პოლონეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცის ადამ ნავალკას თქმით, გერმანიასთან გამარჯვების შემდეგ, მისი გუნდი შოტლანდიასთან საშინაო მატჩისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად კარგადაა მომზადებული.
“გერმანიასთან გამარჯვებისთვის უდიდესი ძალისხმევა დაგვჭირდა. გასაკვირი არაა, რომ ჩვენი გუნდი შოტლანდიასთან მატჩისთვის ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზადაა. კვირას საღამოს ფეხბურთელებს ვესაუბრე და ყველამ მითხრა, რომ შოტლანდასთან სათამაშოდ მზად არიან. ეს თამაში ჩვენი პროგრესის მაჩვენებელი იქნება.
შოტლანდია თავს კარგად იცავს, სწრაფად უტევს და პასის ძალიან კარგი კულტურა აქვს. თუმცა, კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გერმანიასთან მაღალ დონეზე ვითამაშეთ და კარგი სანახაობა დავდგით. თუ შოტლანდიასთან დადებით შედეგს მივაღწევთ, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ.
სამწუხაროდ ტომაშ იოდლოვეცი დაგვაკლდება. არადა, გვსურდა ნახევარდაცვის ხაზი ისეთივე ყოფილიყო როგორიც გერმანიასთან. ჩვენთვის დიდი დანაკლისია, რომ ტომაში ვერ ითამაშებს”- იუწყება ნავალკას სიტყვებს პოლონური პრესა.