ბათუმის ‘ბათუმმა’ crocobet დიდი 10-ის მე-17 ტურში რუსთავში ‘ხარებს’ 24:8 სძლია და ლიდერობასთან ერთად, „სარბიელის სინიც“ დაიბრუნა, რომელსაც მე-4-მე-5 ტურებში ფლობდა.
მოქმედმა ჩემპიონმა სატურნირო ცხრილში 62 ქულა მოაგროვა და 2-ით გაუსწრო ‘არესს’, რომელიც თავის მხრივ ‘აიასთან’ 5-ქულიან უპირატესობას ფლობს. ‘ხარებმა’ სამმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, 48 ქულით მე-4 ადგილზე რჩება და ბოლო ტურში ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, არც დაქვეითება ემუქრება და ვერც დაწინაურდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსთაველები ფლეი ოფის პირველ ეტაპზე მეხუთე ადგილზე გასულ გუნდს უმასპინძლებენ.
პირველი ტაიმი თანაბარი გამოდგა. მატჩის დებიუტში ‘ბათუმი’ ორჯერ დაჯარიმდა, მეორე ჯერზე პოზიცია დასარტყმელი იყო და სანდრო მარგიანმა ანგარიში გახსნა. განახლდა თუ არა თამაში, ბათუმელებმა მეტოქის 22-ში დერეფნის მოწოდების უფლება მიიღეს, კარგი მოლი ააგორეს და ის ნუკრი ფერსელიძის ლელოთი დასრულდა. რეზი ჯინჭველაშვილის გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა მერე მან 5 წუთის ინტერვალში ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმის შუაში სტუმართა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.
თამაში რომ განახლდა ანარე ტუიტაიმ ცენტრში სისწრაფეში გაჭრა ხაზი და ლელომდე 50 მეტრი ირბინა. მარგიანს გარდასახვის შემდეგ ჯარიმაც გაუფუჭდა და ტაიმი 8:11 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ‘ხარები’ ლელოს გატანასთან ახლოს იყო, მაგრამ ვერ იხეირა, 55-ე წუთზე კი თავის 22-ში შეცდა, ლელოში შესულ ბურთს ტუიტაი აცდა და ჯინჭველაშვილმა ძელებსშუა დამიწებული თავისივე ლელო გარდასახა. გიორგი შარვაშიძის სინბინის შემდეგ ‘ხარებმა’ რიცხობრივი უპრატესობა მოიპოვა, თუმცა სტუმრებმა თავი დაიცვეს.
68-ე წუთზე სინბინით უკვე ლუკა წიკლაური დაისაჯა და რიცხობრივი თანაფარდობა აღდგა. შედეგად, ჯინჭველაშვილმა კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ‘ბათუმმა’ საბოლოოდ სტუმრად 24:8 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ჯინჭველაშვილი გახდა.
RUGBY.GE







