„დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა, რომელმაც პირველი ტური გამოტოვა (დინამო ბათუმთან მატჩი უამინდობის გამო გადაიდო), მეორე ტურში სტუმრად „სპაერს“ 2:1 სძლია.
„დინამომ“ პირველ ტაიმში მოიპოვა ორბურთიანი უპირატესობა. ანგარიში მეცხრე წუთზე ნიკოლოს უგრეხელიძემ გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს რუი მონტეირუს გოლი მოჰყვა.
„სპაერს“, რომელმაც პირველ ტურში „ტორპედო“ დაამარცხა, უბრძოლველად არაფერი დაუთმია. 68-ე წუთზე გიგა სამხარაძემ პენალტით შეამცირა სხვაობა და თამაში დაიძაბა, თუმცა დარჩენილ დროში სტუმრებმა უპირატესობა შეინარჩუნეს და მოიგეს.
„დინამო თბილისი“ მომდევნო ტურში „რუსთავს“ შეხვდება, ხოლო „სპაერის“ მეტოქე „გაგრა“ იქნება.
„სპაერი“ – „დინამო თბილისი“ 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 უგრეხელიძე (9), 0:2 რუი მონტეირუ (35), 1:2 სამხარაძე (68, პენ)





