ფეხბურთი

16:52 | 20.03.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "1%-იანი შანსიც რომ იყოს, არ უნდა დავნებდეთ"

„უოტფორდის“ მცველმა საბა გოგლიჩიძემ კლუბის ვებგვერდთან ისაუბრა. როგორც ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდში იჯარითაა, უყვარს ეს კლუბი და მისთვის ბოლომდე იხარჯება.

გოგლიჩიძემ გამოარჩია „უოტფორდის“ ფანები და თქვა, რომ ისინი გუნდს დიდ ენერგიას გადასცემენ:

„ჩემპიონშიფში ბევრი თამაშია, მაგრამ გუნდი დამეხმარა. ჩვენი გულშემატკივრებიც დიდ ენერგიას მაძლევენ. მატჩებს ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში გულშემატკივრებთან ერთად ვთამაშობ, მათგან ენერგიას ვიღებ და სწორედ ამიტომ შევძელი ბოლო სამ თამაშში 90 წუთი მეთამაშა. ჩვეულებრივ, ფეხბურთში ხალხი ფიქრობს, რომ იჯარით დამატებულ ფეხბურთელებს გუნდი დიდად არ ადარდებთ. თუმცა, მიყვარს ეს გუნდი და გულშემატკივრები და ვგრძნობ მათ ენერგიას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ისინი სტადიონზე მოდიან და 90 წუთის განმავლობაში ჩვენთან არიან და ამისთვის მადლიერი ვარ. ერთად ყველაფერს შევძლებთ.

ახლა მთავარი მენტალიტეტია. ტაქტიკაზე მეტად. ხარისხის თვალსაზრისით, ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს. „ვრექსემთან“ თამაშში ჩვენი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. თუ ყოველ თამაშში ასე ვითამაშებთ, ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ არასდროს უნდა დავნებდეთ, თუნდაც ერთპროცენტიანი შანსი გვქონდეს, უნდა ვეცადოთ. გვჭირდება ერთნაირი მენტალიტეტი და ერთმანეთის ნდობა. მაღალი ხარისხის მოთამაშეები გვყავს და უნდა დავრჩეთ ერთად, რადგან ერთი ოჯახი ვართ. თუ ერთად ვიქნებით, შეგვიძლია „ლესტერის“ და ყველა სხვა გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება.

როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს, „ლესტერმა“ პრემიერლიგა მოიგო. ჯეიმი ვარდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და სერია A-ში მის წინააღმდეგ ვითამაშე. „ლესტერი“ დიდი გუნდია. სატურნირო ცხრილის ბოლოშია, მაგრამ დიდი სახელის გუნდია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადვილი თამაში იქნება. შესაძლოა, უფრო რთული მატჩი იყოს, ვიდრე „ვრექსემთან“ - თქვა გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში 55 ქულით მეცხრე ადგილზეა, 21 მარტს კი, „ლესტერ სიტის“ უმასპინძლებს, რომელიც გასავარდნ ზონაში, ბოლოსწინა ადგილზეა.

საბა გოგლიჩიძე „უოტფორდში“ იანვარში იჯარით გადავიდა და დღემდე შვიდ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09074