რაგბი

19:35 | 24.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - „ავჭალაზე“

2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრას, ბორჯღალოსნები ტრადიციული მეტოქის, რუმინეთის წინააღმდეგ 8 მარტს თბილისში, „ავჭალაზე“ გამართავენ. შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და გამარჯვებულს, ფინალის საგზურთან ერთად, „ანთიმოზ ივერიელის თასი“ გადაეცემა.

საქართველომ ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით დაასრულა და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც ნახევარფინალში მასპინძლობის უფლება მოიპოვა. მარკო ბორტოლამის გუნდმა სამივე მეტოქეს ბონუსით სძლია - შვეიცარიას (54:3) და ნიდერლანდებს (61:12) სტუმრად, ხოლო ესპანეთს „ავჭალაზე“ (42:30).

რუმინეთმა წლევანდელი გათამაშება ცუდად დაიწყო და გერმანიასთან სტუმრად 24:30 დამარცხდა, რითაც მხოლოდ ნუგეშ-ქულას დასჯერდა. მეორე ტურში, გადამწყვეტ მატჩში, რუმინელებმა ბელგიას უმასპინძლეს და 23:6 გაიმარჯვეს, თუმცა აქ მათ მხოლოდ 2 ლელო გაიტანეს და ბონუსი ვერ აიღეს. დასკვნით ტურში „მუხები“ პორტუგალიაში 7:44 დამარცხდნენ, მაგრამ ჯამში მოპოვებული 5 ქულა და ბელგიასთან ურთერთშეხვედრაში მოპოვებული გამარჯვება გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ბელგია პირველ ტურში პორტუგალიასთან 17:47 დამარცხდა და ისევე, როგორც რუმინეთთან, ნუგეშის ქულის აღება ვერ მოახერხა. დასკვნით ტურში მათ გერმანიას 18:3 სძლიეს და 3 უპასუხო ლელოს გატანისთვის ბონუსიც აიღეს, რითაც რუმინეთის მსგავსად ჯამში 5 ქულა მოაგროვეს, მაგრამ მეორე ადგილის დასაკავებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

თავის მხრივ, გერმანელებმა რუმინეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ერთი ქულაც ვერ აიღეს (პორტუგალიასთან 12:68 და ბელგიასთან 3:18), რითაც მეორე ადგილის დაკავების შანსი ხელიდან გაუშვეს.

ამრიგად, ისე, როგორც შარშან, თასის ნახევარფინალში რუმინელებს თბილისში დავუხვდებით. შეგახსენებთ, შარშან ბორჯღალოსნებმა ნახევარფინალში 43:5 გაიმარჯვეს, მერე კი ფინალში ესპანეთს სძლიეს და ჩემპონის ტიტული მე-17-ედ, ზედიზედ მე-8-ედ მოიპოვეს.

წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი ესპანეთში, მადრიდში, 15 მარტს გაიმართება. მეორე ნახევარფნალში პორტუგალია ესპანეთს უმასპინძლებს.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093613