იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში ბერგამოს „ატალანტამ“ „ნაპოლი“ დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ანტონიო კონტეს გუნდისთვის თამაში კარგად დაიწყო: მე-18 წუთზე სემ ბეუკემამ ანგარიში გახსნა და ნეაპოლელებმა ტაიმი მოიგეს. თუმცა, მეორე ნახევარში რაფაელე პალადინომ შეცვლები განახორციელა, რამაც თამაშიც შეცვალა. თუმცა, მანამდე, 0:1-ზე, "ნაპოლის" გოლი არ ჩაუთვალეს, საკამათო ეპიზოდი იყო, რასაც მატჩის მერე ნეაპოლელთა ხელმძღვანელობის კრიტიკა და პროტესტი მოჰყვა.
„ატალანტა“ უკეთ ათამაშდა, შედეგმაც არ დააყოვნა: 61-ე წუთზე მარიო პაშალიჩმა გაათანაბრა, ხოლო ზუსტად 20 წუთში ლაზარ სამარჯიჩმა მეორე გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:1.
„ნაპოლი“ 50 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ტურში „ვერონას“ ესტუმრება, ხოლო „ატალანტა“ 45 ქულით მეშვიდე საფეხურს იკავებს, მისი მომდევნო მეტოქე „სასუოლო“ იქნება.







