 11:10 დაამარცხა და 25 აპრილს ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ მე-6 ტიტულისთვის იბრძოლებს.
‘არესს’, რომელიც არსებობის ისტორიაში პირველად შევიდა მედლების ზონაში, ფინალში გასვლის შანსი კიდევ ექნება. 18 აპრილს ის ქუთაისის ‘აიასა’ და რუსთავის ‘ხარებს’ შორის გამარჯვებულს ქუთაისში შეერკინება. „არესელთა“ მომავალი მეტოქე ხვალ გაირკვევა.
„ბათუმი არენაზე“ ლიდერი გუნდების შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში ცდილობდა შეტევას და ფაქტობრივად ბოლო წუთამდე გამარჯვებულის ვინაობა გაურკვეველი რჩებოდა. მასპინძლებმა პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და მინიმალური სხვაობით გამარჯვებით, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ზღვისპირელები პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ. ისინი ბურთს უფრო დიდხანს აკონტროლებდნენ და ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ. ანგარიში მე-10 წუთზე გაიხსნა. რეზი ჯინჭველაშვილის გარღვევის შემდეგ ბურთი ლაშა ფოფხაძემდე ჩათამაშდა და მანაც ლელო გაიტანა. მე-19 წუთზე ‘არესმა’ სინბინით ზურა ძნელაძე დაკარგა და იქვე ვაჟა მიქაძემ ჯარიმა გაიტანა, თუმცა კაცნაკლულმა სტუმრებმა დარჩენილი დრო შეტევაში გაატარეს და სანდრო ფურცხვანიძის ჯარიმით ჩამორჩენაც შეამცირეს. მიქაძემ მალევე თავისი მეორე ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 11:3 დასრულდა.
მეორე ტაიმში ‘არესმა’ მოახერხა ინიციატივის დაუფლება, რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა და 54-ე წუთზე რეზი ბაკურაძემ საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო ფურცხვანიძემ გარდასახვით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა შორეული ჯარიმები არაზუსტი აღმოჩნდა, გიორგი თევდორაძის (არესი) ჯარიმა კი ძელმა აისხლიტა და ‘ბათუმმა’ 11:10 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პიტერ ვილიამსი გახდა.
RUGBY.GE







