რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘წიქარას’ crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურში ბონუს-ქულით, 41:29 სძლია და „სარბიელის სინის“ შენარჩუნებასთან ერთად, სატურნირო ცხრილში მოწინავე სამეულსაც მიუახლოვდა.
მასპინძლებმა პირველ ტაიმსა და მეორეს დასაწყისში სოლიდური უპრატესობა მოიპოვეს. ‘წიქარას’ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა და 22-ქულიანი ჩამორჩენა 5-მდე შეამცირეს, მაგრამ დასკვნით წუთზე ‘ხარებმა’ მე-7 ლელო (4-ის წილ) გაიტანა და ბონუს-ქულით გაიმარჯვა.
შედეგად, რუსთაველებმა 44 ქულა მოაგროვეს, მე-4 ადგილზე არიან და 5 ქულით ჩამორჩებიან ‘აიას’ და ‘ბათუმს’, რომლებიც ტურის შეხვედრებს 22 თებერვალს გამართავენ. სამაგიეროდ, ისინი უკვე 11 ქულით უსწრებენ მდევარ ‘ლელოს’ და რეგულარული ჩემპიონატის მინიმუმ მე-4 ადგილზე დასრულება თითქმის დაბევებული აქვთ, რაც ფლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობას იძლევა.
30 ქულით მე-7 ადგილზე რჩება ‘წიქარა’, რომელიც ექვსეულში შესასვლელად იბრძვის. მას 3 ქულით უსწრებს ‘ლელო’ და ერთით ‘არმია’, ოღონდ არმიელებს მე-15 ტურში ჯერ არ უთამაშიათ (აიასთან).
„ხარები არენაზე“ ანგარიში სტუმრებმა დებიუტშივე გახსნეს - ძალისმიერი ლელო შალვა ზვიადაურმა შეიტანა, დავით იმნაძემ კი გარდასახა. ‘ხარებმა’ ორ წუთში უპასუხა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტია და ლელო თამაზ ჭამიაშვილმა გაიტანა. 25-ე წუთზე ‘წიქარამ’ სინბინით მათე დარძულიძე დაკარგა და ‘ხარებმა’ რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა.
28-ე წუთზე მაიკელი როკონდინონომ ფეხით გადაკიდებული ბურთი კიდით ხაზთან დაიჭირა, ერთი მბოჭავი ხელის კვრით ჩამოიშორა, მეორეს ოვალი თავზე გადაავლო და ალამთან ლელო გაიტანა. 4 წუთში სანდრო მარგიანის ფეხით გადაკიდებულ ბურთს თავის 22-თან შალვა აფციაური დაეუფლა, ბოლო მცველს გვერდი აუარა და ძელებსშუამდე ირბინა. სანდრო მარგიანმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ტაიმის ბოლოს თბილისელები თავის ნახევარზე გადაცემისას შეცდნენ, ბურთს ფეხი ჭამიაშვილმა წაკრა, მას თავად მიყვა და მეორე ლელო გაიტანა. მარგიანმა გარდასახა - 24:7.
მეორე ტაიმი სტუმრებისთვის ცუდად დაიწყო. მათ ერთი წუთის ინტერვალში სინბინით გიორგი კერვალიშვილი და რატი ქურასბედიანი დაკარგეს, რასაც იქვე შალვა აფციაურის ლელო მოყვა და ‘ხარები’ 22 ქულით დაწინაურდა. მაგრამ 13-კაციანმა ‘წიქარამ’ სწრაფად შეძლო საპასუხო ლელოს გატანა - მათ ჯერ მეტოქის 22-ში მოიპოვეს ბურთი, ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ის ხაზზე გატანეს და ლისალა ნასენგემ მარტივად შეძლო ხაზის გაჭრა, იმნაძემ კი კარის წინიდან გარდასახა.
ავჭალელებმა შეძლეს ინიციატივის დაუფლება და შემადგენლობა რომ შეივსეს, ტაიმის შუაში მორიგი ლელო გაიტანეს - მრავალფაზიანი შეტევა ალამთან ჯიუტასა ნავეს 5 ქულით დასრულდა. 6 წუთში მარცხენა ფრთაზე უკვე ერეკლე მაჭარაშვილი დარჩა მარტო და სანდრო თოდუას პასის შემდეგ მან თავის გუნდის მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო იმნაძემ გარდასახვით სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა.
‘ხარები’ გამოცოცხლდა და დასკვნითი 10 წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა. 72-ე წუთზე რატუ საინივალატის კარგი ოფლოუდის შემდეგ როკონდინონომ ნახტომში ალამთან თავისი მეორე ლელო გაიტანა. ‘წიქარას’ ქონდა კარგი სალელოვე შანსი, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე იმნაძის ჯარიმას დასჯერდა, რითაც სხვაობა 5 ქულამდე დავიდა, თუმცა ბოლო შეტევისას ლუკა კოხიამ რაქიდან დაუცველ მოკლე ფრთაზე შეუტია, მასპინძელთა მე-7 ლელო გაიტანა და საკუთარ გუნდს ბონუსიც მოუპოვა. დავით მოძღვრიშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:29. მატჩის საუკეთესო მოთამაშე შალვა აფციაური გახდა.
RUGBY.GE







