ფეხბურთი

20:56 | 31.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მალტა ადვილად დაამარცხა

ევროპის 2027 წლის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მეორე გამარჯვება მოიპოვა და ისევ მალტა დაამარცხა.

რამაზ სვანაძის გუნდს ეს შესარჩევი ჩაუვარდა, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ აქვს და შვიდ ტურში მხოლოდ მალტასთან მოახერხა მოგება, რომელიც უიმედოდ ბოლო ადგილზეა და ერთადერთი გოლი აქვს გატანილი, ისიც, საქართველოსთან.

სწორედ მალტელთა გოლით დაიწყო ქუთაისში მატჩი: მეორე წუთზე მატიას ელულმა შორი დისტანციიდან ზუსტად დაარტყა და სტუმრები დაწინაურდნენ. თუმცა, საქართველომ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა მატჩის ბედი.

მეცხრე წუთზე ანგარიში ლუკა წულუკიძემ თავური დარტყმით გაათანაბრა. მალევე, გაბრიელ სიგუამ გაიტანა, ასევე თავური დარტყმით, როცა ალექსანდრე ნარიმანიძის შორეული დარტყმის მერე ბურთი ხარიხას მოხვდა და სიგუამ დამატებაზე ცარიელ კარში შეაგდო - 2:1. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ნარიმანიძემ დაახლოებით იმავე წერტილიდან კიდევ დაარტყა და ამჯერად ხელი ვერაფერმა შეუშალა - დიდებული გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში მალტამ შეუტია, ჰქონდა შანსი, მაგრამ ჯერ ნარიმანიძემ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი, მერე რამაზ სვანაძის გუნდი ძელმა იხსნა. 78-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა მეოთხე გოლი გაიტანეს - სიგუამ დუბლი შეასრულა და 4:1.

F ჯგუფში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 სექტემბერს, საბერძნეთის ახალგაზრდულ ნაკრებს შინ დაუპირისპირდება.

საქართველო - მალტა 4:1 (3:1)

ქუთაისი, „რამაზ შენგელია“

საქართველო (4-2-3-1): ბერუაშვილი; ცეცხლაძე, ამისულაშვილი, ნარიმანიძე (გიუნაშვილი 68), ხარებაშვილი; ჯაფარიძე (დეისაძე 46), დადიანი; პარკაძე (ბართიშვილი 59), იეგოიანი, წულუკიძე (ჩიქოვანი 59); სიგუა

მწვრთნელი: რამაზ სვანაძე

გოლები: 0:1 ელული (2), 1:1 წულუკიძე (9), 2:1 სიგუა (21), 3:1 ნარიმანიძე (42), 4:1 სიგუა (78)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.204771