მაიკლ კერიკის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდებული სერია გრძელდება.
„წითელმა ეშმაკებმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვეს, ამჯერად 28-ე ტურში შინ „კრისტალ პალასს“ დაძაბულ ბრძოლაში 2:1 სძლიეს. მატჩის სტარტზე ლონდონელები მაქსიმ ლაკრუას გოლით დაწინაურდნენ და ტაიმი მოიგეს კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში სიტუაცია მთლიანად შეიცვალა.
ლაკრუამ პენალტი აიკიდა, თან წითელი ბარათი მიიღო და სწორედ ეს გამოდგა გარდამტეხი. პენალტით ბრუნო ფერნანდეშმა აღადგინა წონასწორობა, ხოლო შემდეგ ბენჟამინ შეშკომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
„მანჩესტერ იუნაიტედს“ უკვე 51 ქულა აქვს და მესამე ადგილზე აინაცვლა, მომდევნო ტურში „ნიუკასლს“ ესტუმრება. კერიკმა მოახერხა საქმის უმოკლეს დროში შეცვლა და გუნდი დიდებულად აათამაშა.
ისევ დამარცხდა „ტოტენჰემი“, რომელმაც გასვლაზე „ფულჰემთან“ ვერაფერი მოახერხა. პირველივე ტაიმში მასპინძლები ჰარი ვილსონისა და ალექს ივობის გოლებით დაწინაურდნენ, რასაც იგორ ტუდორის გუნდმა რიშარლისონის პრესტიჟის გოლით უპასუხა.
„ტოტენჰემს“ პრემიერლიგაში ბოლო ოთხ თამაშში ქულაც არ მოუპოვებია და 28 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, უკვე ზედიზედ 10 მატჩია. შედეგად, 29 ქულით მე-16 ადგილზე რჩება, გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს.







