„ტორინოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო ბარონი გაათავისუფლეს. მიზეზი არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.
ბარონი საერთოდ არ ენდობოდა საბა საზონოვს, რომელმაც თქვა, რომ მწვრთნელი მას არც კი ესალმებოდა. იქნებ, მწვრთნელის ცვლილებამ, ქართველი მცველისთვის ტურინულ კლუბში შანსი გააჩინოს.
მით უფრო, რომ „ტორინოს“ ახალი მწვრთნელი, რობერტო დ’ავერსაა, რომელიც საზონოვს იცნობს. გასულ სეზონში სწორედ ის იყო „ემპოლის“ მწვრთნელი, სადაც საბა გოგლიჩიძე და საზონოვიც იყო, მაგრამ საზონოვს მძიმე ტრავმის გამო „ემპოლიში“ ერთხელაც არ უთამაშია.
დ’ავერსას, რომელმაც „ტორინო“ სეზონის ბოლომდე ჩაიბარა, „ვირტუს ლანჩანოში“, „პარმაში“, „სამპდორიაში“, „ლეჩესა“ და „ემპოლიში“ მუშაობის გამოცდილება აქვს.
„ტორინო“ სერია A-ში 27 ქულით მე-15 ადგილზეა, დ’ავერსას დებიუტი კი პირველ მარტს, „ლაციოსთან“ შედგება.







