ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო „პორტუსთან“ მატჩში გააძევეს, რადგან მეტოქე გუნდის სამწვრთნელო შტაბთან იკამათა.
როგორც მოურინიომ თქვა, „პორტუს“ მწვრთნელის ასისტენტმა ლუჩო გონსალესმა მას 50-ჯერ უწოდა მოღალატე. სავარაუდოდ, არგენტინელი იმას გულისხმობდა, რომ ჟოზე ახლა „ბენფიკაში“ მუშაობს, მაშინ, როცა „პორტუში“ 20 წლის წინ დიდი ისტორია დაწერა.
„მსაჯმა თქვა, რომ მოედნიდან „პორტუს“ სათადარიგო სკამისკენ ბურთის გადაგდებისთვის გამაძევა, ეს სრული ტყუილია. ხშირად, ბურთს ტრიბუნებისკენ ვაგდებ, რათა იღბლიან გულშემატკივარს შანსი მივცე. ვიცი, რომ ტექნიკურად დიდად კარგი არ ვარ, მაგრამ ეს ტრიბუნებისთვის იყო განკუთვნილი. მეოთხე მსაჯმა მატჩის განმავლობაში საშინლად იმუშავა და გამაძევა.
ლუჩო გონსალესმა 50-ჯერ მიწოდა მოღალატე. მინდა, ამიხსნას, რას ნიშნავს მოღალატე? მე „პორტუში“ წავედი, ყველაფერი გავიღე „პორტუში“, „ჩელსიში“, „ინტერში“, „რეალში“, ვიმოგზაურე მთელ მსოფლიოში და ყოველდღე ჩემი ცხოვრების 24 საათი დავუთმე კლუბებს, სადაც ვიყავი. ამას პროფესიონალიზმი ჰქვია. როდესაც ის „მარსელში“ წავიდა, უღალატა „პორტუს“? მას შეეძლო სხვანაირად შეურაცხყოფა მოეყენებინა, უკეთესად დაფიქრებულიყო. ვფიქრობ, რომ ეს ჩემს პროფესიონალიზმზე თავდასხმაა“, - თქვა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ „ბენფიკა“ – „პორტუს“ მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. პორტუგალიის ჩემპიონატს „პორტუ“ 66 ქულით ლიდერობს, „ბენფიკას“ 59 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.







