საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ, რომელიც თურქულ “ქასიმფაშას” წვრთნის, რუსულ ყოველკვირეულ გამოცემა “ფუტბოლს” ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც არაერთ საინტერესო და საჭირბოროტო თემაზე ისაუბრა.
- გვერდიდან ისე ჩანს, რომ თურქეთის ჩემპიონატი “ფენერბახჩეს”, “გალათასარაის” და “ბეშიქთაშის” დაპირისპირებაა. რა რესურსი უნდა გქონდეს, მათ რომ შეეწინააღმდეგო?
- პირველ ყოვლისა, საჭიროა სტადიონი, ატმოსფერო, გულშემატკივრები და ქალაქი. შემდეგ უკვე თავად კლუბი მოდის. “ქასიმფაშა” ზედიზედ ორი წელია მეექვსე ადგილზე გადის. გასული სეზონი მეოთხეზე დავასრულეთ, მაგრამ სამი ქულა წაგვართვეს. თუმცა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთი, ორი ან სამი წელი არაფერს ცვლის. ეს უბრალოდ სტატისტიკაა. “ქასიმფაშაში” მუშაობას რომ ვიწყებდი, კლუბის პრეზიდენტს ვუთხარი: “გუნდის გაკეთება ადვილია. საკმარისია იმდენი ფული დახარჯო რამდენიც “ანჟიმ”, მაგრამ თუ კლუბი არ იქნება, ყველაფერი საპნის ბუშტივით გასკდება”.
- თქვენი აზრით “ქასიმფაშა” ახლოსაა იმასთან, რომ დიდი კლუბი გახდეს?
- ძალიან შორსაა. ათი წელი მაინც უნდა გავიდეს, რომ ატმოსფერო შექმნა. გასულ სეზონში, ყველა გუნდს მოვუგეთ, რომელსაც ოდესმე თურქეთის ჩემპიონატში გაუმარჯვია: “ტრაბზონს”, “ფენერს”, “გალათასარაის”, “ბურსასა” და “ბეშიქთაშს”. მსგავი რამ არასოდეს მომხდარა. და მერე? სტატისტიკოსებმა ეს ფაქტი აღნიშნეს, ხოლო ჩვენს თამაშებზე ადრინდელივით 8000-10000 გულშემატკივარი დადის. ტრადიციების შეცვლა ყოველთვის ძნელია. აქ 100 წელია ასეა: ოთხი ტოპ-გუნდია და მორჩა. ახლა სტადიონების შენება დაიწყეს, მეტი ფული გაჩნდა და კარგი გუნდების რაოდენობაც იზრდება.
- “ქასიმფაშას” შემადგენლობაში შესამჩნევი პიროვნებები არიან. მაგალითად, რაიან ბაბელი “ლივერპულში” თამაშობდა, მაგრამ შემდეგ “დაამუხრუჭა”. ძალიან გარისკეთ, როდესაც ის აიყვანეთ?
- ბაბელში ფული გადასახდელი არ იყო. ამიტომ, ასეთ ვარიანტზე უარის თქმა ძნელია. არჩევანი გვქონდა: ბაბელი ან სალომონ კალუ. თუმცა, კალუ გამოირიცხა: ფული და ა.შ. ბაბელს ალტერნატივა არ ჰყავდა. მას ჯერ კიდევ ბავშვი რომ იყო, იქიდან ვიცნობ. “აიაქსიდან” ასეთი მოთამაშეები “ქასიმფაშაში” ტყუილუბრალოდ არ გადადიან. ეს ჩვენი იმიჯისთვისაც კარგი შენაძენი იყო.
- “ქასიმფაშამდე” “ქაისერისფორში” მუშაობდით. ამ პერიოდს როგორ შეაფასებთ?
- ამ კლუბმა, მისმა პრეზიდენტმა და სპორტულმა დირექტორმა თურქეთში ჩემს დასაბრუნებლად ბევრი რამ გააკეთეს. მე ხომ წლების განმავლობაში “ალკმაარში” ვან გაალს, ადვოკაატსა და კუმანს ვეხმარებოდი და ყველაფრის ხელაღებით მიტოვებას არ ვფიქრობდი. თუმცა, თურქები “შემიჩნდნენ”. მითხრეს: “დრო მოვიდა, დამოუკიდებლად უნდა იმუშავო”. ორი კარგი წელიწადი გავატარე. მეხუთე-მეექვსე ადგილებზე ვიყავით. წარმატებულ ტრანსფერებს ვანხორციელებდით. შეძენილ ფეხბურთელებში 50 მილიონი ლირა გადავიხადეთ, რაც 23 მილიონი დოლარია. კარგი იქნებოდა, კიდევ ვინმე შეგვეძინა და ეს ფეხბურთელები სამი-ოთხი წელიწადი გაგვეჩერებინა. თუმცა, ფეხბურთელი თურქეთში თუ კარგ სეზონს ატარებს, მასში “გალათასარაი” 10 მილიონს იხდის. ამასთან ბრძოლა შეუძლებელია, რადგან ის აქ 500000-ს იღებს, ხოლო იქ 4-ჯერ მეტს. ორი წლის განმავლობაში გუნდიდან 28 ფეხბურთელი წავიდა. ყოველთვის ნულიდან დაწყება ძნელია, მაგრამ სამაგიეროდ დიდი პრაქტიკა მივიღე.
- 1981 წლის თბილისის “დინამოდან”, რომელმაც ევროპის თასების თასი მოიგო, ყველაზე მეტად ვინ მოგწონდათ?
- ყიფიანი და ჩივაძე. ეს ორი ფეხბურთელი ჩემთვის საფეხბურთო ანბანივითაა. გამხდრები, მაღლები, ულვაშიანები – ისეთები როგორებიც უნდა ყოფილიყვნენ ფეხბურთელები საქართველოდან. გინახავთ ფოტო, სადაც ისინი ხელაწეულები დგანან და მსაჯს რაღაცაზე ეკამათებიან? თითქოს გუდიაშვილმა დახატა. ჩივაძესთან ახლო ურთიერთობა მაქვს. ყიფიანთანაც ასე იყო. ჩივაძე გენიალურად ხუმრობს. ერთხელ რაღაც იუბილის ამზადებდნენ და ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ თქვა, რომ ყველა კარგ ფეხბურთელი უნდა მიეწვია, ოთხასი თუ ხუთასი კაცი. ჩივაძემ უპასუხა: “მერაბ, ჩვენ კუპეშიც დავეტევით. კარგი ფეხბურთელები სულ ხუთი გვყავს, ხოლო დანარჩენები უბრალოდ მოედანზე დარბოდნენ”.
- ფეხბურთის თამაშისკენ თასების თასზე “დინამოს” წარმატებამ გიბიძგათ?
- არა, ჩვენ ფეხბურთით უკვე მაშინ ვიყავით დაავადებულნი. საქართველოში ის სპორტის ნომერ პირველი სახეობაა, ერთგვარი იდენტიფიკაცია, იმის დადასტურება, თუ რა შეგიძლია. ერთხელ თბილისში უელსის ნაკრებს ვეთამაშეთ და 5:0 დავამარცხეთ. მეტოქის რიგებში ინგლისის პრემიერლიგის ვარსკვლავები მარკ ჰიუზი და იან რაში გამოდიოდნენ. მოგვიანებით ანდრეი კანჩელსკისმა მომიყვა, რომ ჰიუზიშოკში იყო: “ჩავედით საქართველოში, იქ კიდევ ვიღაც 20 წლის ბავშვები დარბიან, ბრაზილიელებივით თამაშობენ!”. კანჩელსკისმა აუხსნა, რომ პოსტსაბჭოურ სივრცეში არის ქვეყანა, სადაც ტექნიკური, “ლათონოამერიკული” ფეხბურთი უყვართ. სხვათა შორის, უელსი სტუმრადაც დავამარცხეთ.
- რუსეთთან მატჩის დროს სტადიონზე შუქი ჩაქრა...
- იმ მატჩში ვითამაშე. არ მგონია, რომ ეს სპეციალურად გაეკეთებინათ: ანგარიში 0:0 იყო. წაგება საქართველოზე ცუდად იმოქმედებდა. სახლში ვცდილობდით არ წაგვეგო.
- საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა, მაგრამ დიდ ტურნირებზე არასოდეს მოხვედრილა. რატომ?
- სერიოზულობის დეფიციტის გამო. ჩვენ გვიხაროდა შეხვედრა, გაცინება, ერთმანეთისთვის რაღაცის მოყოლა. შეგვეძლო მოგვეგო, შეგვეძლო წაგვეგო. არ დაგავიწყდეთ, როგორ ჯგუფებში ვხდებოდით: პირველად გერმანელები და ძლიერი ბულგარელები შეგვხვდნენ. შემდეგ, ინგლისი და იტალია. ყველაზე სუსტი გუნდი რომელიც შეგვხვედრია, ფარერებია და ისიც ერთხელ. 15-16 ქულას ვაგროვებდით, მაგრამ ჯგუფიდან ვერ გავდიოდით. ამასთანავე, მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით.
მახსოვს, სახლში ბულგარეთს ვეთამაშებოდით. ჩივაძე მატჩამდე გასახდელში შემოვიდა: “დაჯექით” და შემადგენლობა წაიკითხა – მიხაილოვი, ივანოვი, სტოიჩკოვი, კოსტადინოვი, ლეჩკოვი, სირაკოვი. ყველა გამოიძახეს! ნეტავ რას გვიპირებენ? ბულგარელებს ეს კოზირი აქვთ, ეს და ეს, ყველგან კოზირები აქვთ”. ამ დროს ჯამარაულს ფეხი ფეხზე გადაუდია და ეუბნება: “გავრილოვიჩ, არ ინერვიულო დღეს “ბეზკოზირას” ვთამაშობთ”. მერე რა მოხდა? გავედით და ბულგარეთს 2:1 მოვუგეთ. სხვა დროს კი, ჩვენი “ჯოკერი” ქინქლაძე “ტუზს” ვერ “ჭრიდა”. აი ასე ვთამაშობდით.
- “აიაქსში” იოჰან კრუიფის მაისური განდეს. მსგავსს ელოდით?
- პირველ სეზონში 24-ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი. მეორეში – 9-ნომრიანით. გუნდში როდესაც დავმკვიდრდი 14-ნომრიანი მაისური გადმომცეს. მახსოვს მითხრეს: “ხომ გესმის ეს რას ნიშნავს?”.
- ვან დერ სარი, ბლინდი, ძმები დე ბურები, ლაუდრუპები, ლიტმანენი... “აიაქსის” ვარსკვლევებიდან საერთო ენის გამოძებნა ყველაზე მეტად იოლი ვისთან იყო?
- საფეხბურთო ენის გამოძებნა იოლია. ისინი ერთი კვირის განმავლობაში პასს არ მაძლევდნენ. თუმცა, როდესაც მიხვდნენ, რომ მეც ვაზროვნებდი და ხაჭაპურის გასაკეთებლად ჩასული არ ვიყავი, ნდობა ერთ წამში დამყარდა. მოედანს გარეთ ჰოლანდიელები უფრო დისციპლინირებული იყვნენ, ვიდრე მაგალითად “რეინჯერსში”. შოტლანდიაში გაცილებით იოლია. იქ მაგალითად მთელი გუნდი დუბაიში ან მარბელაში დავდიოდით. შობამდე ავტობუსით ლივერპულში მივდიოდით. საუკეთესო შემთხვევაში, ეს გაზეთების გვერდებზე მოხვედრით მთავრდებოდა, ხოლო უარესში – პოლიციაში. ვიღაც ჩხუბობდა, ვიღაც მთვრალი ეგდო. მაპატიეთ, მაგრამ შეეძლოთ შემთხვევით ვიღაცაზე მოეშარდათ.
- ამსტერდამში “თავს არავინ კარგავდა”?
- რა თქმა უნდა, ზოგიერთი ბიჭები შოკირებულნი იყვნენ. მათ შორის ცნობილებიც, მაგრამ სახელებს არ ვიტყვი. რაღაც მომენტში გზაგასაყარზე ხვდებოდნენ: საითკენ? იქ ხომ ყველაფერი შეიძლება. ირგვლივ ლამაზი გოგონები არიან, ოცდაოთხი საათი ყველაფერი ღიაა – მიდი გააკეთე რაც გინდა. კაზანტიპია! თუმცა, კლუბში ამისთვის მზად იყვნენ და ბიჭებს “ხელს მოჰკიდებდნენ” ვიდრე თავს დაკარგავდნენ.
- ქინქლაძე “აიაქსში” რატომ ვერ ათამაშდა?
- გიო “მანჩესტერ სიტიდან” ჩამოვიდა. ბრიტანეთში ფეხბურთელის ინდივიდუალურ თვისებებს აფასებენ. “აიაქსში” რომ მოხვდა, “მკაცრ ჩარჩოებში” მოაქციეს: ეს უნდა გააკეთო, ის უნდა გააკეთო. თუმცა, ქინქლაძე “ჩარჩოიანი” ფეხბურთელი არაა, რადგან თამაშს თავად წარმართავს. ამასთანავე, იმ პერიოდში “აიაქსში” მის პოზიციაზე იარი ლიტმანენი თამაშობდა.
- მართალია, რომ ლიტმანენი როდესაც “ბარსელონაში” მიდიოდა, “აიაქსის” თითოეულ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და მუშაკს 10-ნომრიანი მაისური აჩუქა?
- სინამდვილეში 10 მაისური იყო – იარიმ ყველას მადლობა გადაუხადა და ავტოგრაფები დატოვა. მას ერთი მაისური ვთხოვე, მაგრამ გულწრფელად მითხრა, რომ “აიაქსში” გატარებული ექვსი წლის განმავლობაში ბევრი ახლო მეგობარი შეიძინა, რომლებისთვის მაისური უნდა ეჩუქებინა. გულდასაწყვეტია, მაგრამ მე ეს გავიგე.
“ვალვაიკთან” ის და ბლინდი გამოსათხოვარ მატჩს ატარებდნენ. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს ვიჩგემ პასი თავისუფალ ზონაში მომცა და მეკარეს დავასწარი. კარამდე 25 მეტრია, ხოლო წინ არავინაა, ბურთს გულშემატკივარი თუ წამართმევდა. უკან მოვიხედე და დაძაბულობისგან აწითლებული ლიტმანენი მორბის. მას პასი მივეცი და ცარიელ კარში გაიტანა. ქომაგები აღტაცებულნი იყვნენ, ყველას ტანში ჟრუანტელმა დაუარა. თამაშის მერე ლიტმანენმა თავისი მაისური გადმომცა. მე ვუთხარი: “პასი ამისთვის არ მომიცია”. მან მიპასუხა: “აიღე, მსურს რომ ის შენ გქონდეს”.
- თქვენ ხომ იბრაჰიმოვიჩთან ერთადაც გითამაშიათ?
- ის კო ადრიანსეს დროს შეიძინეს. ეტყობოდა, რომ დიდი ფეხბურთელი იქნებოდა. ნამდვილი გუნდია გუნდში. პიროვნებაც დიდია.
- თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში იბრაჰიმოვიჩმა გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მიდო თადარიგში დატოვეს, ხოლო მან ნაწყენმა ყველას “ქალაჩუნები” უძახა და ბუნტი მოაწყო. ამდენი ხისტი ხასიათის ადამიანი გუნდში ერთად როგორ ჩერდებოდა?
- მიდო არაბია, ისიც გიჟია. ძველი გვარდიიდან გუნდში მხოლოდ მე, გალაშეკი და ფრედი გრიმი ვიყავით. შემდეგ, მხოლოდ ახალგაზრდები დარჩნენ და გუნდი ორად გაიყო. ადგილობრივები ჰეიტინგას, ვან დერ ვარტისა და სნეიდერის ირგვლივ გაერთიანდნენ, ხოლო უცხოელები – კივუს, იბრაჰიმოვიჩის, მაქსველისა და მიდოს. თუმცა, ისინი მაინც კარგად თამაშობდნენ.
- ერთი პერიოდი “აიაქსთან” ფინანსური დავა გქონდათ. ახლა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა?
- არა, პროცესი დღემდე გრძელდება. საწყენია, მაგრამ კლუბთან კავშირს მაინც ვინარჩუნებ. ფრანკ დე ბური გუნდთან მუშაობს, ოვერმარსი ტექნიკური დირექტორია. ერთი-ორჯერ ჰოლანდიაში ჩავედი, მათ შევხვდი.
- მათ სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ?
- შესაძლოა შეუძლიათ, მაგრამ ბიზნესი ბიზნესია.
- “აიაქსის” შემდეგ ალბათ რომელიმე იტალიური კლუბის მიწვევას ელოდით. ვარიანტები იყო?
- “აიაქსში” ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ, მოწვევა “იუვენტუსიდან” მოვიდა. გარდა ამისა, “ფიორენტინა” მეძახდა, რომელსაც ფათიჰ თერიმი წვრთნიდა. თუმცა, ისეთ ადამიანებთან ერთად ვთამაშობდი, როგორიც ლაუდრუპი და ლიტმანენია, არ მესმოდა იტალიაში რატომ უნდა წავსულიყავი. შემდეგ, ყველაფერი შეიცვალა და “რეინჯერსში” გადავედი, სადაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გავატარე. ცოტა ხნის წინ, ალი მაკოისტს ვესაუბრე, რომელიც ახლა გუნდის მთავარი მწვრთნელია. ვფიქრობ, ეს შოტლანდიის პრემიერლიგაში “რეინჯერსის” გარეშე ბოლო სეზონია.
- არჩევანი რომ გქონოდათ დაუფიქრებლად რომელ ტოპ-გუნდში გადახვიდოდით?
- “ბარსელონაში”, “რეალში”, “მანჩესტერ იუნაიტედში” ან “ბაიერნში”. თუმცა, იმ პერიოდში მათ და “აიაქსს” შორის დიდი სხვაობა არ იყო.
- შოტლანდიური ფეხბურთის მთავარი პროდუქტი “ძველი ფირმის” დერბია. ყველაზე მეტად “სელტიკთან” რომელის შეხვედრა დაგამახსოვრდათ?
- ყველა, რომელიც მოვიგეთ. თამაშის მერე გამარჯვებული გუნდის ქომაგები ქალაქში გადიან, ხოლო დამარცხებულის სახლიდან ცხვირს არ ყოფს. საერთოდ, შოტლანდიური ფეხბურთი ძალიან სწრაფი და აგრესიულია. რთული ჩემპიონატია. გახსოვს ჟუნინიო პაულისტა “მიდლსბროდან”? ერთ-ერთი საუკეთესო ბრაზილიელი. “სელტიკში” ჩავიდა, მაგრამ ვერ ათამაშდა.
- ჰოლანდიის შემდეგ ხანმოკლე პერიოდი “ლევანტეში” გაატარეთ. გული გწყდებათ, რომ პრიმერა დივიზიონში უფრო ადრე ვერ მოხვდით?
- “ლევანტეში” ადრეც მეპატიჟებოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. იმ სეზონში კი, ოპერაცია ორჯერ გავიკეთე. ტრავმა მოსამზადებელ პერიოდში მივიღე. მითხრეს, რომ ექვს კვირაში გამოვჯანმრთელდებოდი, მაგრამ სამი თვე დამჭირდა. თან, ფეხზე მაინც ვერ დავდექი, რადგან სახსარში ინფექცია შეიჭრა. მოედანზე მხოლოდ აპრილში გავედი. 35 წლის ვიყავი და კიდევ ერთი წელი დარჩენა შემეძლო, მაგრამ საკუთარი თავი და სხვები რატომ უნდა მეწვალებინა?
- მართალია, რომ კარიერის დასრულების მერე საქართველოს ნაკრების გაწვრთნის შანსი გქონდათ? რატომ არ დათანხმდით?
- დიდი პასუხისმგებლობა იყო, ხოლო მე გამოუცდელი ვიყავი. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებში თავად ვთამაშობდი და იქ ჩემი ბევრი მეგობარი დარჩა. არადა, რაღაც შესაცვლელი იყო. ქეცბაიამ გადაწყვეტილება კალაძის, კობიაშვილისა და იაშვილის თაობაზე მიიღო, რის შემდეგ მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ. ფეხბურთი ასეთი რამაა. ზოგჯერ რაღაცას აკეთებ და შენს ახლო მეგობრებს არ მოსწონთ. სახლში კენჭისყრაც კი მოვაწყვე და ნაკრებში ჩემს მუშაობს ყველა შეეწინააღმდეგა.
- დიკ ადვოკაატმა რუსეთის ნაკრებში თანაშემწედ მიგიწვიათ...
- ასეთი რამ იყო. ის “რეინჯერსიდან” და “ალკმაარიდან” მიცნობდა. თუმცა, რუსეთ-საქართველოს შორის ომი ახალი დასრულებული იყო და ორი თვის მერე რუსეთის ნაკრებში მიმიწვიეს. დიკს გაუკვირდა და მითხრა: “რას ამბობ? ასეთ სამუშაოზე ყველა ოცნებობს!”. შემდეგ ის სარსანიას ესაუბრა, რომელმაც განუმარტა, რომ თუ დავთანხმდებოდი, საქართველოში ამას ვერ გაიგებდნენ. გუნდში მუშაობა პრობლემა არაა, მაგრამ ნაკრები... იქ ხომ ჰიმნია, დროშაა. რუსეთის ნაკრებს არ ვგულშემატკივრობ. ისე არაა, რომ ვინმე მეჯავრება, უბრალოდ არ შემიძლია.
- ნაწყენი ხართ?
- ძნელია ამ ყველაფერის ყურება. რუსეთში ბევრი მეგობარი მყავს. თუმცა, სადღაც ზემოთ ადამიანები სხედან, რომლებიც ყველაფერს 100 წლით ადრე ხედავენ. ეს უმაღლესი ლიგაა, რომლის მოთამაშეები გლობალურ სიტუაციას მყისიერად ცვლიან. სამწუხაროდ ასეა. ჩვენ არავისთვის არაფერი გვითხოვია. საქართველოსა და რუსეთს შორის ტრაქტატი 1783 წელს დაიდო. მანამდე რუსეთი არაფრით გვეხმარებოდა. თუმცა, მე-18 საუკუნემდე ხომ მივაღწიეთ. ქრისტიანები 325 წელს გავხდით, ბიბლია ქართულად დავწერეთ. საბჭოთა კავშირი რა ჩვენ დავანგრიეთ? რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი დამოუკიდებლები გახდნენ. საბჭოთა კავშირში კარგი არაფერი იყო. ფიზიკოს-ქიმიკოსები იარაღს აკეთებდნენ, დანარჩენები... რეჟიმი რეჟიმია და თავისუფლად ვერ იცხოვრებ. ვის არ უნდა, რომ ყველაფერი ღია იყოს? შემდეგ აფხაზეთი და ოსეთი – ეს ჩვენთვის როგორც ერთი და მეორე ხელია.
ოსეთი საერთოდ უძველესი ქართული მიწაა. ეს ჩვენი ტკივილია. როდესაც იქ 200000 ქართველი აღარ დარჩა, გვითხრეს რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩვენ იქ არ უნდა ვიყოთ. ე.ი. ერთი ხელი წამართვი და მეუბნები: “მოდი ვიმეგობროთ”. მე კი გპასუხობ: “შვილი დამიბრუნე და მოსალაპარაკებლად მერე დავსხდეთ”. რუსეთის “პირველმა არხმა” გამოაცხადა, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო. ასეთი რამ შესაძლებელია?
გაგრაში და ბიჭვინთაში ჩასვლაზე ვოცნებობ, მაგრამ არ შემიძლია. თუმცა, ახრიკ ცვეიბასთან ურთიერთობა მაქვს და სოხუმელი ბიჭები ჩემთან სტუმრობენ. ქართველებს კარგი თვისება გვაქვს: შეგვიძლია გავბრაზდეთ, ვიყვიროთ, მაგრამ სიძულვილი არ შეგვიძლია. პირიქით, ყველა ნანობს, რომ მსგავსი რამ მოხდა. როდესაც მსგავსი რამ ხდება, მართალი არავინაა. შესაძლოა, ოდესმე ყველაფერი 100-ჯერ უკეთესად იქნება, ვიდრე ახლაა. თუმცა, ჯერჯერობით ტკივილია, რომელსაც თავად ვგრძნობ.
- კახა კალაძის მსგავსად პოლიტიკაში წასვლა შეგეძლოთ?
- ჩვენ ყველა ცოტა პოლიტიკოსები ვართ – ისინი ვინც ბოლო 20 წელია საქართველოში ვცხოვრობთ. პოლიტიკა რთული არაა. ხალხთან ურთიერთობა უნდა იცოდე. ჩვენ ვიცით. ჩვენ პოლიტიკისგან არაფერი გვინდა. მხოლოდ შეგვიძლია ვინმეს სუფთა ხელებით დავეხმაროთ. რაღაც საკითხების გადაწყვეტა ჩვენთვის უფრო ადვილია.
- ვიდრე პრეზიდენტი გახდებოდა, ჰოლანდიაში მიხეილ სააკაშვილი თქვენთან სტუმრობდა. მას ფეხბურთი აინტერესებს?
- მიშა საქართველოს გულშემატკივარია. ის ფიგურულ სრიალზეც წავა თუ ელენე გედევანიშვილი გამოდის. იუსტიციის მინისტრი რომ იყო, ჩემთან მაშინ ჩამოვიდა. შემდეგ, პრეზიდენტი რომ გახდა ერთმანეთს კიდევ შევხვდით. მის ოჯახს ახლოს ვიცნობ. სააკაშვილს ბევრი რამის გაკეთება უნდოდა და დროს არ ელოდებოდა. თუმცა, დრო ყველას ამარცხებს. მასთან შანსი არ გაქვს.
- გიორგი დემეტრაძე ციხეში რომ ჩასვეს, მის დახმარებას შეეცადეთ?
- ყველა საშუალებით: პირადი მიმართვებით, სატელეფონო ზარებით, თხოვნებით. ჩვენ დახმარებას დაგვპირდნენ, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ის მას მერე გამოუშვეს, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა. უდანაშაულო იყო და უბრალოდ, ამ გაუგებრობაში მოხვდა. ამის გაგება არავის სურდა და საჩვენებელი პროცესი მოუწყვეს. ჩვენ ვცდილობდით, რომ “დემე” უფრო ცუდ სიტუაციაში არ აღმოჩენილიყო.
- თავად როდესმე კრიმინალს “შეჯახებიხართ”?
- არასოდეს. ჩვენ ყველას ნაცვლად ეს “ფიალა” კალაძემ “შესვა”, რომელსაც ძმა მოსტაცეს.