„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ლიგა 1-ის 23- ტურში „მეცთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
როგორც ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, საფრანგეთის ჩემპიონატის მოგება ძნელია და ამის შესახებ ფეხბურთელებს ესაუბრა.
„ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რაც „მონაკოსთან“ მატჩში ვნახე და იმით, თუ როგორ ცდილობდა გუნდი გამარჯვების მოპოვებას 0:2-ის შემდეგ. კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ გაუმკლავდნენ მოთამაშეები ამ სირთულეს. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ჩვენმა გუნდმა დიდი გამძლეობა გამოავლინა იმ პრობლემების წინაშე, რომლებსაც ამ სეზონში და წინა ორ სეზონში წავაწყდით და ეს მნიშვნელოვანია.
„მეცის“ წინააღმდეგ მატჩს ისე მივუდგებით, როგორც ნებისმიერ სხვა მატჩს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან „ლანსზე“ ზეწოლა უნდა მოვახდინოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ. არ მახსოვს ბოლო ადგილზე მყოფი გუნდის წინააღმდეგ არცერთი მატჩი, რომელიც პრობლემების გარეშე ჩატარებოდა. ეს სამი ქულა გვჭირდება.
„ლანსი“ ნამდვილი გუნდია, მათ ბევრი მატჩი მოიგეს და ლიდერობას იმსახურებენ. ჩვენთვის ეს მოტივაციას იძლევა. რამდენიმე მატჩის წინ ფეხბურთელებთან ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად რთულია ჩემპიონატის მოგება. დაახლოებით იმდენივე ქულა გვაქვს, რამდენიც წინა ორ სეზონში, მაგრამ ახლა უფრო რთულია, რადგან ჩვენი კონკურენტები გაუმჯობესდნენ.
დემბელე? არ გვინდა ფეხბურთელებთან დაკავშირებით რისკზე წასვლა, მაგრამ ტრავმები უმაღლესი დონის ფეხბურთის ნაწილია. ამ სეზონსა და ბოლო ორს შორის განსხვავება ტრავმების რაოდენობაა. ეს ხელს გვიშლის როტაციაში და გავლენას ახდენს სათამაშო დროზე, რაც გვაიძულებს, ყველაფერი სხვაგვარად ვმართოთ. ეს სეზონი ძალიან უჩვეულოა, მაგრამ ამას უნდა შევხედოთ.
გასულ სეზონთან შედარება? ძნელია ორი გუნდის ან ორი სეზონის შედარება. თუმცა, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია, რადგან სეზონი თითქმის ვარჯიშის გარეშე დავიწყეთ. ამაში პრობლემას არ ვხედავ, არ ვეძებ საბაბებს ამ მხრივ ან ტრავმების რაოდენობასთან დაკავშირებით. ხარ. თუმცა, უჩვეულოა, რომ როტაცია არ შეგიძლია, რადგან საშუალოდ სამი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს, ამ გუნდმა გამძლეობა გამოავლინა.
ყოველდღე ვფიქრობ ვიტინიას და ზაირ-ემერის დასვენებაზე, მაგრამ არ მაქვს ამის საშუალება, რადგან აუცილებლად უნდა მოვიგოთ მეცთან. ეს არის მეტოქე, რომელთა წინააღმდეგაც ყოველთვის გვქონდა პრობლემები და ვიცით, რომ ხვალაც იქნება პრობლემები. რა თქმა უნდა, მინდა, რომ უორენს და ვიტის დასვენების შესაძლებლობა მივცე“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა, „ლანსს“ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო „მეცის“ წინააღმდეგ 21 თებერვალს ითამაშებს. ამ შეხვედრაში სავრაუდოდ, ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას მიიღებს, რადგან მას ტრავმა არ აქვს და გუნდთან ერთად ემზადება.







